Fernando Alonso gets a Ferrari FF for winning the Malaysian Grand Prix
29 მარტი
ფორმულა ერთის ისეთი ტიტულოვანი გუნდისთვისაც კი, როგორიც „ფერარია“, ყოველ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გუნდს მდევრის როლში ყოფნა უწევს. ფერნანდო ალონსოს მიერ მალაიზიაში მოპოვებული გამარჯვება 217-ეა „ფერარის“ ფ1-ის ისტორიაში. მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისთვის მარანელოელებმა ალონსოს სუპერ ავტომობილი „ფერარი FF“ აჩუქეს.
ამ გამარჯვებით, ალონსომ ჩემპიონატის ლიდერობა იგდო ხელთ. არადა, ორიორ დღით ადრე, მარანელოში ყველა აღიარებდა, რომ სეზონი არაკონკურენტული ავტომობილით დაიწყეს. უკვე იტალიურ პრესაში სასტიკი კრიტიკაც იწყებოდა და მოულოდნელად...
მოკლედ, შინ დაბრუნებულ ალონსოს შეხვედრა თვით „ფერარის“ შეფმა ლუკა კორდერო დი მონტეძემოლომ დაუნიშნა და მათ კარგა ხანს ისაუბრეს. შემდეგ ერთად ივარჯიშეს და გამარჯვების აღსანიშნავად, შტაბ-ბინასთან დროშაც აღმართეს. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ალონსომ მეფური საჩუქარი - ოთხადგილიანი სუპერ ავტომობილი „ფერარი FF“ მიიღო.
ეს V12 ძრავით აღჭურვილი სრულამძრავიანი ავტომობილი, კონტრაქტით გათვალისწინებული საჩუქარია, თუ კომპანიის მიერ მადლიერების გამოხატვა, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ეს მხოლოდ ალონსომ, დი მონტეძემოლომ და ალბათ „ფერარის“ ერთი-ორმა მაღალჩინოსანმა იცის.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც „ფერარიში“ გადავიდა, ალონსომ საჩუქრად უკვე რამდენიმე ავტომობილი მიიღო. მათ შორის, ერთი „458 იტალია“, „მაზერატი გრან ტურიზმო კონვერტაიბლი“, „აბარტ 695 ტრიბუტე ფერარი“ და სპეციალურად გამოშვებული „ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8“.
No comments:
Post a Comment