Akerson: Opel will take time to turn profit
26 აპრილი
„ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ
აკერსონი (ფოტოზე) არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ოპელის“ კრიზისიდან
გამოსაყვანად, გერმანული კომპანიის ზოგიერთი ქარხნის დახურვა გარდაუვალი გახდეს.
ამასთან, „ოპელის“ მომგებიან ბიზნესზე გადასაყვანად გარკვეული დრო იქნება საჭირო.
აკერსონის თქმით, „ოპელის“ კრიზის დასრულება მხოლოდ
მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ამ კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები მაქსიმალურად
იქნება ათვისებული. ამჟამად რიუსელსჰაიმელთა საწარმოები ნაწილობრივაა დატვირთული,
რაც მათი პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. შესაბამისად, ეს კონკურენტუნარიანობაზე
უარყოფითად აისახება.
„სანამ ქარხნების სიმძლავრეები და წარმოების
მოცულობა მოთხოვნას არ გაუთანაბრდება, ჩვენი პოზიცია მყარი ვერ იქნება. თუ
ევროპაში მყარ საექსპორტო პოლიტიკას არ ატარებ, მომგებიანი ვერ იქნები“, - „ავტომოტივ
ნიუს ჩაინასთან“ საუბრისას განაცხადა აკერსონმა. მანვე „ოპელის“ რეფორმის
კონკრეტული ვადების და სპეციფიკური ინფორმაციის განდობისგან თავის შეკავება
ამჯობინა.
„ჯენერალ მოტორსმა“ შარშან ევროპაში თითქმის 750 მილიონი
დოლარი იზარალა. 1999 წლიდან მოყოლებული, ამერიკულმა კომპანიამ ძველ კონტინენტზე
ჯამში 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. არადა, აღნიშნულ პერიოდში, „ოპელის“
გარდაქმნის არაერთი მცდელობა ჰქონდა.
საინტერესო ფაქტი: შარშან, ევროპაში წარმოებულ
ყოველ ავტომობილზე, „ოპელმა“ საშუალოდ 630 დოლარი იზარალა. არადა, ჩრდილოეთ
ამერიკაში წარმოებულ ავტომობილებზე საშუალო მოგებამ 2460 დოლარი შეადგინა.
„ოპელის“ კრიზისი კიდევ უფრო გაძლიერების
საშიშროების წინაშე დგას, რადგან ევროპულ ბაზარზე მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა
სულ უფრო მცირდება. კერძოდ, ევროპაში წელს გაყიდვების 3-5-პროცენტიანი კლებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ ევროპის ბაზარი, 2007 წლიდან მოყოლებული, 14 პროცენტითაა შემცირებული.
ამის გამო, რიგ კომპანიებს ქარხნები სრულად არ აქვთ დატვირთული.
„ოპელმა“ რესტრუქტურიზაცია 2008-2009 წლებში სცადა
და ამ დროს, ანტვერპენის ქარხანა დახურა, სხვა ევროპული ქარხნებიდან კი 8300 თანამშრომელი
დაითხოვა. მაგრამ საქმეს არც ამით ეშველა და სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე,
რომ კომპანიის კიდევ ორ ქარხანას, მათ შორის ბოხუმისას, დახურვა ემუქრება.
2009 წელს, როდესაც „ჯენერალ მოტორსმა“ მცირე ხანი
მართვადი გაკოტრების რეჟიმში იმუშავა, განიხილებოდა „ოპელის“ გაყიდვის
შესაძლებლობა. მაგრამ იმის შიშით, რომ ამ შემთხვევაში, ადგილი ექნებოდა ტექნოლოგიური
სიახლეების გაჟონვას, გენერლებმა ამ ნაბიჯის გადადგმა გადაიფიქრეს.
სამაგიეროდ,
სულ ახლახანს, ფრანგულ „PSA პეჟო-სიტროენთან“ ალიანსი ჩამოაყალიბეს და იმედოვნებენ,
რომ ახალ პარტნიორთან ერთად, თავიანთი ევროპული საქმიანობის გაწონასწორებას
შეძლებენ. გარდა ამისა, თუ ადრე „ოპელი“ მხოლოდ ევროპულ ბაზარზე იყო „ჩაკეტილი“,
მალე ის გლობალური ბრენდი გახდება. პირველ რიგში, მისი პროდუქცია აზიასა და
ლათინურ ამერიკაში გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment