Lewis Hamilton says he has learned the "value of consistency"
7 აპრილი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მან თანმიმდევრულობის დაფასება ისწავლა და სულაც არ ადარდებს ის, რომ ორი მოპოვებული პოულის მიუხედავად, ამ სეზონში ჯერ რბოლა არ მოუგია. „მაკლარენის“ ბრიტანელმა მრბოლმა ამ სეზონის პირველი ორივე რბოლა - ავსტრალიასა და მალაიზიაში პოულ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა ორივე მესამე ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ გასულმა სეზონმა ასწავლა - უმჯობესია, სტაბილურად აგროვოს ქულები, ვიდრე თავგამოდებით, ზედმეტი რისკის ფასად იბრძოლოს გამარჯვებისთვის.
„რა თქმა უნდა, გაწბილებული ვარ იმით, რომ ორი პოულის მიუხედავად, ჯერ რბოლა არ მომიგია. მაგრამ მირჩევნია ვიფიქრო, რომ უბრალოდ, იღბალი არ მქონდა და ასე იმიტომ მოხდა და ადრე თუ გვიან, ის ჩემკენ შემობრუნდება. გასულმა სეზონმა თანმიმდევრულობის ფასი გამაგებინა. აზრი არ აქვს საუკეთესო ადგილისთვის ბრძოლას, თუ ქულების სოლიდურ მარაგს არ შეიქმნი. სხვა თუ არაფერი, 2007 წლის სეზონში, პირველი გამარჯვება მეექვსე რბოლაში მოვიპოვე. თუმცა, მთელი სეზონის განმავლობაში, მის ფინიშამდე, ტიტულისთვის ვიბრძოდი“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს: „არამგონია, ამ სეზონის ლიდერთა ვინაობა უკვე გამოკვეთილი იყოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ეტაპზე, ქულების მარაგის შექმნაზე ვიზრუნებ. წინ ძალიან საინტერესო რბოლები გველის, რომელთა შემდეგაც გავიგებთ, თუ ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის“.
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის დიდ პრიზზეც მთავარი ფავორიტი „მაკლარენი“ იქნება, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ მზადაა, კვლავ მხოლოდ ქულებისთვის იბრძოლოს, თუ შეატყო, რომ გამარჯვება მიუღწეველია:
„ჩემი მიზანი ჩემპიონობაა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მოვიგებდი ყველა რბოლას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყოველ რბოლაში მაქსიმალურად შესაძლებელი ქულები დავაგროვო. პირველმა ორმა რბოლამ დაგვანახა, რომ ჩვენს გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლა შეუძლია. მალაიზიური რბოლა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აგროვო ქულები, თუ ტიტულისთვის ბრძოლა გინდა. ჩემთვის მთავარი სწორედ ეს იყო. რა თქმა უნდა, ჩინეთში მოსაგებად ჩავალ. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ კვლავ მხოლოდ ქულებისთვის ვიბრძოლო, თუ დავინახავ, რომ გამარჯვება შეუძლებელია“.
No comments:
Post a Comment