Thursday, May 24, 2012

„ლოტუსმა“ რაიკონენი რალიზე არ გაუშვა


Lotus Formula 1 team denies Kimi Raikkonen permission to contest Rally Finland
24 მაისი
როგორც ჟურნალი „ავტოსპორტი“ გვატყობინებს, „ლოტუსი“ კიმი რაიკონენს ფინეთის რალიზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემს. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს სურდა, რომ ფორმულა ერთის აგვისტოს პაუზის დროს, საშინაო რალიზე იასპარეზოს, მაგრამ „ლოტუსის“ პოზიცია გასაგებია - ამ გუნდმა შარშან სწორედ რალის გამო დაკარგა თავისი ლიდერი - პოლონელი რობერტ კუბიცა.

თანაც, რაც მთავარია, კიმის არგაშვების იურიდიული საფუძველიც არსებობს - ფინელ პილოტსა და გუნდს შორის არსებული კონტრაქტი, მრბოლს ასეთი „გადახვევების“ უფლებას არ აძლევს. ეს ამბავი, კიმის მონაკოში თავად „ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ შეატყობინა და ისიც უთხრა, რომ კუბიცას შემთხვევის გამო, შენი გაშვება გამორიცხულიაო.
„მე ველაპარაკე კიმის. მისი კონტრაქტი, რალის რბოლებში გამოსვლის უფლებას არ აძლევს. და ასეც რომ არ იყოს, იმის გამო, რაც რობერტს შეემთხვა, მაინც ვერ მივცემდით რალიზე ასპარეზობის უფლებას. ის სრულად აცნობიერებს ყოველივეს. ასე რომ, ეს საქმე დახურულია“, - ამბობს ბუიე.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის წინ, კუბიცამ იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელო რალიზე იასპარეზა და საშინელ კატასტროფაში მოყვა. იქ კი ისეთი ტრავმები მიიღო, ჯერაც სრულად ვერ აღუდგენია მარჯვენა ხელის ფუნქცია და არსებობს იმის რეალური შანსი, რომ ფ1-ს ვეღარ დაუბრუნდეს. არადა, დღეს რომ „ლოტუსში“ ყოფილიყო, ჩემპიონობისთვის აუცილებლად იბრძოლებდა...

No comments:

Post a Comment