Thursday, May 24, 2012

„პეჟო 301“ - ბიუჯეტური სედანი პარიზულ პრემიერამდე გაგვაცნეს


Peugeot's New 301 Budget Compact Saloon Revealed Ahead of Paris Debut
24 მაისი
„პეჟომ“ თავისი ყურადრება განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გადაიტანა და ამ მიმართულებით, უკვე პირველ სერიოზულ ნაბიჯსაც დგამს - მალე დაიწყებს კომპაქტურ სედან 301-ის წარმოებას, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. თუმცა, პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ის ინტერნეტის მეშვეობით გაგვაცნო.

ფრანგული კომპანიის განცხადებით, სედანი 301 იმისთვის შეიქმნა, რომ ის მომხმარებლები დააკმაყოფილოს, რომლებიც უპირატესობას ეკონომიურ ავტომობილებს ანიჭებენ და იმავდროულად, თანამედროვე ავტომობილის შეძენაც სურთ. ისეთის, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში გამოსადეგი იქნება.
სედან 301-ის სიგრძე 4.440 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2.650 მეტრია. ამასთან, თავის კლასში ყველაზე დიდი, 506-ლიტრიანი საბარგულითაც გამოირჩევა. ავტომობილის როგორც გარე, ასევე შიდა დიზაინი, „პეჟოს“ ახალ სტილშია შესრულებული და ამ მხრივ, ის ორ უახლეს მოდელს - საშუალო ზომის სედან 508-ს (რომელიც საქართველოშიც მალე შემოვა) და სუპერ მინი ჰეჩბეკ 208-ს ჰგავს.
ამასთან, ეს „პეჟოს“ გამაში მეორე ავტომობილია, რომელზეც სრულიად ახალ, ბენზინის 1.2-ლიტრიან VTi ძრავს გამოიყენებენ. ამ ძრავის სიმძლავრე 70 ცხენის ძალაა, მის მიერ გამომუშავებულ ძალას კი მექანიკური, ან ავტომატური ტრანსმისია (EGC) გადაამუშავებს.
რაც შეეხება სხვა ძრავებს, ერთია 1.6-ლიტრიანი HDi ტურბო დიზელი, რომელიც 91 ცხენის ძალას იძლევა და ის მექანიკურ კოლოფთანაა დაკავშირებული, მეორეა ბენზინის 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელსაც მექანიკურიც და ავტომატური კოლოფებიც უკავშირდება.
ფრანგული კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 301 ბიუჯეტური ავტომობილია, ის კომფორტისთვის განკუთვნილი ბევრი ელემენტით აღიჭურვება. მაგალითად ისეთით, როგორიცაა ჰაერის კონდიცირების სისტემა, MP3 აუდიო პლეიერი, USB პორტი, საბარგულის შორიდან გაღების სისტემა და პარკირების დამხმარე ელექტრონიკა.
„პეჟო 301-ს“ ფრანგული კომპანიის ვიგოს (ესპანეთი) ქარხანა გამოუშვებს. ამ ავტომობილმა კონკურენცია „შკოდას“ უახლეს „რეპიდს“ და „სეატის“ ასევე უახლეს „ტოლედოს“ უნდა გაუწიოს. პირველად მისი გაყიდვები თურქულ ბაზარზე დაიწყება (ნოემბერში), რის შემდეგაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უკრაინასა და რუსეთში, საბერძნეთში, ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთი ყურის რეგიონში, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც გავა. მოგვიანებით, „პეჟო 301“ საქართველოს ბაზარზეც შემოვა.

No comments:

Post a Comment