Wednesday, May 16, 2012

გრონჰოლმი ბრუნდება


Two-time WRC champion Marcus Gronholm to compete in Global Rallycross events in America
16 მაისი
მარკუს გრონჰოლმი და დევიდ ბინკსი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფინელი მარკუს გრონჰოლმი მოტორ სპორტს უბრუნდება. ოღონდ, არა რალის მსოფლიო ჩემპიონატს. ის რალიქროსის გლობალურ ტურნირზე, ამერიკულ ეტაპებზე იასპარეზებს. ის გუნდ „ბესტ ბაი ტიმს“ შეუერთდება, სადაც მისი პარტნიორი ბრიტანელი დევიდ ბინკსი იქნება. ორივე „ფორდ ფიესტას“ სარბოლი ვერსიით იასპარეზებენ, რომლის ძრავიც 600 ცხენის ძალას ავითარებს.

ახლახანს გრონჰოლმმა, ვინც თავისი 17-წლიანი სპორტული კარიერა 2007 წელს დაასრულა, ეს ავტომობილი ლოს ანჯელესის მახლობლად გამოსცადა და გუნდთან ხელშეკრულება მხოლოდ ამის შემდეგ გააფორმა. 44 ფინელ მრბოლს, რალის მსოფლიო ჩემპიონატებზე 152 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათგან 30 მოიგო.
„მიხარია, რომ სპორტში დაბრუნების საშუალება მეძლევა და სრულფასოვან ჩემპიონატში ვიასპარეზებ. გლობალური რალიქროსი მზარდი პოპულარობით სარგებლობს და შორს არაა ის დრო, როდესაც მისი ბუმი დაიწყება. ეს რბოლები სტადიონზე ტარდება და მაყურებელს კარგი გართობის საშუალებას აძლევს. საინტერესო რეპორტაჟები მზადდება ტელემაყურებლებისთვის. მოკლე, ძალიან დაძაბული რბოლები, რომელთა შედეგებსაც მალე გებულობ და რაც მთავარია, შორეული ნახტომები, რომლებსაც მანქანები ხშირად ასრულებენ. ეს ყველაფერი უცებ გიზიდავს და მასზე დამოკიდებულს გხდის“, - ამბობს გრონჰოლმი.
გლობალ რალიქროსი ექვსეტაპიანია. მას ორი გამორჩეული ფავორიტი ჰყავს „მონსტერ WRT-ს“ ამერიკელი კენ ბლოკისა და გასული სეზონის ჩემპიონ ტანერ ფოუსტის სახით. თუმცა, რალიქროსში გრონჰოლმსაც დიდი გამოცდილება აქვს, რაც მას ამერიკელი „მაგარი ბიჭების“ სერიოზულ კონკურენტად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ ექვსიდან ხუთი ეტაპი ნასქარ-ის, ინდიქარ-ის და X თამაშების ეტაპების თანმდევი რბოლები იქნება, რაც მათ ფართო აუდიტორიით უზრუნველყოფს. სერიის პირველი ეტაპი 26 მაისს გაიმართება შარლოტის ოვალის შიდა პერიმეტრზე. იმავე დღეს, ეს ოვალი ნასქარ-ის ყველაზე პოპულარულ რბოლას - „კოკა კოლას“ 600 მილს მასპინძლობს.

No comments:

Post a Comment