Wednesday, May 16, 2012

„პორშემ“ წინასერიული ჰიბრიდული „918 სპაიდერი“ გვიჩვენა


Porsche Reveals Pre-Production 918 Spyder Plug-in Hybrid Super Car with More than 770HP
16 მაისი
„პორშეს“ ყველაზე რადიკალური სპორტული ავტომობილის, ჰიბრიდული „918 სპაიდერის“ წარმოების დაწყებას საავტომობილო ბაზარი მოუთმენლად ელის. არა იმიტომ, რომ ამ ავტომობილის შეძენას ნებისმიერი მოისურვებს, ვისაც ამის სურვილი ექნება. არამედ იმიტომ, რომ ეს იქნება პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელსაც სერიულად გამოუშვებენ. და აი, გერმანულმა კომპანიამ, ამ ავტომობილის წინასერიული პროტოტიპის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

კონცეპტუალური ვერსიის სახით, „918 სპაიდერი“ პირველად ჟენევის 2010 წლის მოტორ შოუზე ვნახეთ. მისი სერიული წარმოება კი 2013 წელს დაიწყება. გერმანულ კომპანიას ადრე გამოცხადებული აქვს, რომ ეს სუპერ ავტომობილი გერმანიასა და ევროპაში 645 000 ევრო, ამერიკაში კი 845 000 დოლარი ეღირება. თანაც, ამ ფასში არაა გათვალისწინებული დამატებითი ღირებულების და სხვა ტიპის გადასახადები.
„918 სპაიდერი“ პირველ რიგში, თავისი ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა საინტერესო. მასში კომბინირებულია ბაზაში განლაგებული ბენზინის 4.6-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 570 ცხენის ძალაზე მეტს იძლევა და რომეთანაც ორმაგი ქუროთი, 7-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. ეს უკანასკნელი, მაბრუნი მომენტით უკანა ბორბლებს ამარაგებს.
გარდა ამისა, სისტემაში ორი ელექტროძრავიც შედის. ერთი წინა ღერძზე ზის, მეორე კი ტრანსმისიასთანაა ინტეგრირებული. პირველის სიმძლავრე 107 ცხენის ძალაა და ის წინა ბორბლებს ატრიალებს. მეორის სიმძლავრე კი 121 ცხენის ძალას აღწევს. „პორშეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 770 ცხენის ძალაზე მეტია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ „918 სპაიდერმა“ ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.0 წამზე ნაკლებში აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. თუმცა, ეს მონაცემები სერიულ ავტომობილზე ალბათ განსხვავებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მძლავრი ავტომობილი, საწვავის ისეთი ეკონომიური ხარჯითაც გამოირჩევა, როგორიც მიკროლიტრაჟიანი ავტომობილებისთვისაც კი მიუღწეველია. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად, „918 სპაიდერს“ სულ რაღაც, 3.0 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 70 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს. ამასთან, მას მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილებაც შეუძლია. თუმცა ამ შემთხვევაში, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ზე მეტი არ იქნება, სვლის სიშორე მხოლოდ 25 კილომეტრით შემოიფარგლება, რადგან მეტის საშუალებას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ტევადობა არ მისცემს. სამაგიეროდ, მისი სრული დამუხტვა, 2 საათში მოესწრება. დამუხტვა ჩვეულებრივი შტეპსელიდან, სპეციალური მოწყობილობით იქნება შესაძლებელი.
თავისი მომავალი ფლაგმანის წარმოებისას, „პორშე“ უხვად გამოიყენებს კარბონის კომპოზიტს, რომლისგანაც მთავარი მზიდი სისტემა - მონოკოკი დამზადდება. ავტომობილი ადაპტირებადი აეროდინამიკური ელემენტებით და ასევე უკანა ღერძის მართვის ადაპტირებადი სისტემით აღიჭურვება, რომელიც რა თქმა უნდა, საჭის მექანიზმთან იქნება დაკავშირებული.
საინტერესოა, რომ ავტომობილს ხუთი სამუშაო რეჟიმი აქვს, რომელთა დასახელებაც, მათს ხასიათს თავად განმარტავს. ესენია: E-პაუერ, ჰაიბრიდ, სპორტ ჰაიბრიდ, რეის ჰაიბრიდ და ჰოტ ლაპ. ამ უკანასკნელით მუშაობისას, ძალური დანადგარი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ამ რეჟიმშივე იწყებს მოქმედებას უკანა ბორბლების მართვის სისტემაც.
რაც შეეხება გარეგნობას, წინასერიული პროტოტიპი ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელს ჰგავს, თუმცა მათ შორის განსხვავებაც საკმაოდაა. მაგალითად, ამ ფოტოებზე მანქანა დახურულია, ანუ მას მოსახსნელი მყარი სახურავი ექნება, რომელიც მოხსნის შემდგ, წინ არსებულ საბარგულში მოთავსდება. სამაგიეროდ, გამოსაბოლქვმა მილებმა გვერდიდან ძრავის კაპოტში გადაინაცვლეს და თანაც, მათ უზარმაზარი დიამეტრი აქვთ. ასევე შეცვლილია ფარები და ბორბლები, ასევე მანქანის უკანა ნაწილი.
„პორშე“ მხოლოდ 918 ცალი „918 სპაიდერის“ წარმოებას აპირებს. შტუტგარტულ კომპანიას მათზე შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს.

No comments:

Post a Comment