Wednesday, June 6, 2012

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს...


რუსეთი ბელარუსს ჩინური ავტომობილების წარმოებას უკრძალავს
Plans for Lifan car assembly in Belarusian Borisov unveiled

6 ივნისი
ჩინელებს, კერძოდ კი კომპანია „ლიფანს“, ბელარუსში ავტომობილებისწარმოება განუზრახავთ. ამის თაობაზე, ბელარუსის ვიცე პრემიერმა ვლადიმირ სემაშკომ, ჯერ კიდევ ახალ წლამდე განაცხადა. თავად მას, ჩინელთა დაინტერესების შესახებ, მრეწველობის მინისტრმა აცნობა...
მაშინ ჩინელების და ბელარუსების ეს წამოწყება მოლაპარაკებათა დონეზე იყო. გავიდა ნახევარი წელი და ბელარუსში რუსეთის ელჩი ალექსანდრ სურიკოვი შეშფოტებას არ მალავს იმის გამო, რომ მალე შესაძლოა, ამ ქვეყანაში ჩინელებმა ავტომობილების სრულმასშტაბიანი წარმოება გაშალონ. სურიკოვმა თავისი შეშფოთება იმით ახსნა, რომ თურმე არ სურს, მისი ქვეყნის ავტოინდუსტრია დაზარალდეს...
შეშფოთდეს და იყოს... მაგრამ სურიკოვი მარტო შეშფოთებას არ სჯერდება და მუქარასაც ურევს. კერძოდ, ის ამბობს, რომ თუ ბელარუსები ჩინურ ავტოწარმოებას ქვეყანაში შეუშვებს, ეს ბელარუსსა და რუსეთს შორის „სერიოზული განხილვის“ თემა გახდება. ელჩმა ჩინური კომპანიების წარმატებული ბიზნესის მიზეზებზე ისაუბრა, თუმცა არ განუმარტავს, რატომ უნდა გახდეს ბელარუსსა და რუსეთს შორის სერიოზული განხილვის საგანი ის, რომ ბელარუსებს თავიანთ ქვეყანაში ჩინური კომპანიის შეშვება და ამით, სამუშაო ადგილების შექმნა სურთ...
ჩინურ კომპანია „ლიფანს“ გადაწყვეტილი აქვს ავტომობილების ქალაქ ბორისოვში წარმოება. თანაც, ეს არ იქნება ეგრეთწოდებული სახრახნისისმიერი აწყობა - დროთა განმავლობაში, ქარხანა მაკომპლექტებლების დიდ ნაწილს ადგილობრივი მიმწოდებლებისგან მიიღებს. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ საკუთარი ავტოწარმოების განვითარებაზე გაცილებით მოგებიანი იქნება, თუ ამ საქმეს უცხოელი ინვესტორი მიხედავს...
აღსანიშნავია, რომ ამჟამად რუსეთში არცერთ ჩინურ საავტომობილო კომპანიას არ აქვს წარმოება. ჩერკესსკის ქარხანა ლიცენზიით რამდენიმე ჩინურ მოდელს კი აწარმოებს, თუმცა მცირე რაოდენობით. არადა, ერთი პერიოდი, ჩინელები აქტიურად ცდილობდნენ რუსეთში წარმოების დაწყებას. მაგრამ ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, შეუვალ წინააღმდეგობას გადააწყდნენ...
საქმე ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩინურ კომპანიებთან, მხოლოდ საწარმოო აწყობის ხელშეკრულებებს თაკილობს. რუსების არგუმენტი ისაა, რომ ასეთი ხელშეკრულება, ცისქვეშეთელებს მაკომპლექტებლების უბაჟოდ შეტანის უფლებას მისცემს, რაც ასეთ ქარხნებში გამოშვებული ავტომობილების ფასს ძლიერ დასწევს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსულ წარმოებას ის ერთი სუსტი ტოტიც (იაფი ავტომობილების წარმოება) მოეჭრება, რომელიც არსებობის საშუალებას აძლევს...
რაც შეეხება ბელარუსს, ამ ქვეყანას და რუსეთს, საბაჟო კავშირი აქვთ, რაც მათ შორის უბაჟო ვაჭრობის უფლებას იძლევა. და თუ ჩინელები ბელარუსში წარმოების დაწყებას შესძლებენ, ამგვარად რუსულ ბაზარზე უპრობლემოდ შეღწევის საშუალებას მიიღებენ. და რუსეთი ორმაგად წაგებული დარჩება.
მაგრამ რუსები არც თვითონ ჭამენ და ბელარუსებსაც ჭამას უკრძალავენ...

No comments:

Post a Comment