7 ივნისი
უკვე წლები, ათწლეულებიც კია, რაც „ფორდის“ ლუქს
ბრენდ „ლინკოლნს“ ცუდად მისდის საქმე. ყველა პრობლემასთან (მოძველებული ტექნოლოგიები,
მყიდველთა საშუალო ასაკის ზრდა) ერთად, „ლინკოლნს“ არც სტილი უვარგა. პრესტიჟულმა კომპანიამ
ხეირიანი დიზაინის შემუშავებაც კი ვერ შეძლო. და ტექნოლოგიურადაც ჩამორჩა. მაგრამ
„ფორდი“ ამასთან შეგუებას არ აპირებს.
ამერიკულმა კომპანიამ, „ლინკოლნის“ დიზაინის
განყოფილება ჯერ „კადილაკის“ ექსტერიერის დიზაინის ყოფილ შეფ მაქს ვოლფს ჩააბარა.
შემდეგ, ქალაქ დირბორნში 12 000 კვადრატული მეტრი ფართის სტუდია ააშენა, სადაც
კონცეპტუალური სედანი MKZ შეიმუშავეს, რომელიც მალე კონვეიერზეც დადგება. ამ
ავტომობილს ბევრი „ლინკოლნის“ შემობრუნების დასაწყისადაც მიიჩნევს...
მაგრამ ამერიკული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება.
„ლინკოლნი“ ამ ახალ სტუდიაში ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების მოზიდვას
ცდილობს. ამისათვის კი საინტერესო გზა აირჩია - კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში,
სხვადასხვა პროექტებს სპონსორობს. ამას ორმაგი ეფექტი აქვს. ჯერ ერთი, ამ
პროექტებზე მუშაობისას, ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გამოჩნდა, რომელთაგან
საუკეთესოებს, ახალ სტუდიაში მიიწვევენ. მეორეც, ზოგი პროექტი თავისი ორიგინალური
გადაწყვეტებით იქცევს „ლინკოლნის“ ყურადღებას. ერთ-ერთი ასეთი პროექტია MKF,
რომელიც დეტროიტის შემოქმედებითი კვლევის კოლეჯის სტუდენტმა ბრაიან მალჩევსკიმ
შეიმუშავა.
„ლინკოლნმა“ ამ პროექტის ესკიზები და მასშტაბური
მოდელის ფოტოები ინტერნეტით გამოაქვეყნა. მართალია, ვიზუალურ ინფორმაციას ტექსტური
განმარტება არ ახლავს, მაგრამ ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ესაა
ავტომობილი, რომელმაც შესაძლოა, კონკურენცია „მერსედესის“ ოთხკარიან კუპე CLS-ს და
„ბეემვეს“ მე-6 სერიის „გრანდ კუპეს“ გაუწიოს...
No comments:
Post a Comment