Hamilton wins in Canada
10 ივნისი
საოცარია, როდემდე გაგრძელდება ასე... ყოველი ეტაპის
რბოლის რეპორტაჟებში, მთავარი თემა ისაა, რომ თითოეულ რბოლას „თავისი“, „ახალი“
გამარჯვებული ჰყავს. შედეგად - შვიდი ეტაპი, შვიდი გამარჯვებული. და თანაც, ამ
ტრადიციის გაგრძელების პოტენციალი ჯერ ამოწურული არაა - ექვსიდან ორი (დაბრუნებული)
ჩემპიონი - მიხაელ შუმახერი და კიმი რაიკონენი ჯერაც მოგების გარეშე არიან. მათ
გარდა, პელოტონში კიდევ მოიძებნება ორი პილოტი, ვისაც მოგება ხელეწიფება. სერხიო
პერესმა და რომენ როჟანმა მონრეალში დაამტკიცეს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის
ბრძოლის უნარი შესწევთ. ფელიპე მასამ კი აშკარად გამოიღვიძა... სულ 12 გამოდის...
მეტისმეტი ხომ არაა? ალბათ, მაგრამ საეჭვოა, ამათი გამარჯვების საწინააღმდეგო
ვინმეს რამე ჰქონდეს...
ჰამილტონმა მთელი რბოლა შესანიშნავად ჩაატარა და
მიუხედავად იმისა, რომ ორივე პიტ სტოპზე, გუნდმა მეტოქეებივით გამართულად ვერ
იმუშავა, მაინც მოახერხა დაწინაურება. ეს მან ორჯერ შეძლო და ორივე შემთხვევაში,
პელოტონის სათავესკენ გზა ბრძოლით გაიკაფა. ისევე როგორც სადებიუტო, 2007 წლის
სეზონში, ბრიტანელმა ამჯერადაც სეზონის პირველი გამარჯვება მონრეალში მოიპოვა და
რაც მთავარია, ამ მოგებით, პილოტთა კლასიფიკაციას სათავეში მოექცა.
გამარჯვების გზაზე, ჰამილტონმა ორჯერ გაასწრო ფერნანდო
ალონსოს და ერთხელ - სებასტიან ფეტელს. მსოფლიოს ორ ორგზის ჩემპიონს, ერთგზის
ჩემპიონთან ბრძოლაში ხელი არასწორმა ტაქტიკამ შეუშალა. ფეტელმა და ალონსომ ბოქსში
მეორედ შესვლა არ ისურვეს. თუმცა, გერმანელმა რისკიანი ტაქტიკა ბოლომდე ვერ
შეასრულა - ფინიშამდე ხუთიოდ წრით ადრე, მაინც მოუხდა რეზინის შეცვლა. და,
წარმოიდგინეთ, ბოლო წრეზე მაინც დაეწია ალონსოს, რომელსაც საბურავი საერთოდ აღარ
იჭერდა და გაასწრო კიდეც მას.
და სანამ ორი ჩემპიონი საბურავებს ბოლომდე
გამოწურავდა, მათ გროჟანი და პერესი წამოეწივნენ. ფეტელმა თავის ბოქსებს „შეაფარა“,
ალონსომ კი ბოლომდე დარჩენა არჩია და წაგებულიც დარჩა - მას ჯერ ფრანგმა გაუარა,
მერე მექსიკელმა და ბოლოს გერმანელმა.
„რა შესანიშნავი გრძნობაა. აქ მე ჩემი პირველი გამარჯვება მოვიპოვე. ვიცოდი,
რომ ეს რბოლა ძალიან ძნელი იქნებოდა, მაგრამ მე მისი ყოველი წუთი მომწონს და
კარგად მახსენდება. აქ პირველად ხუთი წლის წინ მოვიგე, მაგრამ ამჯერადაც ზუსტად ისეთი
განწყობა მაქვს როგორც მაშინ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე
გამორჩეული რბოლა იყო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც 88 ქულა დაუგროვდა. ახალ
ლიდერს ალონსო ორი ქულით ჩამორჩება, ფეტელი კი - სამით.
ფეტელმა შარშანდელივით ვერ შეძლო პოულის
გამარჯვებად ქცევა, „რედ ბული“ კი ისევ კანადური დიდი პრიზის გარეშე დარჩა. მოქმედმა
ჩემპიონმა კარგი სტარტი აიღო და პირველ პიტ სტოპამდე ლიდერობდა კიდეც, მაგრამ
ბოქსებიდან გამოსულს, წინ ჰამილტონი დახვდა, რომელსაც პიტ სტოპის შემდეგ, ალონსომ
გაასწრო. თუმცა, ბრიტანელმა შეძლო მისი ჩამოტოვება და პელოტონს სათავეში მოექცა.
რბოლის მიწურულს, მეორე პიტ სტოპი რომ დაგვიანებით
შეასრულა, ფეტელმა საგრძნობლად გაზარდა ტემპი და ზედიზედ წრის საუკეთესო დროც
დააფიქსირა. ერთ მომენტში კი, მისი მანქანა მარჯვენა ბორბლებით ჩემპიონთა კედელს
გაეხახუნა, მაგრამ „რედ ბულის“ ჯილამ გზის გაგრძელება შეძლო და ბორბლების (დისკოების
და არა რეზინის) დაზიანების მიუხედავად, ალონსოს მაინც გაასწრო. სიმბოლურია, რომ
შარშანდელი კანადური რბოლის გამარჯვება ფეტელმა ბოლო წრეზე დაკარგა, როცა მას
ჯენსონ ბატონმა გაასწრო. ბატონი ამჯერადაც ჩრდილში აღმოჩნდა - მან რბოლა ქულების
მიღმა დაასრულა.
რაც შეეხება გროჟანს და პერესს. ფრანგს მონრეალის
ტრასა კომპიუტერული თამაშით შეუსწავლია და სანამ მასზე მანქანით გამოვიდოდა, მანამ
განაცხადა, ეს ტრასა ჩემი ფავორიტიაო. ალბათ ამ დროს ყველას გაეცინა. რბოლის შემდეგ
კი გაცინებული გროჟანი დარჩა. მან ამჯერად შეძლო თავისი ჭარბი ტემპერამენტის
გამკლავება და სეზონში მეორე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკზე (ბაჰრეინში მესამე იყო).
აღსანიშნავია, რომ მან რბოლა მეშვიდე პოზიციიდან დაიწყო.
სტარტზე კიდევ უფრო უკან, მე-15 ადგილზე იდგა
პერესი, რომელმაც პირველი პიტ სტოპი ყველაზე გვიან, 42-ე წრეზე შეასრულა და ამით,
ბევრი ადგილი მოიგო. დანარჩენი კი ტექნიკის და სისწრაფის საქმე იყო. მას ორივე
აქვს და ამჯერად, მექსიკური ტემპერამენტიც ადვილად მოთოკა, რამაც სეზონში მეორედ
აიყვანა კვარცხლბეკზე. და თუ მალაიზიაში მეორე საფეხურზე იდგა, მონრეალში მესამე
იკმარა.
„როცა რბოლას მე-15 ადგილიდან იწყებ, იმაზე ფიქრიც
ზედმეტია, რომ კვარცხლბკზე ასვლას შეძლებ. მაგრამ მთელი რბოლა აგრესიული ტაქტიკით
ჩავატარე და რამდენიმე რისკიანი გასწრებაც შევასრულე. კვარცხლბეკზე მეორედ ავედი
და იმედია, ასე გავაგრძელებ“, - განაცხადა პერესმა.
კანადის დიდი პრიზი
მელბურნი. დისტანცია 305.270 კმ (70 წრე, 4.361 კმ)
1. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32:29.586
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) +00:02.513
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 00:05.260
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:07.295
5. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:13.411
6. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:13.842
7. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 00:15.085
8. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 00:15.567
9. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 00:24.432
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 00:25.272
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 00:37.693
12. ნიკო
ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:46.236
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 00:47.052
14. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 01:04.475
15. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1
წრე
16. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1
წრე
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1 წრე
19. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1
წრე
20. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 3
წრე
გ. ტიმო
გლოკი (გერმანია, მარუსია) 14
წრე
გ. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 27
წრე
გ. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 46
წრე
გ. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 48 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:15.752, 70-ე წრე
პილოტების კლასიფიკაცია
1. ლუის
ჰამილტონი - 88 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 86; 3. სებასტიან ფეტელი - 85; 4.
მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)- 79;
5. ნიკო როსბერგი - 67;
6. კიმი რაიკონენი - 55;
7. რომენ გროჟანი - 53; 8. ჯენსონ ბატონი - 45;
9. სერხიო პერესი - 37; 10. პასტორ მალდონადო - 29; 11. კამუი კობაიაში - 21; 12. პოლ
დი რესტა - 21; 13. ბრუნო სენა - 15; 14. ფელიპე მასა - 11; 15. ნიკო ჰულკენბერგი - 7; 16. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 17. დანიელ რიკიარდო - 2; 18. მიხაელ შუმახერი - 2
კონსტრუქტორთა თასი
1.
რედ
ბულ-რენო - 164 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 133; 3. ლოტუს-რენო -
108; 4. ფერარი - 97; 5. მერსედესი - 69; 6. ზაუბერ-ფერარი - 58; 7. უილიამს-რენო
- 44; 8. ფორს ინდია-მერსედესი - 28; 9. ტორო როსო-ფერარი - 6
No comments:
Post a Comment