Saturday, July 28, 2012

„პორშე“ თავისი სამოდელო გამის ცხრამდე გაზრდას აპირებს

Porsche plots eighth and ninth model lines to follow Macan SUV
28 ივლისი
უგზოობის „კაიენის“ წარმოების დაწყება ის ზღვარი იყო, რომლის გადალახვის შემდეგაც, „პორშე“ სულ უფრო თამამად იწყებს ახალ პროექტებს და ყოველი ახალი სიმაღლის აღების შემდეგ, თავის პროგრამას სულ უფრო აფართოებს. ამასთან, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოების პარალელურად, შედარებით მასობრივი მოდელების წარმოებაზეც ზრუნავს. და ყოველი შემდგომი ნაბიჯი, მისთვის უცილობლად წარმტების მომტანი ხდება.

ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასეა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ შტუტგარტელები უკვე მეორე სუპერ ავტომობილის და „პანამერაზე“ მომცრო ზომის სედანის გამოშვებაზე ფიქრობენ. ამგვარად, თუ გავითვალისწინებთ, რომ მალე ისინი ბაზარზე ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ 918-ს და ქროსოვერ „მაკანს“ გამოუშვებენ, ზემოთ ნახსენები ორი ავტომობილისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, მათი სამოდელო გამა ცხრამდე გაიზრდება.
გერმანული გამოცემა „აუტომობილვოხე“ გვატყობინებს, რომ „პორშე“, რომელიც უკვე „ფოლკსვაგენის“ ოჯახის წევრია, „პროჯექტ 960-ის“ წამოწყებას აპირებს. ეს პროექტი კი ორადგილიანი, შუაძრავიანი კუპეს წარმოებას ითვალისწინებს, რომლითაც გერმანული კომპანია კონკურენციას „ფერარის“ გაუწევს. ჩანაფიქრით, V8 წყვილტურბოიანი ძრავი, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაზე მეტი იქნება, ამ ავტომობილის ბაზაში განლაგდება. მეორე ავტომობილი კი სედან „პანამერას“ მომცრო ვერსია იქნება და მას ამ ეტაპზე, „პაიუნის“ სახელით მოიხსენიებენ.
რაც შეეხება „918 სპაიდერს“ და „მაკანს“. პირველის მსოფლიო პრემიერა ერთი წლის შემდგ, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. „პორშეს“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომელშიც 4.6-ლიტრიანი V8 და ელექტროძრავია გაერთიანებული. მათი ჯამური სიმძლავრე 770 ცხენის ძალას მიაღწევს, საწვავის ხარჯი კი 100 კმ-ზე მხოლოდ 3.1 ლიტრი იქნება.
რაც შეეხება „მაკანს“, ეს ავტომობილი ადრე „კაიუნის“ სახელით იყო ცნობილი. ეს სახელი პატარა კაიენს ნიშნავს (კაიენ იუნიორ). ის ბაზარზე 2014 წელს უნდა გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ „მაკანი“ „აუდი Q5-ის“ სახეშეცვლილი ვერსია იქნება.
„პორშე“ ასევე განიხილავდა პატარა როდსტერის (პროჯექტ 551) წარმოების შესაძლებლობას, რომელიც „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალური „ბლიუსპორტის“ ანალოგი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ვოლფსბურგელებმა ჩათვალეს, რომ პატარა როდსტერის წარმოება მოგებიანი საქმე არ იქნება და პროწქტზე უარი თქვეს. შესაბამისად, ასეთი ავტომობილის გამოშვებამ „პორშესთვისაც“ აზრი დაკარგა. მათიას მიულერმა (პორშეს მთავარი აღმასრულებელი) კი ამ ავტომობილზე უარის თქმა ასე ახსნა: „საჭიროა ბაზარზე მომხმარებელთა ახალი თაობის გამჩენა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას აზრი ჰქონდეს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „პორშე“ უკეთეს დროს დაელოდება (ალბათ იმ დროს, როდესაც ფოლკსვაგენი ასეთი ავტომობილის წარმოება მოისურვებს) და მერეღა ჩამოიღებს თაროდან პატარა როდსტერის პროექტს.
„პორშეს“ ექსპანსია 1990-იანების შუაში დაიწყო, როდესაც კომპანიას უმძიმესი კრიზისი ჰქონდა. მაშინ გადაწყდა, რომ მხოლოდ 911-ის წარმოებით თავს დიდხანს ვეღარ შეინახავდნენ და ჯერ „ბოქსტერის“ (1996 წელს), შემდგ კი „კაიენის“ წარმოება დაიწყეს. ამას მოჰყვა „კაიმანი“ და ახლახანს „პანამერა“.
გერმანული კომპანია 2018 წელს 200 000 ავტომობილის წარმოებას გეგმავს. შარშან „პორშემ“ 117 000 ავტომობილი გაჰყიდა, დაახლოებით 18 პროცენტით მეტი, ვიდრე წინა წელს.



ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment