Tuesday, July 24, 2012

„მაკლარენს“ უნგრეთისთვისაც სიახლეები აქვს

McLaren plans further upgrades for the Hungarian Grand Prix
24 ივლისი

„მაკლარენმა“ უნგრული დიდი პრიზისთვის რამდენიმე, ძირითადად აეროდინამიკური სიახლე აქვს მომზადებული და იმედოვნებს, ჰოკენჰაიმის მსგავსად, ბუდაპეშტშიც კონკურენტუნარიანი იქნება. გერმანიაში ინგლისურმა გუნდმა მანქანაზე ახალი სარადიატორე კორპუსები და გამოსაბოლქვი დააყენა, რამაც სასურველი შედეგი მოიტანა.

ჰუნგარორინგი ჰოკენჰაიმრინგისგან სრულიად განსხვავებული ტრასაა და ბუნებრივია, მანქანაზე განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტის დაყენებაა საჭირო. ბრიტანული გუნდის სპორტული დირექტორი სემ მაიკლი ამბობს, რომ „მაკლარენმა“ სიახლეები მარტო უნგრეთისთვის კი არა, ბელგიური და შემდგომი ეტაპებისთვისაც მოამზადა.
„უნგრეთში ახალი ნაწილებით ჩავალთ, ასევე ვემზადებით ბელგიისა და იტალიისთვისაც. სიახლეები გვექნება სინგაპურშიც. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჰოკენჰაიმზე სოლიდური პროგრესი გვქონდა. ეს განსაკუთრებით მშრალ პრაქტიკებზე გამოჩნდა. და თუ შევძლებთ, რომ მანქანამ სველ ტრასაზეც ასევე კარგად იასპარეზოს, მაშინ ვიტყვით, რომ ის სრულყოფილია. კვალიფიკაციაზე რომ არ ეწვიმა, ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნებოდა. და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთში მართლა კონკურენტუნარიანები ვიქნებით“, - ამბობს მაიკლი.
მას ასევე ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გერმანიაში მის გუნდს უსწრაფესი მანქანა ჰქონდა და კვალიფიკაციაზე უკეთესი ადგილის შემთხვევაში, რბოლის მოგებაც შესაძლებელი იყო. კვალიფიკაციის დროს, ტრასა სველი იყო, რის გამოც, ჯენსონ ბატონმა და ლუის ჰამილტონმა საბურავების რიგიანად გახურება ვერ მოახერხეს. და ეს მათს დროებზე აისახა.
„კვალიფიკაციაში უკეთესი შედეგბის შემთხვევაში, რბოლისას ალონსოს დასაწევად ამხელა გარჯა არ მოგვიწევდა. საბურავებს დავზოგავდით და რბოლის ბოლოს, ჩვენი სისწრაფის სასარგებლოდ გამოყენებასაც შევძლებდით. რბოლის დასაწყისში, ბევრი დრო მიხაელ შუმახერისა და ნიკო ჰულკენბერგის გასწრებაზე დაიკარგა. არადა, თავიდანვე ალონსოს და ფეტელის სიახლოვეს რომ ვყოფილიყავით, ბოლოს გამარჯვებისთვის ბრძოლის მეტი შანსი იქნებოდა“, - აგრძელებს მაიკლი და დასძენს, რომ წვიმიან ამინდში რეზინის გახურების პრობლემა ადვილად აღმოსაფხვრელი არაა, თუმცა ბევრი რამ მაინც ტრასის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
მაგალითად, სილვერსტოუნზე რბოლისას, ორივე პილოტმა ვერაფერი მოუხერხა საშუალო წვიმის საბურავებს, ჰოკენჰეიმრინგზე კი ძლიერი წვიმის საბურავებმა ვერ იმუშავა. წინ კიდევ ერთი ისეთი რბოლაა, სადაც წვიმის დიდი ალბათობაა. ეს ბელგიის სპაა. მაგრამ მაიკლი ამბობს, რომ სპაზე, მისი სწრაფი მოსახვევების წყალობით, რეზინის გახურება არ უნდა გაჭირდეს. თუმცა რვოლის დასაწყისში, თუ ტრასა სველი იქნება, საჭირო ტემპერატურამდე მათს მიყვანას დრო დასჭირდება.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment