Wednesday, July 4, 2012

მარია დე ვილოტამ თვალი დაკარგა...

Maria de Villota loses right eye in accident, remains in critical but stable condition
4 ივლისი

ფორმულა ერთის გუნდ „მარუსიას“ ტესტ მრბოლმა, ესპანელმა ქალმა მარია დე ვილოტამ, ახალბედების პროგრამით ჩატარებული პრივატული ტესტების დროს მომხდარი ავარიის შედეგად, მარჯვენა თვალი დაკარგა. ამასთან, ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული და იმავდროულად, სტაბილურია.
გუნდის განცხადებით, კემბრიჯის ადენბრუკის ჰოსპიტალის ქირურგთა ჯგუფმა ხანგრძლივი ქირურგიული პროცედურები ჩაატარა იმისათვის, რომ თავის ქალის და სახის ტრავმებით გამოწვეული სერიოზული პრობლემები აღმოეფხვრათ. ოპერაცია სამშაბათს, დღისით დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ესპანელი მრბოლის მიერ თვალის დაკარგვის შესახებ კი „მარუსიას“ შეფმა ჯონ ბუტმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ექიმებისადმი მადლიერნი ვართ იმ ყურადღების გამო, რაც მათ მარიას მიმართ გამოიჩინეს. ალბათ იგივეს იტყვიან მარიას ნათესავებიც. ნეიროლოგებმა და პლასტიკურმა სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ მიღებული ტრავმების გამო, მარიამ მარჯვენა თვალი დაკარგა. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი მარიაა. მისი ოჯახი ახლა ჰოსპიტალში იმყოფება და ჩვენ მათ ყველანაირად ვეხმარებით“.
„ამასთან, ყველას მოთმინებისკენ მოვუწოდებთ. როცა საშუალება გვექნება, მისი მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ. ამასთან, მისი ოჯახის სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. იმავდროულად, გვინდა ვისარგებლოთ და დაქსფორდის აეროპორტის საგანგებო სიტუაციების სამსახურს მადლობა გადავუხადოთ იმ ოპერატიულობის გამო, რომელიც მათ გამოიჩინეს. რაც შეეხება მომხდარს, ჩვენ მისი საგულდაგულო ანალიზი დავიწყეთ. დაბოლოს, განცვიფრებული ვართ მარიასადმი გამოხატული იმ მხარდაჭერით, რომელსაც ყოველი მხრიდან ვგრძნობთ და გვინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ“.

ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment