Wednesday, July 4, 2012

შუმახერმა გადაწყვეტილება ექვს კვირაში უნდა მიიღოს

Schumacher's F1 future will be sorted out within the next six weeks
4 ივლისი
ფორმულა ერთში მიხაელ შუმახერის მომავალი ექვს კვირაში გაირკვევა. სწორედ მასზეა დამოკიდებული „მერსედესის“ შემდგომი ნაბიჯი საკადრო საკითხში. თუ შუმახერი დარჩება, სამქიმიანებსაც აღარ მოუწევთ ახალი პილოტის ძებნა, თუ წავა, მაშინ მისი შემცვლელი იქნება მოსაყვანი.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კონტრაქტი „მერსედესის“ გუნდთან ამ სეზონის ბოლოს იწურება. მაგრამ მას ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი. FOTA-ს (ფ1-ის გუნდების ასოციაცია) ფანების ფორუმზე გამოსვლისას, გერმანული გუნდის შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ შუმახერის გადაწყვეტილებას საზაფხულო არდადეგების დასრულებამდე ელის.
„ჩვენ გადაწყვეტილებას ამ ზაფხულში მივიღებთ. ჩვენ ჯერ შექმნილ სიტუაციაზე არ გვისაუბრია, ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება. დაბრუნების შემდეგ, მიხაელი საუკეთესო სეზონს ატარებს. საწყენია, როცა იცი, უკეთესი დრო ექნებოდა, რომ არ გარკვეული პრობლემები. ვფიქრობ, ექვს კვირაში ის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის მერე გვეცოდინება, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი სეზონისთვის. მისი გადაწყვეტილების შემდეგ გვეცოდინება, მომავალ სეზონშიც იგივე პილოტები გვეყოლება, თუ ერთის შეცვლა მოგვიწევს“, - ამბობს ბრაუნი.
იმ შემთხვევაში, თუ შუმახერი წასვლას ამჯობინებს, მაშინ „მერსედესმა“ შეიძლება მის ადგილზე ბრიტანელი პოლ დი რესტა მიიწვიოს, რომელიც ამ სეზონში „ფორს ინდიას“ მანქანით ასპარეზობს. ამ გუნდის შეფ ბობ ფერნლის ნათქვამი აქვს, რომ დი რესტას წასვლას ხელს არ შეუშლის, თუ მას უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ექნება.
„ვიჯეი მალიას ადრე ნათქვამი აქვს, რომ მან იცის, ამ ეტაპზე, ჩვენ ტიტულის მომგები გუნდი არ ვართ. ამასთან ვიცით, რომ პოლის და ნიკოს (ჰულკენბერგის) სახით, ორი შესანიშნავი პილოტი გვყავს. თუ რომელიმეს ტოპ ოთხეულში შემავალ გუნდში გადასვლის შანსი მიეცემა, გზაზე არ გადავუდგებით და ვეცდებით, ამისგან კომერციული ხეირი მივიღოთ“, - ამბობს ფერნლი.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment