Wednesday, July 4, 2012

ჰორნერი: ფეტელი „ფერარიში“ არ მიდის

Red Bull boss says Sebastian Vettel isn't going to Ferrari
4 ივლისი
"რედ ბულის" დიდი სამეული (მარცხნიდან): ნიუი,
ჰორნერი და ფეტელი
სებასტიან ფეტელმა დაარწმუნა „რედ ბულ რეისინგი“ იმაში, რომ ის „ფერარისთან“ მოლაპარაკებას არ აწარმოებს - სააგენტო როიტერსთან საუბრისას განაცხადა ავსტრიული გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „რედ ბულში“ უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ამას მათ შორის არსებული ახლანდელი კონტრაქტი ავალდებულებს.
ახლახანს, ავტოსპორტულ მედიაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფეტელი 2014 წლის სეზონიდან, „ფერარის“ შეუერთდება. ეს ინფორმაცია გაამყარა იტალიური გუნდის შეფ სტეფანო დომენიკალის სიტყვებმა - ფეტელი და ფერნანდო ალონსო ერთმანეთს ერთ გუნდში კარგად შეეწყობიანო. მაგრამ ჰორნერმა ეს ხმები უარყო.
„ამ საკითხზე სებასტიანს ვესაუბრე და მან დამარწმუნა, რომ არანაირი ურთიერთობა „ფერარისთან“ არ ჰქონია და მათთან არც რამე ხელშეკრულებისთვის მოუწერია ხელი. მაგრამ ჭორების წისქვილის ტრიალი ალბათ მაინც გაგრძელდება. ამ ჭორებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გუნდის უმეტესობა „ფერარიში“ გადასვლას აპირებს. თუ ამ ჭორებს დავუჯერებთ, ედრიანი (ნიუი), მარკი (უებერი), ახლა სებასტიანი და მგონი მეც, „ფერარიში“ გადასვლას ვაპირებდით“, - ამბობს ჰორნერი.
ის დასძენს, რომ ვერ წარმოუდგენია მიზეზი, რომლის გამოც, ფეტელი „რედ ბულის“ დატოვებას ისურვებს: „ის ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობს. გუნდიც მასთან კომფორტულადაა. უკვე 12 წელია, რაც ის „რედ ბულთანაა“ და ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე წელი ჩვენთან დარჩება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, 2014 წლის შემდგაც ჩვენთან დარჩება“.
ის ფიქრობს, რომ „ფერარი“ გერმანელ პილოტში განსაკუთრებულ ემოციურ მიზიდულობას არ იწვევს და ამიტომ, მას ამ გუნდის მანქანით რბოლის დიდი ამბიცია არ გააჩნია. იმავდროულად, ყველაფერს „რედ ბულში“ მიაღწია და ახლაც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ამ გუნდთან ერთად, უფრო მეტი შეძლოს.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment