19 აგვისტო
„ფიატის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი სერჯო
მარკიონე დიდი მონდომებით ცდილობს „ალფა რომეოს“ გამოცოცხლებას და ამ საქმეში,
ერთ-ერთი მთავარი ეოლი, სედან 159-ის შემცვლელს მიეკუთვნება, ავტომობილს, რომელიც
ამ ეტაპზე, „ჯულიას“ სახელითაა ცნობილი.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, ბევრი დრო აღარ დარჩა ამ ავტომობილის დიზაინისა და კონსტრუქციის
საბოლოდ დამტკიცებამდე, მისი მსოფლიო პრემიერა კი 2014 წელს არის მოსალოდნელი.
მარკიონე ამ ავტომობილზე დიდი იმედებს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ახალი „ჯულია“
კონკურენციას თვისთ „ბეემვეს“ მე-3 სერიასაც კი გაუწევს.
როდესაც მილანურმა კომპანიამ 2005 წელს ბაზარზე „ალფა
159“ წარადგინა, იმედი ჰქონდა, რომ ის კონკურენციას „ბეემვეს“ და „მერსედესის“ შესაბამის
სედანებს გაუწევდა. მაგრამ დრო გავიდა და ასე არ მოხდა. „ალფამ“ ამ ავტომობილის
ჯეროვანი გადახალისებაც კი ვერ შეძლო და ცუდი გაყიდვების გამო, 2011 წელს მისი
წარმოება შეწყვიტა (ახალი ალფა 159-ის შეძენა ჯერაც შესაძლებელია - ყველა
გამოშვებული ავტომობილის გაყიდვა ჯერაც ვერ მოხერხდა).
მაგრამ შემდეგ „ფიატი“ და „კრაისლერი“ გაერთიანდნენ
და ამერიკული კომპანიის დახმარებით, მილანელებს ახალი იმედი გაუჩნდათ. ისინი
159-ის ახალი ვერსიის წარმოებას და მის ჩინეთში, ამერიკასა და ევროპაში გაყიდვას აპირებენ.
ახალი ავტომობილის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ახლავე შეიძლება
იმის თქმა, რომ კონცეპტუალურ 4C-სთან ერთად, ის ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელსაც
„ალფა“ ამერიკის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ოკეანის გაღმა გასაყიდად გაიტანს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, „ჯულია“ „დოჯ
დარტის“ მოდერნიზებულ პლატფორმაზე (რომელიც თავის მხრივ, უფრო პატარა „ჯულიეტას“
გადაკეთებული პლატფორმაა) აიგება. მას უფრო გრძელი ბაზა და დამოუკიდებელი უკანა საკიდარი
ექნება. აქედან გამომდინარე, „ჯულია“ წინაამძრავიანი ავტომობილი იქნება და
შესაძლოა, მყიდველს მისი სრულამძრავიანი ვერსიაც შესთავაზონ. სპეციალისტები
დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიისთვის, რომელმაც თავის დროზე, უკანაამძრავიანი
ავტომობილებით გაითქვა სახელი და ბავარიულ და შტუტგარტულ კომპანიებთან აპირებს
კონკურენციას, რომლებიც ასევე უკანაამძრავიანი სედანებით ხიბლავენ მყიდველს, ეს მოგებიანი
გადაწყვეტილება არაა.
ახალი „ჯულიას“ ძრავების გამაში შევა როგორც
ბენზინზე, ასევე დიზელზე მომუშავე აგრეგატები. ბენზინის ძრავებში შევა 1.4-ლიტრიანი
„მულტიეარი“ (120 ცხ.ძ), ასევე 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი და „კრაისლერის“ სერია „პენტასტარის“
V6-ის „მულტიეარ“ ვერსია. „ავტოქარის“ ვარაუდით, ამ უკანასკნელს ევროპელ მყიდველს
ალბათ არ შესთავაზებენ. დიზელის ძრავების გამაში, „ფიატის“ ტურბოდიზელები შევა და
ასეთი აგრეგატებით აღჭურვილ ავტომობილებს, მეტწილად ევროპელებს შესთავაზებენ.
ბრიტანული
ჟურნალი ასევე იუწყება, რომ „ფიატის“ ხელმძღვანელობა, „ჯულიას“ ამერიკაში
წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში,
მას „კრაისლერის“ ბელვიდერის (შტატი ილინოისი) ქარხანაში გამოუშვებენ. გარდა
ამისა, „ჯულიას“ აუცილებლად გამოუშვებენ ჩინეთშიც, თუმცა სად და რომელ პარტნიორთან
ერთად, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment