19 აგვისტო
2005 წელს, „ჯიპმა“ დეტროიტის ჩრდილოამერიკულ
საერთაშორისო მოტორ შოუზე, უგზოობის „ვრანგლერზე“ ბაზირებული პიკაპი „გლადიატორი“
წარადგინა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მაგრამ სამწუხაროდ, იმ დროს „კრაისლერი“
ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, რის გამოც, კონცეპცია ვერ განახორციელა.
მაგრამ დრო გავიდა, სახელმწიფოს დახმარებით,
კრიზისი დაძლეულია და ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელებმაც თაროზე შემოდებული პროექტი
გაიხსენეს. გამოცემა „ქარ ედვაისის“ ინფორმაციით, „კრაისლერი“ ამჟამად სწორედ „გლადიატორის“
წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს.
„ჯიპის“ პრეზიდენტმა მაიკ მენლიმ გამოცემას განუცხადა,
რომ პროექტს მწვანე შუქს მალე აუნთებენ. მისივე თქმით, „გლადიატორს“ ახალი „ვრანგლერის“
პლატფორმაზე ააგებენ. ამერიკულმა კომპანიამ შეგნებულად თქვა უარი ახლანდელი „ვრანგლერის“
პლატფორმის გამოყენებაზე, რადგან მასზე ორ და ოთხკარიანი ძარების დადგმისას, რამდენიმე
პრობლემა წამოიჭრა.
სხვათა შორის, „კრაისლერის“ შვილობილმა კომპანია „მოპარმა“,
„ვრანგლერის“ ბაზაზე დამოუკიდებლად დაამზადა პიკაპი, მაგრამ საქმე სერიულ
წარმოებამდე ვერ მიიყვანა და მხოლოდ რამდენიმე შეკვეთა დააკმაყოფილა. არადა,
მოთხოვნა არსებობდა.
წყარო აცხადებს, რომ თუ პიკაპის წარმოება გადაწყდა,
მას 2015 წელს გამოუშვებენ. მენლი ამბობს, რომ თავად უპირატესობას ორკარიან პიკაპს
ანიჭებს, რადგან ასეთ ავტომობილს, უგზოობის უკეთესი შესაძლებლობანი ექნება. თანაც,
ასეთი ძარით გამოშვების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება „ვრანგლერის“ იდენტობის
შენარჩუნება, რასაც „ჯიპისთვის“ დიდი მნიშვნელობა აქვს.
საინტერესოა, რომ „ჯიპი“ დიდი ხანია უშვებს პიკაპ
კომპლექტ JK-8-ს, რომელიც „ვრანგლერის“ პიკაპად გადაკეთების საშუალებას იძლევა.
ასეთი პაკეტის ღირებულება 5499 დოლარია.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment