19 აგვისტო
„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი აღიარებს,
რომ ამინდმა გარკვეული როლი ითამაშა მისი გუნდის და ფერნანდო ალონსოს ლიდერობაში.
ფაქტია, რომ სეზონის დაწყების შემდეგ, იტალიურ გუნდს სერიოზული პროგრესი აქვს,
რამაც ალონსოს სამი გამარჯვების მოპოვებაში შეუწყო ხელი. თუმცა ფრაი თვლის, რომ
მანქანა ჯერაც შორსაა სრულყოფილებისგან და დახვეწას საჭიროებს.
სამიდან ორი გამარჯვება ისეთ ეტაპებზეა მოპოვებული,
რომელთა რბოლა (მალაიზია), ან კვალიფიკაცია (გერმანია) წვიმაში ჩატარდა. თუმცა,
ევროპის დიდი პრიზი ალონსომ სრულიად მშრალ რბოლაში მოიგო. ფრაის თქმით, „ფერარის“
შესაძლებლობანი ყველაზე უკეთ უნგრეთში აისახა, სადაც კვალიფიკაციაშიც და რბოლაშიც
ალონსომ მეხუთე ადგილი დაიკავა.
„რა თქმა უნდა, მალაიზიაში წვიმა რომ არ მოსულიყო, სულ
სხვა შედეგი გვექნებოდა. არა მგონია, უნდა დავმალოთ ის ფაქტი, რომ ამინდმა წარმატებებში
ხელი შეგვიწყო. ვფიქრობ, თუ არა, რომ კვალიფიკაციაში მშრალ გზაზე უსწრაფესები
ვართ? ასე არ ვფიქრობ! მაგრამ ბოლო ორ სველ კვალიფიკაციაში (სილვერსტოუნზე და
ჰოკენჰაიმზე ალონსომ პოულები მოიპოვა) საუკეთესოები ვიყავით“, - ბრიტანულ გამოცემა
„ავტოსპორტთან“ საუბრისას ამბობს ფრაი.
ის თვლის, რომ მართალია, სეზონის დაწყებიდან,
მანქანამ წრის გავლის საშუალო დრო დაახლოებით 1.5 წამით შეამცირა, მაგრამ მშრალ
ამინდებში მეტოქეებს მაინც რამდენიმე მეათედ წამით მაინც ჩამორჩება. ფრაი ამბობს,
რომ ბელგიური ეტაპისთვის მანქანა რამდენიმე სიახლეს მიღებს, თუმცა გუნდს ასევე
ამინდის დახმარების იმედი ექნება.
„მუშაობა
უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიმართლა ამინდის გამო, მაგრამ ამით
სარგებლობა ხომ სხვებსაც შეეძლოთ? ესე იგი, ამის საფუძველი გვქონდა“, - დასძენს ფრაი.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment