Sunday, August 19, 2012

ლეგენდარული „ფორდ GT40“ 11 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ford GT40 fetches $11 million, sets auction record for a U.S. car
19 აგვისტო

1968 წელს გამოშვებული „ფორდ GT40“ 11 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ამერიკული ავტომობილების რეკორდული ფასი ნებისმიერ აუქციონზე. ავტომობილი, რომელიც ლეგენდარულ მსახიობ სტივ მაკქვინის სახელთანაა დაკავშირებული და რომელსაც სპას 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული, მონტერეიში (კალიფორნია), „RM ოქშენზის“ მიერ ორგანიზებული აუქციონის პირველ დღეს გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე, რომელშიც სხვა კომპანიებიც მონაწილეობენ (მათ შორის, ბონჰემსი და გუდინგი), სულ 120 ძვირფასი ავტომობილია წარმოდგენილი.

 სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მასში 8 მილიონ დოლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ ფასი ამ ზღვარს მალე გასცდა. ბოლოს ვაჭრობას ორი კოლექციონერი შემორჩა. ამ დროს, ავტომობილის ფასი 9 მილიონამდე იყო ასული. რა თქმა უნდა, აუქციონის გამარჯვებულმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
აღსანიშნავია, რომ „ფორდმა“ GT40 მას შემდეგ შექმნა, რაც 1963 წელს „ფერარის“ შეძენის მცდელობა ჩაუფლავდა. ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გამძლეობაზე რბოლებში მონაწილეობისთვის თავად შეექმნა სუპერ ავტომობილი, რომლითაც იტალიურ მანქანებსაც დაამარცხებდა. GT40 სწორედ ის პროდუქტი აღმოჩნდა, რომლითაც ცისფერმა ოვალმა ბრაზი გაიქარწყლა - მისი დახმარებით, ლე მანის 24-საათიანი რბოლა 1966-1969 წლებში, ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.
ავტომობილი, რომელიც რეკორდულ ფასში გაიყიდა (შასის ნომერი P/1074), სტივ მაკქვინის სახელთანაა დაკავშირებული. თუმცა მანამ, სანამ მასთან ერთად, ცნობილ ფილმ „ლე მანში“ 1971 წელს გადაიღებდნენ, მას ლე მანის და დაიტონას საცდელ პრაქტიკებზე, ლეგენდარული ჯეკი იქსი (ლე მანის ექვსგზის გამარჯვებული) მართავდა.
აუქციონის პირველ დღეს გამოტანილი 60 მანქანიდან, 55 ცალი გაიყიდა, რომლებშიც სულ 46 მილიონი დოლარი გადაიხადს. GT40-ის შემდეგ, ყველაზე მეტი თანხა, 8.25 მილიონი დოლარი, „ფერარი 410 S ბერლინეტაში“ გადაიხადეს. აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს იტალიური კომპანიის აღნიშნულ მოდელში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.



ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment