Sunday, August 19, 2012

მალდონადო მომავალ სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებს


Maldonado eyes 2013 title with Williams
19 აგვისტო
პასტორ მალდონადო ამბობს, რომ „უილიამსში“ მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, გუნდში, რომლის მანქანითაც, გასულ სეზონში, ფ1-ში მისი დებიუტი შედგა. მალდონადოს, ვინც ფ1-ში მოსვლამდე, სერია გრანპრი2-ის ჩემპიონი გახდა, ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის (PDVSA) სახით. „უილიამსში“ მისი მოსვლაც სწორედ PDVSA-ს დამსახურებაა. თუმცა სხვა პაი-პილოტებისგან განსხვავებით, მალდონადო შესანიშნავი პილოტია და ამ სეზონში, ესპანეთის დიდი პრიზიც კი მოიგო.

მალდონადო შესანიშნავი პილოტია, მაგრამ მეტისმეტად აგრესიული სტილითაც გამოირჩევა და შეცდომებსაც ხშირად უშვებს, რითაც მეტოქეებიც ზარალდებიან. შესაბამისად, ვენესუელელ პილოტს ჯარიმებითაც ხშირად სჯიან. მაგრამ ამის მიუხედავად, „უილიამსისგან“ მაინც სრული მხარდაჭერა აქვს.
„ძალიან მინდა, აქ მინიმუმ კიდევ ერთი წლით დავრჩე. და სანამ „უილიამსიდან“ წავალ, მინდა, რომ მათთან ერთად, ჩემპიონატი მოვიგო. ფ1-ში წინასწარ ვერაფერს იტყვი, რადგან აქ ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ამ ეტაპზე მთავარია, ახალი კონტრაქტი გავაფორმოთ“, - ახალი ამბების ესპანურ სააგენტო EFE-სთან საუბრისას განაცხადა მალდონადომ.
კითხვაზე, აქვს თუ არა ალტერნატიული გეგმები, მალდონადო პასუხობს: „ფ1-ში ბევრი გუნდია, მაგრამ „უილიამსი“ მათში გამოირჩევა. ეს ლეგენდარული, ისტორიული გუნდია და აქ დარჩენა მირჩევნია“. ის დასძენს, რომ ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა პრიორიტეტს „უილიამსში“ დარჩენას ანიჭებს: „ბედნიერი ვიქნები, თუ „უილიამსთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ, ამ დიდ გუნდთან ერთად, რომელმაც ფ1-ში გამოსვლის და თავის გამოჩენის საშუალება მომცა“.

ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment