Friday, August 24, 2012

შუმახერი მე-300 რბოლისთვის ემზადება


Belgian Grand Prix: Michael Schumacher keen to celebrate 300th GP in style
24 აგვისტო
მიხაელ შუმახერი იმედოვნებს, რომ „მერსედესის“ გუნდი მის მე-300 დიდ პრიზს კარგი შედეგით აღნიშნავს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის დებიუტი ფ1-ში სწორედ ბელგიაში, 21 წლის წინათ შედგა. ერთი წლის შემდეგ კი პირველი გამარჯვებაც იქვე იზეიმა. ამიტომ, საიუბილეო რბოლაში თავის გამოჩენას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მართალია, „მერსედესის“ გუნდი სეზონის შუაგულში ისევე ძლიერად ვერ გამოიყურება, როგორც დასაწყისში, მაგრამ ბელგიური სწრაფი ტრასა, სწორედ სამქიმიანების მანქანის თავისებურებებს შეესაბამება, რაც მათ კარგი შედეგის იმედს აძლევს.
„სპა ჩემი სახლივითაა. ჩემთვის ეს მსოფლიოში საუკეთესო ტრეკია. თანაც, ამ ტრასაზე ჩემს კარიერაში გამორჩეული მოვლენები მოხდა - დებიუტი, პირველი გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ბევრი გამორჩეული რბოლა“, - ამბობს შუმახერი, ვინც ფ1-ის ისტორიაში სულ მეორე მრბოლია (პირველი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოა), რომელიც მე-300 რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
„ის ფაქტი, რომ ჩემს მე-300 რბოლასაც აქ ჩავატარებ, თავიდანვე ცნობილი იყო და ჩვენ ეს მოვლენა შესაფერისად უნდა აღვნიშნოთ. ვამაყობ იმით, რომ ჩვენი სპორტის ისტორიაში სულ მეორე მრბოლი ვარ, ვინც ამ ზღვარს გადალახავს. სპაზე გასულ სეზონში კარგად ვიასპარეზეთ და ახლაც ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ საიუბილეო რბოლა კარგი შედეგით დავასრულო“, - დასძენს შუმახერი.
შუმახერისგან განსხვავებით, ნაკლებ ოპტიმიზმს ავლენს მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელმაც გუნდს პირველი გამარჯვება ჩინეთში მოუპოვა, თუმცა მას შემდეგ, „მერსედესმა“ პოზიციები მკვეთრად დათმო. მისი თქმით, სამქიმიანებს ბევრი გარჯა მოუწევთ, თუ სურთ, რომ კვლავ პელოტონის მოწინავე პოზიციებს დაუბრუნდნენ.


ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment