24 აგვისტო
„ფორდმა“ ახალი ექსპლორერის მსოფლიო პრემიერა ნიუ
იორკის ავტო შოუზე ჩაატარა, მოგვიანებით მისი ფასიც გამოაქვეყნა, თუმცა ძრავის
მონაცემებს აქამდე არ ამჟღავნებდა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ საბაზო აგრეგატი
სერია „ეკობუსტის“ 3.5-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი აგრეგატია, რომელიც ცისფერი
ოვალისვე განცხადებით, „სულ ცოტა“, 350 ცხენის ძალას ავითარებს.
და აი, ამერიკულმა კომპანიამ ბოლოს და ბოლოს, ეს
საიდუმლოც გაამხილა. კერძოდ, სიმძლავრე 365 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 474
ნიუტონმეტრი. ამ მონაცემების აგრეგატს „ფორდი“ ასევე ამერიკაში პოპულარულ სედან „ტაურუს
SHO-ზე“
იყენებს. გარდა ამისა, ამერიკულმა კომპანიამ გამოაქვეყნა ავტომობილის ხარჯის
მონაცემები, რომელიც EPA-ს (გარემოს დაცვის
ადმინისტრაცია, აშშ) მიერაა დამოწმებული. ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრზე „ექსპლორერ
სპორტი“ 14.7 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, მაგისტრალზე კი ხარჯი 10.7 ლიტრამდე მცირდება.
ხარჯი ცოტა არაა, მაგრამ „ფორდი“ აცხადებს, რომ ამ
მხრივ, ის მაინც სჯობს უშუალო კონკურენტებს ამერიკიდან - „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ და „დოჯ
დურანგო R/T-ს“, რომლებიც 5.7-ლიტრიანი „ჰემი“ ძრავებითაა
აღჭურვილი. ასევე, „ექსპლორერ სპორტს“ უფრო მოკრძალებული აპეტიტი აქვს, ვიდრე „ლენდ
როვერის“ „რეინჯ როვერ სპორტს“, რომელიც მექანიკურდამჭირხნიანი ძრავითაა
აღჭურვილი.
„ფორდი“ ამერიკაში ახალი „ექსპლორერ სპორტის“
გაყიდვას მალე დაიწყებს. ავტომობილის საბაზო ფასი 41 545 დოლარია. ჯერჯერობით ამერიკულ
კომპანიას არ გამოუცხადებია, თუ კიდევ რომელ ბაზრებზე აპირებს ამ ავტომობილის
გატანას. სავარაუდოდ, სიაში ჩინეთი აუცილებლად იქნება...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment