1 აგვისტო
ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ
უკვე ორი წელია, მასზე ინფორმაციას პრესაში ხშირად შეხვდებით. თუმცა, გასაკვირი
ამაში არაფერია - ეს ხომ „პორშეს“ ახალი ავტომობილია, სუპერ ავტომობილი, რომელიც
პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება და მიუხედავად ამისა, თავის კლასში ბევრს
ფორას მისცემს. უფრო მეტიც, საწვავის ხარჯის მაჩვენებლით, მიკრო ავტომობილებსაც კი
აჯობებს. მოკლედ, ნამდვილი საოცრება იქნება...
უკვე რამდენიმე თვეა, ტესტირებას „918 სპაიდერი“ კომპანია „ბაკარდის“ ცნობილ ბრენდ „მარტინის“ ფერებში გამოწყობილი გადის. როგორც წესი, ტესტების დროს, კომპანიები მანქანების შენიღბვას ამჯობინებენ ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში, სულ სხვა რამეში ყოფილა საქმე. კერძოდ, „პორშემ“ და „ბაკარდიმ“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ძალითაც, გერმანულ კომპანიას უფლება აქვს, სერიული ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, „მარტინის“ სარბოლო თემის შესაბამისად გაფორმდებული გაჰყიდოს (რა თქმა უნდა, მყიდველისგან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
თუ როგორი იქნება „მარტინის“ ფერებში გამოწყობილი
ავტომობილი, რომლის სასტარტო ღირებულებაც 645 000 ევროა, ამის საილუსტრაციოდ, „პორშემ“„918
სპაიდერის“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ცუფენჰაუზენში ვარაუდობენ, რომ ასე
გაფორმებული მანქანა იმ ენთუზიასტებსაც დააინტერესებს, ვინც სარბოლო ტრასებზე „პორშეს“
და „მარტინის“ წარმატებული თანამშრომლობის ისტორია იცის. ამასთან, „მარტინის“
ფერები ავტომობილს განსაკუთრებულ, სარბოლო აურასაც შესძენს.
ეს ისტორია კი გვახსენებს, რომ 1971 წელს
გერმანულმა კომპანიამ ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა მოდლ 917-ით მოიგო.
და მაშინ გუნდის სპონსორი „მარტინი“ იყო. აქედან მოყოლებული, სარბოლო ტრასებზე იტალიური
და გერმანული კომპანიების საქმიანი მეგობრობა 1978 წლამდე გაგრძელდა. მ დროის
განმავლობაში, ტანდემმა არაერთი რბოლა მოიგო.
„მარტინისთან“ თანამშრომლობის დაწყების გარდა, „პორშემ“
გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს „918 სპაიდერის“ ტესტირებას ნურბურგრინგის
ავტოდრომის ჩრდილოურ მარყუჟზე, რომლის სიგრძეც 20.8 კილომეტრია. ტესტების მიზანს
მანქანის სარბოლო შესაძლებლობათა დახვეწა წარმოადგენს. ამასთან, გერმანული
კომპანია იმედოვნებს, რომ სატესტო ავტომობილით, წრეს 7 წუთსა და 22 წამში გაივლის,
ანუ 10 წამით გააუმჯობესებს თავისივე „კარერა GT-ს“ საუკეთესო შედეგს.
შეგახსენებთ,
რომ „918 სპაიდერი“ აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ბენზინზე მომუშავე 4.6-ლიტრიანი
V8
და ორი ელექტროძრავი შედის. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 770 ცხენის
ძალას აღწევს (შიდაწვის აგრეგატის სიმძლავრეა 550 ცხ.ძ). გარდა ამისა, ავტომობილის
ეკიპირებაში შევა აეროდინამიკის აქტიური ელემენტები, უკანა ღერძის მართვის ადაპტირებადი
სისტემა, მოსახსნელი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული სახურავი.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment