27 სექტემბერი
პატარა ავტომობილების უკვე საკმაოდ გაჯერებულ,
თუმცაღა ჯერ ისევ მზარდ ბაზარს კიდევ ერთი ავტომობილი შეემატა. ეს არის „ოპელის“
და მისი ბრიტანული ნათესავის, „ვოქსოლის“ საქალაქო სამკარიანი „ადამი“,
ავტომობილი, რომელიც გერმანული კომპანიის დამაარსებლის, ადამ ოპელის სახელს
ატარებს და რომელსაც მეტოქეობა ისეთ პოპულარულ ავტომობილებთან მოუწევს,
როგორებიცაა „მინი“ და „ფიატ 500“.
საინტერესოა, რომ „ოპელი“ და „ვოქსოლი“ მყიდველს „ადამის“
ინდივიდუალიზაციას სთავაზბს. არჩევანი იმდენად დიდია, რომ მარკეტოლოგების განცხადებით,
მილიონამდე განსხვავებული ავტომობილის მიღება შეიძლება. ამის საშუალებას კი დამატებითი
ეკიპირების დიდი არჩევანი იძლევა. ასე განსაჯეთ, ამ 3.7 მეტრი სიგრძის ავტომობილის
პრემიუმ დონეზე მოწყობაც შესაძლებელია.
„ოპელის“ დიზაინის შეფ მარკ ადამსის თქმით, ამ
პატარა სეგმენტში, ასეთი ინდივიდუალიზაციის პროგრამა არცერთ სხვა ავტომობილს არ
აქვს. „პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რომ ორი აბსოლუტურად ერთნაირი „ადამი“
სადმე ნახოთ“, - გვპირდება ადამსი. ასეთ რამეს სხვა კომპანიებიც პირდებიან თავიანთ
მყიდველს, მაგრამ მინი კლასში ეს პირველი შემთხვევაა.
პარიზში წარდგენილი „ადამის“ ეგზემპლარები მხოლოდ
ბენზინის ძრავებითაა აღჭურვილი. ყველა ოთხცილინდრიანია. მათგან ერთია
1.2-ლიტრიანი, რომელიც 69 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ორი კი 1.4-ლიტრიანია. მათგან
ერთის სიმძლავრე 86 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 98. მალე ამ გამას დაამშვენებს
უფრო მცირელიტრაჟიანი აგრეგატი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების
სისტემა მოემსახურება. მასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ახალი, 6-საფეხურიანი კოლოფის
დაყენება.
„ადამის“ სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა
სტაბილურობის ელექტრონული კონტროლის სისტემა, რეჟიმი „სიტი“, რომელიც საჭეს
არბილებს, და ამგვარად ქალაქში მოძრაობისას, ის ნაკლებადდამღლელი იქნება. ასევე
სტანდარტულ პაკეტშია შესული უახლესი ინფოტაინმენტ სისტემა, რომელიც ისეა
შემუშავებული, რომ ყველაზე პოპულარულ ტექნოლოგიებთან (ანდროიდი და ეპლ სმარტფონები)
ადვილად ადაპტირებადი იყოს.
„ოპელი“ მყიდველს „ადამს“ შესრულების სამი
სხვადასხვა პაკეტით სთავაზობს. ესენია: JAM, GLAM და SLAM.
პირველი არის მოდურ/ფერადოვანი, მეორე ელეგანტურ/რთული და სარბოლ/სპორტული. „ადამის“
შეკვეთა გერმანელ და ბრიტანელ მყიდველს ახლავე შეუძლია. რაც შეეხება ფასებს, გერმანიაში
საბაზო ვერსია 11 500 ევრო ღირს.
ასევე წაიკითხეთ:
„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს
No comments:
Post a Comment