4 სექტემბერი
ეს დღეც დადგა - „ფოლკსვაგენმა“ თავისი ყველაზე
პოპულარული ავტომობილის, „გოლფის“ მეშვიდე თაობა გამოუშვა. უკვე 36 წელია, ამ
ავტომობილს ბაზარზე მოწინავე პოზიცია უკავია. მართალია, ბოლო წლებში პოზიციები
დათმო, მაგრამ თავისი არსებობის ისტორიაში, უკვე 29 მილიონია გაყიდული. და
ვოლფსბურგელები იმედოვნებენ, რომ ახალი „გოლფი“ დაკარგული პოზიციების აღდგენას
შეძლებს.
ახალი „გოლფი“, წინას მოდიფიცირებულ ვერსიად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა, თუ არა მისი სრულიად ახალი, უნივერსალური პლატფორმა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ეპოქალური ქმნილებაა. გარეგნულად ავტომობილი სწორედ წინა „გოლფის“ დახვეწილი ვერსიის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა ახალი წინა ფარების წყალობით, უფრო მკვეთრი და დახვეწილი ფორმები აქვს.
„ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც „გოლფის“ წარმატებები განაპირობა, მისი განვითარების უწყვეტობაა. ათეულობით ავტომობილია ისეთი, რომლის დიზაინიც, ათწლეულების განმავლობაში, საფეხურებრივად, განახლებით იცვლება და იხვეწება. სწორედ ასეთები უძლებენ დროს“, - ამბობს „ფოლკსვაგენის“ დიზაინის შეფი ვალტერ დე სილვა.
ამ სახელოვანი დიზაინერის სიტყვებიდან ჩანს, რომ „გოლფის“ სტილის რადკალური ცვლილება არც იყო დაგეგმილი და ეს ალბათ არც არასდროს მოხდება (გერმანული კონსერვატიული პრაგმატიზმი ამის გარანტიაა). სამაგიეროდ, MQB პლატფორმა ის საკითხია, რაშიც გერმანულ კომპანიას ჯერჯერობით მსოფლიოში ვერავინ გაუტოლდება და რაც ძალიან მალე, ავტოინდუსტრიის ტრენდად ჩამოყალიბდება. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდება, რომ თანამედროვე ბაზრის უაღრესად დაძაბული კონკურენტული გარემოს პირობებში, ასეთი კონსტრუქციების გარეშე გადარჩენა უბრალოდ, შეუძლებელი იქნება!
ახალი „გოლფის“ გაბარიტებია: სიგრძე 4255 მმ, სიგანე 1799 მმ, სიმაღლე 1452 მმ და ბორბლებს შორის ბაზა 2637 მილიმეტრია. ამგვარად, წინამორბედზე 56 მილიმეტრით გრძელი, 13 მილიმეტრით განიერი და 28 მილიმეტრით დაბალია. გარდა ამისა, ახალი „გოლფის“ ბაზაც 59 მილიმეტრით გრძელი, წინა ბორბლების კვალი 8 მილიმეტრით განიერი, უკანა კი 6 მილიმეტრით განიერია. „ფოლკსვაგენის“ ინფორმაციით, ახალი „გოლფის“ აეროდინამიკური წინააღმდგობის კოეფიციენტი 10 პროცენტით, 0.27-მდე არის შემცირებული.
გაბარიტების ზრდის შედეგი ისაა, რომ სალონში თავისუფალი სივრცე გაიზარდა. კერძოდ, კაბინის სიგრძე 14 მილიმეტრით, 1750 მილიმეტრამდე გაიზარდა, უკანა სავარძლების ფეხების ადგილი 15 მილიმეტრითაა მომატებული, წინა და უკანა სავარძლებზე მხრების გასწვრივ სივრცის სიგანე კი შესაბამისად, 31 და 30 მილიმეტრით გაფართოვდა. 30 ლიტრით, 380 ლიტრამდე მოიმატა საბარგულის მოცულობამ. საინტერესოა, რომ გარე გაბარიტების და სალონის ზრდის მიუხედავად, ახალი ავტომობილი წინაზე 100 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.
ინტერიერი წინა „გოლფის“ ევოლუციური ვარიანტია. ყველაზე მეტი ცვლილება ცენტრალურ კონსოლზე შეინიშნება, რომელიც ოდნავ მძღოლისკენ იყურება. სიახლეა 5.8-დუიმიანი სენსორული მონიტორი, რომელიც ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ბაზრისთვის, სტანდარტულ ეკიპირებაში შევა. შეკვეთით კი შესაძლებელი იქნება 8-დუიმიანი მონიტორის დაყენება, რომელთანაც სატელიტური ნავიგაციის უახლესი სისტემა იქნება დაკავშირებული.
სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა უსაფრთხოების ისეთი სისტემა, როგორიცაა ეგრეთ წოდებული მრავალ-შეჯახებითი სამუხრუჭე სისტემა. ეს სისტემა, მუხრუჭებს ავტომატურად არეგულირებს ისე, რომ ძლიერი შეჯახების შემდეგ, ავტომობილის დამატებითი დამუხრუჭება უზრუნველყის, რათა შეამციროს ავტომობილის კინეტიკური ენერგია და მინიმუმზე დაიყვანოს მეორადი შეჯახების შესაძლებლობა. უსაფრთხოების კიდევ ერთი სისტემაა „პრექრეშ“, რომელიც შეჯახებამდე ასწრებს უსაფრთხოების ღვედების დაჭიმვას, ასევე ავტომატურად ხურავს ფანჯრებსა სახურავს და მათში მცირე ღრიჭოებს ტოვებს, რათა მინიმუმზე დავიდეს აირბალიშებისგან ტრავმის მიღების ალბათობა.
დამხმარე სისტემებს შორისაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომელიც მანქანის გაჩერებას 150 კმ/სთ სიჩქარიდანაც კი უზრუნველყოფს. სიტი ემერგენსი ბრეიკის სამუშაო დიაპაზონი კი 30 კმ/სთ-მდეა. სისტემა პარკ ესისტი კი ალბათ მიხვდებით, რომ მძღოლის მანქანის სადგომზე დაყენებისას ეხმარება. ეს სისტემა ავტომატურად ახერხებს მანქანის დაყენებას ადგილზე, რომლის სიგანე თავად „გოლფის“ სიგანეზე მაქსიმუმ 80 სანტიმეტრით მეტია.
ახალი „გოლფი“ მის წინამორბედზე დიდგაბარიტიანია, მაგრამ შასის ახალი არქიტექტურის, წარმოების სპეციფიკის, შემსუბუქებული ძრავების და ასე განსაჯეთ, უფრო მსუბუქი ელექტროგაყვანილობის წყალობით, მაინც მასზე 100 კილოგრამით მსუბუქია. დაზოგილი წონიდან, 3 კილოგრამი ელექტროგაყვანილობაზე მოდის, 12 კილოგრამი ეკიპირებაზე, 26 კილოგრამი შასის ალუმინისგან დამზადებულ ელემენტებზე, 38 კილოგრამი კი ძარაზე. სულ ახალი „გოლფის“ წონა 1050 კილოგრამია, რაც ასე უხვად ეკიპირებული ამ კლასის ავტომობილისთვის კარგი მაჩვენებელია. წონის შემცირება დადებითად აისახა საწვავის ხარჯზე. კერძოდ, 100 კილოგრამით გახდომის შედეგად, საწვავის მოხმარების გასაშუალოებული მაჩვენებელი 13.9 პროცენტით არის შემცირებული. ახალი „გოლფის“ ზოგიერთი ვერსიის საწვავის მოხმარება კი 23 პროცენტითაც კი შემცირდა.
მეშვიდე „გოლფის“ ძრავების გამა არჩევანის მრავალფეროვნებას გთავაზობთ. მათთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური და 6 და 7-საფეხურიანი ორქუროიანი DSG გადაცემათა კოლოფები იქნება დაკავშირებული. ევროპული ბაზრისთვის, „ფოლკსვაგენმა“ ძრავების (ბენზინის და დიზელის) სრულიად ახალი ოჯახები შეიმუშავა, რომლებიც სისტემა სტოპ/სტარტითაა აღჭურვილი და რომელთა სიმძლავრე, 84-დან 148 ცხენის ძალამდე დიაპაზონშია მოქცეული.
მათ შორისაა: 1.2-ლიტრიანი TSI (84 ცხენის ძალა), რომლით აღჭურვილი „გოლფიც“ 100 კილომეტრზე 4.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს; და 1.4-ლიტრიანი TSI, რომლის სიმძლავრე 138 ცხენის ძალაა. ამ ძრავს ემსახურება ცილინდრების დეაქტივაციის სისტემა, ძრავის დაუტვირთავ რეჟიმში მუშაობისას, ორ ცილინდრს თიშავს და ამგვარად, საწვავს ზოგავს. ასეთი ძრავით აღჭურვილი „გოლფი“ ას კილომეტრზე 4.8 ლიტრ ბენზინს წვავს და ატმოსფეროში კილომეტრზე 112 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ახალი „გოლფის“ წარმოების საწყის ეტაპზე, დიზელის სამი
აგრეგატია გათვალისწინებული. ერთია 1.6-ლიტრიანი 104 ცხენის ძალით, 3.8 ლიტრი
ხარჯითა და გამონაბოლქვში 99 გრამი ნახშირორჟანგით და 2.0-ლიტრიანი 148 ცხენის
ძალით, 4.1 ლიტრი ხარჯითა და გამონაბოლქვში 106 გრამი ნახშირორჟანგით. აღსანიშნავია,
რომ დიზელისძრავიან „გოლფთაგან“, ყველაზე ეფექტურია ვერსია „ბლიუმოუშნ“, რომელიც
მხოლოდ 3.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ატმოსფეროში 85 გრამ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს.
ბერლინის პრეზენტაციაზე, რომელიც 4 სექტემბერს
გაიმართა, „ფოლკსვაგენმა“ ხუთკარიანი „გოლფი“ წარადგინა. ამავე ვერსიას გერმანული
კომპანია პარიზის მოტორ შოუზე გამოფენს, სადაც ალბათ GTI
ვერსიასაც იხილავთ. მოგვიანებით კი „გოლფის“ გამას სამკარიანი ჰეჩბეკი, სრულამძრავიანი
ვერსია, მინივენი „გოლფ პლუს“, ხუთკარიანი უნივერსალი და კაბრიოლეტიც შეემატება.
სავარაუდოდ, ახალი „გოლფის“ გაყიდვები ევროპაში ნოემბერში
დაიწყება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment