Wednesday, September 5, 2012

ალექს ძანარდიმ პარალიმპიური ოქრო მოიპოვა!


Alex Zanardi wins gold in 2012 Paralympic handcycling race
5 სექტემბერი
ფორმულა ერთისა და ინდიქარ-ის ყოფილი პილოტი, იტალიელი ალექს ძანარდი, ლონდნის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა ჰენდბაიკით რბოლაში, რომელიც ბრენდს ჰეჩი სარბოლო ტრეკზე ჩატარდა. 45 წლის ძანარდიმ ორივე ფეხი ჩემპქარ-ის (ეს სერია შემდგომში ინდიქარ-ს შეუერთდა)გერმანიის ეტაპზე მომხდარ უმძიმეს ავარიაში დაკარგა. ერთი ფეხი მუხლში აქვს ამპუტირებული, მეორე კი - მუხლს ზევით.


შარშან მან პარა-ციკლით საგზაო რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სანამ პარასპორტში გადავიდოდა, ის ტურიზმის კლასის ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატზე „ბეემვეს“ გუნდთან ერთად ასპარეზობდა და რბოლის მოგებაც კი მოახერხა!
ძანარდმ პარალიმპიური ოქრო დროზე რბოლაში მოიპოვა, რომელშიც მასთან ერთად, კიდევ ცხრა სპორტსმენი მონაწილეობდა. ბრენდს ჰეჩის 4-კილომეტრიან ტრეკზე, სულ ოთხი წრე (16 კილომეტრი) იყო გასავლელი. იტალიელს ამ მანძილის გასავლელად 24 წუთი და 50.22 წამი ეყო. მას 27 წამით ჩამორჩა გერმანელი ნორბერტ მოსლანდი. მესამეზე კი ამერიკელი ოსკარ სანჩესი გავიდა.
„როგორც ყოველთვის, გამიმართლა. პირველ წრეზე ძნელი მომენტიც მქონდა - უკანა სწორზე ქვემოთ დავქანდი. იმ მომენტში საკუთარ ტავს ვუთხარი, დამშვიდდი, ნუ ჩქარობ, შენს დროში იარე. ასეც მოვიქეცი. იმ მომენტში შვიდ თუ რვა წამი მაინც დავკარგე, თუმცა ოლოსთვის საკმარის უპირატესობას მივაღწიე და ესეც მეყო. 21 წლის წინათ, ბრენდს ჰეჩზე პოული ავიღე, მაგრამ რბოლა მეორემ დავასრულე. ამ ტრასაზე მესამეც ვყოფილვარ, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დღემდე არ ავსულვარ. და ძალიან მიხარია, რომ ეს ნაკლი გამოვასწორე. ორ დღეში ჩემს შვილ ნიკოლოს დაბადების დღე აქვს და ამ დღეს საგზაო რბოლაში გამოვალ. და ყველაფერს ვიღონებ, რომ მას საუკეთესო საჩუქარი მივუძღვნა. სიმართლე ვთქვა, ეს ჩემთვისაც შესანიშნავი საჩუქარი იქნება. ცხოვრებაში ყოველთვის კმაყოფილი უნდა იყო იმით, რასაც გააკეთებ“, - განაცხადა ძანარდიმ, ვინც ორჯერ იყო ჩემპქარ-ის მსოფლიო სერიის ჩემპიონი.
ძანარდის ავარია ლაუზიცრინგზე
„დღეს მე მაქსიმუმი გავაკეთე და ეს საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის. პარასკევსაც იგივეს ვეცდები, თუმცა გარანტირებული არაფერია. ვნახოთ, რა იქნება. სპორტი ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე არ შემიძლია. მე მასზე მთლიანად დამოკიდებული ვარ. მე ვარ ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მიიღო და აქვს იმის იღბალი, რომ თავისი მიღწევები გაამრავლოს. ასე რომ, შემიძლია, ყველაფრისთვის მადლობელი ვიყო“, - დასძენს ჩემპიონი.
ძანარდიმ 1997 და 1998 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპქარ-ის ტიტული, რის შემდგაც ფორმულა ერთს დაუბრუნდა. თუმცა კრიზისში მყოფი „უილიამსის“ ბოლიდით ვერაფერს მიაღწია და ისევ ოკეანის გაღმა დაბრუნდა. 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცის ოვალზე, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, თუმცა ორივე ფეხი დაკარგა. ამის მიუხედავად, ორი წლის შემდგ რბოლებს დაუბრუნდა. „ბეემვესთან“ ერთად, ევროპისა და მსოფლიოს ტურიზმის კლასის ჩემპიონატებში ასპარეზობდა, 2005 წელს კი ამავე კლასში (სუპერტურიზმო) იტალიის ჩემპიონი გახდა.
სულ ტურიზმის კლასში ოთხი რბოლის მოგება შეძლო, თუმცა შემდეგ ჰენდციკლინგის „ვირუსი“ შეეყარა და პარასპორტში გადაინაცვლა. 2007 წელს, ნიუ იორკის უპრესტიჟულეს მარათონზე, მეოტხე ადგილი დაიკავა. 2009 წელს ავტოსპორტს ჩამოშორდა და ლონდონის 2012 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებას შეუდგა. და ამ პროცესში, შარშან ნიუ იორკის მარათონი მოიგო.

ასევე წაიკითხეთ:

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment