5 სექტემბერი
რაც უფრო ახლოვდბა პარიზის მოტორ შოუ, მით უფრო
მეტი კომპანია აქვეყნებს ამა თუ იმ დოზით ინფორმაციას იმ ავტომობილებზე, რომელთა
გამოფენასაც შოუზე აპირებს. ამ მარაქაში ახლახანს „მაკლარენიც“ გაერია, რომელმაც
ინტერნეტით, თავისი ახალი სუპერ ავტომობილის ფოტო ტიზერი გაავრცელა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს არის ლეგენდარული F1-ის
კონცეპტუალური ვერსიის ფოტო ტიზერი. წესით, მისი პრემიერა ერთი წლის შემდეგ იყო
მოსალოდნელი, მაგრამ როგორც ამბობენ, კომპანიის შეფსა და თანამფლობელ რონ დენისს
სურდა, რომ მისი პრემიერა F1-ის წარმოების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს დამთხვეოდა.
თუ ტიზერს კარგად დააკვირდებით, მასზე ავტომობილის
წინა ნაწილის მოყვანილობას გაარჩევთ. რა თქმა უნდა, ტიზერის მიხედვით, მისი ფორმის
შესახებ მარჩიელობა არ ღირს, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის ფლაგმან
სუპერ ავტომობილს მომრგვალებული ფორმები ექნება, კაბინა კი შეიძლება სპორტული
პროტოტიპის კოკპიტს ჰგავდეს. ცხვირზე ორ ფოსოს შენიშნავთ, რომლებიც შეიძლება
ძრავის ჰაერის ამღებები იყოს. ან შესაძლოა, ჰაერის ამღები სახურავზეა განლაგებული,
როგორც F1-ს ჰქნდა.
იმავე F1-ისგან განსხვავებით, რომელიც დაახლოებით ასი ცალი
დამზადდა, ახალი ფლაგმანი სერიული იქნება. მცირესერიული, მაგრამ მაინც ასზე გაცილებით
მეტი დამზადდება. ყოველ შემთხვევაში, „მაკლარენი“ ვარაუდობს, რომ მისი გამოშვების
შემდეგ, წლიური წარმოება 4000-მდე გაიზრდება.
ავტომობილი,
რომელიც ამჟამად P12-ის სახელითაა ცნობილი, იმავე მონოკოკურ სტრუქტურას დაეყრდნობა,
რომელსაც კომპანია MP4-12C-ზე იყენებს. ეს სტრუქტურა მთლიანად კარბონის
კომპოზიტისგანაა დამზადებული და გარდა იმისა, რომ ძალიან მსუბუქია, სიმტკიცითაც
გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ავტომობილი შუაძრავიანია. აგრეგატიც იგივეა, რაც MP4-12C-ზე
- 3.8-ლიტრიანი ტურბო V8. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ის 800 ცხენის ძალამდეა ფორსირებული.
დიდი შანსია იმისა, რომ ავტომობილი სისტემა კერს-ითაც (კინეტიკური ენერგიის
რეგენერაციის სისტემა) აღიჭურვება, რომელიც ავტომობილს დამტებით სიმძლავრეს
მიანიჭებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეამცირებს საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობას. სხვათა შორის, მსგავს ძალურ დანადგარებს ასევე
გამოიყენებენ „ფერარი F70-ზე“
და „პორშე 918 სპაიდერზე“.აღსანიშნავია, რომ P12-ის დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა ფრენკ სტივენსონმა მიიღო, იმ ადამიანმა, ვინც ახალი „მინი“, ახალი „ფიატ 500“, „მაზერატი MC12“ და „ფერარი F430“ შეიმუშავა. თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა „ქარ“ იტყობინება, სტივენსონი „მაკლარენში“ იმ დროს გადავიდა, როდესაც P12-ის დზაინი პრაქტიკულად დასრულებული იყო და მან მხოლოდ მისი სრულყოფის პროცესში მიიღო მონაწილეობა...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment