All-Electric iQ Revealed, but Only 100 will be
Produced
25
სექტემბერი
მართალია, სვლის სიშორით, ელექტრომობილი სათანადო
კონკურენციას ვერც ჰიბრიდს უწევს და ვერც შიდაწვისძრავიან ავტომობილს, ქალაქის
პირობებში, მისი სვლის სიშორე საკმარისზე მეტია. ამასთან, ენერგიის შევსებას დიდი დრო
უნდა, და არც დასამუხტი ინფრასტრუქტურაა განვითარებული, რაც ელექტრომობილს
ჯერჯერობით ნაკლებად სასურველს ხდის. თუმცა, საავტომობილო კომპანიები მაინც
ინტერნსიურად მუშაობენ ელექტრომობილების შესამუშავებლად, რათა სიტუაციის შეცვლას
სრულ მზადყოფნაში დახვდნენ.
სწორედ ეს გარემოებაა იმის ძირითადი მიზეზი, რომ
ისინი ელექტრომობილებს ჯერჯერობით მხოლოდ მცირე რაოდენობით აწარმოებენ -
ელექტრომობილი ძვირია და ბევრი მაინც არ გაიყიდება. მცირესერიული წარმოება კი
კომპანიას სრულ მზაობაში ამყოფებს იმისათვის, რომ ხელსაყრელ მომენტში, წარმოების
მკვეთრად გაზრდა შეძლონ.
ახლახანს „ტოიოტამ“ ინტერნეტით სრულიად ელექტრული,
პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი საქალაქო მიკროავტომობილ iQ-ს შესახებ ინფორმაცია
გაავრცელა. ეს ავტომობილი მზადაა სერიული წარმოებისთვის, მაგრამ იაპონური კომპანია
მას მხოლოდ 100 ცალს გამოუშვებს. „ტოიოტა“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სწორედ არასათანადო
ინფრასტრუქტურაა იმის მიზეზი, რომ ელექტრომობილების მასობრივი წარმოებისგან თავს
იკავებენ. ამიტომ, იაპონური კომპანია ისევ ჰიბრიდულ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ
ავტომობილებზე აკეთებს აქცენტს.
„თანამედროვე ელექტრომობილების შესაძლებლობები, საზოგადოების
საჭიროებებს არ შეესაბამება. ნაკლია ესაა მანქანის სვლის მცირე სიშორეც, ფასიც და
დამუხტვისთვის საჭირო დიდი დროც“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ამბობს
„ტოიოტას“ დირექტორთა საბჭოს ვიცე თავმჯდომარე ტაკეში უჩიამადა, ვინც
ავტომობილების შემუშავებას კურირებს.
ის 100 ცალი ელექტრული iQ,
რომლებსაც „ტოიოტა“ გამოუშვებს, მხოლოდ იაპონიასა და ამერიკაში გაიყიდება. ეს
პატარა ელექტრომობილი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე 63 ცხენის ძალაა,
მაბრუნი მომენტი კი - 163 ნიუტონმეტრი. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების
ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 12.0 კილოვატსაათია. ელემენტების ბლოკს აქვს
წყლის გამაგრილებელი, ელექტრულ სისტემას კი ემსახურება დენის გარდამქმნელი, ძრავის
სიჩქარის შემზღუდველი მექანიზმი და მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა.
იაპონური კომპანიის ინფორმაციით, ადგილიდან 100
კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, ელექტრულ iQ-ს 14.0 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური
სიჩქარე კი 125 კმ/სთ-ს აღწევს. რაც შეეხება სვლის სიშორეს, ის მხოლოდ 85 კილომეტრია,
თუმცა ქალაქში ექსპლუატაციისას, ეს საკმარისზე მეტია.
ელექტრულ iQ-ს სამი სამუშაო მოდული აქვს. ერთია D-რეინჯ,
რომელიც ენერგიის მინიმალური მოხმარებით გამოირჩევა, მეორეა S-ჩეირჯ,
რომელიც მაქსიმალურად ტემპერამენტიანი მართვისთვისაა და მესამე - B-რეინჯ,
რომელიც მუხრუჭების კინეტიკური ენერგიის მაქსიმალურ რეგენერაციას ახერხებს, რაც ელექტრომობილის
სვლის სიშორეს ზრდის.
საყოფაცხოვრებო ქსელიდან ელემენტების ბლოკის სრულად
დამუხტვას 3 საათი სჭირდება. სწრაფად დამმუხტავის გამოყენების შემთხვევაში,
ელემენტები 80 პროცენტით 15 წუთში ივსება. ელემენტების ბლოკი მტკიცე მასალისგან
შეკრულ კაპსულაშია მოთავსებული და ავტომობილის სალონის ძირში, იმ ადგილზე მდებარეობს,
სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებში, გამოსაბოლქვი მილები გადის ხოლმე. ამგვარად,
ელემენტების გამო, სალონში ადგილი პრაქტიკულად არ შემცირებულა.
თითქმის უცვლელი დარჩა ავტომობილის გაბარიტებიც:
სიგრძეა 3120 მილიმეტრი (ჩვეულებრივ iQ-ზე 135 მილიმეტრით გრძელი). სამაგიეროდ, უცვლელი
დარჩა სიგანე (1680 მმ), სიმაღლე (1505 მმ) და ბორბლებს შორის ბაზა (2000 მმ). 125
კილოგრამით, 1130 კილოგრამამდე გაიზარდა ავტომობილის წონა. წონის ზრდა, პირველ
რიგში, მტკიცე ფოლადის გამოყენებამ გამოიწვია.
შეიცვალა ავტომობილის აეროდინამიკა, რისი მიზანიც,
ენერგიის მოხმარების შემცირება იყო. მინიმუმამდე შემცირდა ჰაერის ამღებთა
განივკვეთები, შეიცვალა კაპოტის ფორმა, რათა აირის ნაკადის მოწესრიგებას შეეწყოს
ხელი. შეიცვალა უკანა ნაწილის მოყვანილობაც. უფრო მეტიც, ელემენტების ბლოკის წყალობით,
მანქანის ძირი ბრტყელია და ესეც აეროდინამიკას აუმჯობესებს.
ჯერჯერობით
უცნობია, თუ რა ეღირება ელექტრული iQ.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment