Tuesday, June 9, 2009

”ჰამერის” ახალი მფობელის გეგმები

Hummer

9 ივნისი

ცუდი გაყიდვები, ეკოლოგიური პრობლემებით საზოგადოების მზარდი დაინტერესება და რეცესია ის ძირითადი მიზეზებია, რომელთა გამოც, ”ჯენერალ მოტორსს” თავისი ერთ-ერთი გამორჩეული მარკის - ”ჰამერის” გაყიდვა მოუწია. ერთი კვირის წინ კომპანიამ ბოლოსდაბოლოს, დაასახელა უგზოობის მოდელების მწარმოებელი მარკის მყიდველი - ინდუსტრიული მანქანათმშენებლობის ჩინური კომპანია ”ტენჟონი”, რომელთანაც უკვე გაფორმებულია წინასწარი გარიგება.

კონტრაქტი ”ჰამერის” ამერიკული საწარმოს და მისი 3 000 სამუშაო ადგილის, ასევე მარკის ამერიკული სადილერო ქაელის სრულად შენარჩუნებას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ჩინური კომპანია ირწმუნება, რომ თავის შენაძენს განავითარებს და ამის საილუსტრაციოდ, ”ჰამერის” უახლოესი სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.

გამოცემა ”აუტომოტივ მიუსთან” საუბრისას, ”ჰამერის” მთავარმა აღმასრულებელმა ჯიმ ტეილორმა განაცხადა, რომ ”ტენჟონი” ”ჰამერის” 150-ვე დილერის შენარჩუნებას აპირებს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ გამონაბოლქვზე ახალი ამერიკული სტანდარტებთან შესრულება ძალიან გაჭირდება.

ამიტომ, საწარმოო პროგრამა შეიცვლება. უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ”ჰამერი” დიდგაბარიტიანი H2-ის წარმოებას გააჩერებს. სამაგიეროდ, მალე დაიწყება ყველაზე მცირეგაბარიტიანი ”ჰამერის” - H4-ის წარმოება. მის გარდა, სამოდელო გამაში კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოჩენაა მოსალოდნელი.

რაც მთავარია, ”ჰამერი” ყურადღებას ძრავების ეკონომიურბასაც მიაქცევს. გამაში გამოჩნედბა ალტერნატიული ძალური დანადგარები, რომლებიც კომპანიას ახალი სტანდარტების შესრულების საშუალებას მისცემს.

ჩინურმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ მთავარ აღმასრულებლად ტეილორი დარჩება. სამაგიეროდ, ჯერაც არ გადაწყვეტილა, ”ჰამერის” შტაბ-ბინა აშშ-ში დარჩება, თუ ჩინეთში გადაინაცვლებს.

გარემოზე მზრუნველი ”მიშლენი”

Michelin

9 ივნისი

საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია ”მიშლენი” ირწმუნება, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მის მიერ გაყიდული საბურავების გამოყენებით, მთელს მსოფლიოში 66.7 მილიონი ლიტრი საწვავი დაიზოგა და ამით, ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები CO2 გამოიყო.

”მიშლენის” ანგარიშით, მსუბუქი ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დაახლოებით მეხუთედი საბურავების მუშაობისას იხარჯება. სატვირთო ავტომობილებისთვის კი ანალოგიური მაჩვენებელი მესამედია, რადგან სატვირთოების დიდი მასის გამო, გზის საფართან მათი ჩაჭიდება გაცილებით მეტია.

ამ მონაცემების შესამცირებლად, ”მიშლენმა” შარშან სრულიად ახალი კონსტრუქციის მქონე საბურავების სერიის, ”მიშლენ ენერჯი სეივერის” (მიშლენის ენერგიის დამზოგავის) წარმოება დაიწყო. ახალმა ტექნოლოგიამ ჰომოლოგაცია 100 ტიპის მსუბუქი ავტომობილისთვის გაიარა. სულ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ ტექნოლოგიით დამზადებული თითქმის 24 მილიონი საბურავი გაიყიდა, რომელთა მეშვეობითაც, 66.7 მილიონი ლიტრი (დაახლოებით1.3 საწვავის სრულად სავსე ავზი) დაიზოგა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ყოველ 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯი 0.2 ლიტრით შემცირდა, ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის წონა კი 4 გრამით შემცირდა.

საერთო ჯამში, ამ პერიოდში ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, რაც 73 000 მსუბუქი ავტომობილის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის ტოლფასია.

სატვირთოებისთვის ”მიშლენის” ახალი ტექნოლოგიაა ”X ენერჯი სეივერ გრინ”, რომლის მეშვეობითაც, (მახსიმალურად დატვირთული და სრულად ექსპლუატირებული) ავტომობილი წლის განმავლობაში დაახლოებით 500 ლიტრ საწვავს ზოგავს. აქ იგულისხმება სატვირთოები, რომლების საშუალოდ 100 კილომეტრზე 33 ლიტრ საწვავს მოიხმარენ.

”მიშლენმა” ეს მონაცემები გარემოს დაცვის დღისადმი სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე გამოაქვეყნა, რომელსაც მექსიკო სიტიმ უმასპინძლა.

”ლექსუსის” ძრავი ახალი ”ესპრიტისთვის”

Lotus Esprit

9 ივნისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” თაყვანისმცემლებს უახლოეს წლებში საინტერესო სიახლეები ელით. ”ლოტუსი” თავისი არცთუ ისე მწირი სამოდელო გამის ძირეულად გაახლებას და რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

პირველ რიგში, განახლება შეეხება პოპულარულ მოდელ ”ელისს”, რომელიც უკვე რამდენიმე (14) წელია, ბაზარზეა და კარგად იყიდება. თუმცა, კომპანიაში თვლიან, რომ სანამ ”ელისი” მოძველდება, მანამ სჭირდება განახლება. იგივე ელის იმავე პლატფორმაზე ბაზირებულ ”ექსიჯსაც”.

კომპანიამ, რომელიც მალაიზიური ”პროტონის” კონტროლქვეშაა, წელს დაიწყო სრულიად ახალი მოდელის, ”ევორას” წარმოება, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მალე ბაზარზე კიდევ ორი სრულიად ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათგან ერთი ”ესპრიტი” იქნება.

თავის დროზე, ”ესპრიტი” ის იარაღი იყო, რომლითაც ”ლოტუსი” კონკურენციას თვით ”ფერარისაც” კი უწევდა. მაგრამ შემდეგ ინგლისური კომპანია გაკოტრდა და ის ხელში ”პროტონს” ჩაუვარდა. ”ესპრიტი” წარსულს ჩაბარდა და ”ლოტუსმა” შედარებით იაფფასიანი მოდელების (ელისი, ექსიჯი და ევროპა) წარმოება დაიწყო. კომპანია თანდათან ფეხზე დადგა და ახლა ბაზარზე ”ესპრიტის” დაბრუნების დრო დადგა. ამ საქმეში კი ”ლოტუსს” სერიოზული პარტნიორი დაეხმარება.

რაც შეეხება ამ პარტნიორს, შარშან ”ლოტუსის” მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ კიმბერლიმ განაცხადა, რომ ”ესპრიტის” მომზადებაში მის კომპანიას ”პრესტიჟული და ძალიან პატივცემული კომპანია” დაეხმარება. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ”პრესტიჟული” კომპანია ”ბეემვე” იქნებოდა, რომლის 3.0-ლიტრიანმა V8 ძრავებმაც ზედიზედ რამდენჯერმე მოიგეს წლის საუკეთესო ძრავის ტიტული. პარალელურად, ”ლოტუსი” უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს ”ტოიოტასთან”, რომლისგანაც ძრავებს ღებულობს.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ლოტუსი” ”ესპრიტისთვის” ”ლექსუსის” ძრავებს გამოიყენებს. საბაზო ”ესპრიტი” იმავე 3.5-ლიტრიან V6-ს მიიღებს, რომელიც ”ევორაზე” გამოიყენება. ეს ძრავიც ”ტოიოტას” წარმოებისაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა. ”ესპრიტის” ტოპ ვერსია კი ”ლექსუს LF-A-ს” (ამ მოდელის წარმოება მერმის დაიწყება) 500-ცხენისძალიან V10-ს მიიღებს.

იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ფასი მეტისმეტად ძვირი არ გამოვიდეს, მისთვის ”ევორას” მოდიფიცირებულ, დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებენ. ცნობისათვის, ეს პლატფორმა ალუმინისგანაა დამზადებული და მისი კონსტრუქცია ადვილად მოდიფიცირებადია.

ახალი ”ესპრიტის” მსოფლიო პრემიერა თავიდან 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, გამოშვების თარიღმა ორი წლით გადაიწია. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ კუპეს გარდა, ახალი ავტომობილი ღია ძარითაც დამზადდება.

სურათზე: ახალი ”ესპრიტი” ”ლექსუსის” V6, V8 და V10 ძრავებით აღიჭურვება.

ეკლსტოუნი უკმაყოფილოა

Formula 1

9 ივნისი

თურქეთის დიდ პრიზზე დასწრების კატასტროფულად დაბალი დონით უკმაყოფილო დარჩა ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი, ვინც ამის მიზეზად არასაკმარის რეკლამას და პრომოუშენს მიაწერს.

თურქული ავტოდრომი ერთ-ერთი ყველაზე ახალი და თანამედროვეა ფორმულა ერთის ტრასებს შორის. ის ამ საქმეზე სპეციალიზებული გერმანელი არქიტექტორის, ჰერმან ტილკეს მიერაა დაპროექტებული. ავტოდრომის ტრიბუნების ტევადობა 130 000 ადგილია, მაგრამ გასულ უქმეებზე ჩატარებულ რბოლაზე სულ 32 000 ბილეთი გაიყიდა, რომელთა უმეტესობაც უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს.

ასე განსაჯეთ, განაპირა ცარიელი ტრიბუნები რომ დაეფარათ, რბოლის ორგანიზატორებმა ისინი მუქი ნაჭრით დაფარეს. ასევე შეიცვალა ტელეკამერების განლაგება, რომელთა კადრშიც, მთავარი ტრიბუნის გარდა, ცარიელი ადგილები თითქმის არ ჩანდა.

რბოლის წინ, მის ორგანიზატორებს ეკლსტოუნმა შეახსენა, რომ კონტრაქტი, რომელიც თურქულ მხარეს ფ1-ის ეტაპის ჩატარების უფლებას აძლევს, მალე მთავრდება და შეიძლება აღარ გაგრძელდეს, რადგან ორგანიზატორები რბოლის სათანადო რეკლამირებას არ ატარებნ.

”ავტოდრომი მეტად ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. ის ადვილად მისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიებისთვის. მაგრამ თურქეთში ამ რბოლის რეკლამირებისთვის პრაქტიკულად არაფერი კეთდება”, - ბრაზობა ბერნი.

მოსლი გუნდებს კომპრომისს სთავაზობს

Formula 1

9 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციია წევრ საჯინიბოებს წერილები დაუგზავნა, რომლითაც მათ 2010 წლის ჩემპიონატში სამონაწილეო განაცხადის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეტანას სთხოვს. თუ ასე მოხდა, მოსლი პირობას დებს, რომ განაცხადის შემტან გუნდებს, მომდევნო ჩემპიონატის რეგლამენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

თურქეთის დიდი პრიზის დღეებში, მოსლისგან ყველა გუნდებისთვის გასაცემ პასუხს ელოდა. და აი, პრეზიდენტმა გამონახა გზა, რომკითაც გუნდებს დაანახა, რომ კომპრომისზე წამსვლელია.

მოსლის თქმით, თუ გუნდებს სპორტის ამ სახეობის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა სურთ, მაშინ მათ უარი უნდა თქვან მათ მიერვე წამოყენებულ წინაპირობებზე, რომლებიც მათ ფედერაციაში შეტანილ წინასწარ განაცხადებს მოაყოლეს. ის ირწმუნება, რომ ახალი რეგლამენტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა და გუნდებს მის სრულყოფაში მონაწილეობის უფლება მაშინვე მიეცემათ, როგორც კი ფედერაციაში უპირობო განაცხადებს შეიტანენ.

მოსლი ”ფერარის”, ”მაკლარენს”, ”BMW ზაუბერს”, ”რენოს”, ”რედ ბულს”, ”ტორო როსოს”, ”ტოიოტას” და ”ბრაუნ GP-ს” ივნისის შუა რიცხვებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ახალი რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს.

”საერთაშორისო სპორტული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, გუნდების თანხმობის გარეშე, წესების შეცვლის უფლება არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი გუნდები განაცხადებს შემოიტანენ, მათ რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიეცემათ. ამგვარად, არჩევანი თქვენზეა”, - ამბობს მოსლი და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავებაში იმ ახალმა გუნდებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელთა განაცხადებსაც ფედერაცია დაამტკიცებს.

”ველი თქვენს პოზიტიურ რეაქციას. კარგი იქნება, თუ თქვენი პასუხები დღეს, სამუშაო დღის დასრულებამდე, ჩემს მაგიდაზე დაიდება”, - წერილს ულტიმატუმის სტილში ამთავრებს პრეზიდენტი, ვინც ამგვარად მინიშნებს, რომ 12 ივნისამდე ლოდინს არ აპირებს,რადგან ეს ფედერაციასა და გუნდებს შორის თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა.

მოკლედ...

9 ივნისი

***

ევროკომისიამ შვედეთის მთავრობას ”ვოლვოსთვის” 500 მილიონი ევროს სესხების უფლება მისცა. სესხის პირდაპირი დანიშნულება კი ისაა, რომ ავტომწარმოებელმა ის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს. პროექტი, რომლის ნაწილობრივ დასაფინანსებლადაც ”ვოლვომ” სახელმწიფოს სესხი სთხოვა, 1.9 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ამ პროექტის მიხედვით, ”ვოლვო” 2012 წელს დაიწყებს დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილის წარმოებას, რომელსაც ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ქსელიდან შევსების საშუალება ექნება.

***

”უოლ სტრიტ ჯორნელის” ცნობით, ”კრაისლერის” ინვესტორებმა აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ”ფიატის” მიერ ”კრაისლერის” შეძენის პროცესის დაბლოკვას მოითხოვენ. თავდაპირველად, სასამართლომ ”კრაისლერის” გაყიდვის ნებართვა გასცა, თუმცა ამერიკული კომპანიის ინვესტორებს ამ გადაწყვეტილების უფლება დაუტოვა და მათაც ამით ისარგებლეს. გარიგების დაბლოკვას ცდილობს შტატ ინდიანას საპენსიო ფონდბის ჯგუფმა, რომლებისაც ”კრაისლერს” 42 მილიონი დოლარი მართებს. მომჩივანი მოითხოვს, რომ ”კრაისლერი” ნაწილ-ნაწილ გაიყიდოს. ექსპერტთა შეფასებით, თუ ”ფიატთან” გარიგება ჩაიშლება, მაშინ ”კრაისლერს” ლიკვიდაცია დაემუქრება.

***

აგვისტოში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის დღეებში, კომპანია ”გუდინგ ენდ კომპანი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანს ავტოინდუსტრიის ლეგენდის, ეტორე ბუგატის კუთვნილ კუპე ”ბუგატი 57C-ს”, რომელიც მისმა კომპანიამ 1936 წელს, მისი დამაარსებლის იუბილესთან დაკავშირებით, საჩუქრად გამოუშვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ”ბუგატი 57C” რეკორდულ ფასში გაიყიდება. რეკორდი კი 12.2 მილიონი დოლარია - თებერვალში სწორედ ამდენი გადაიხადა 1957 წელს გამოშვებული ”ფერარი 250 ტესტაროსას” მყიდველმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ”ბუგატი 57C” ქარხანაში იდგა, რომელიც კარგად იყო დაცული. ავტომობილი იდეალურადაა შენახული. ავტომობილი ქარხანაში 14 წელი იდგა, მერე კი გამოიტანეს და გაყიდეს. მას შემდეგ, მფლობელი რამდენჯერმე შეეცვალა.

”როლს როისი” წარმოებისთვის ”მოჩვენებას” ამზადებს

Rolls-Royce Ghost

9 ივნისი

”როლს როისი” წარმოებისთვის ახალ ავტომობილს ამზადებს, რომელიც მის ახლანდელ ერთადერთ მოდელ ”ფანტომზე” კლასით ერთი საფეხურით დაბლა იქნება და რომლის დებიუტიც მერმის, წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე შედგება.

”როლს როისი” იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ალბათ ”გოსტი” (Ghost, ანუ მოჩვენება, აჩრდილი) დაერქმევა, მას გაყიდვების გაორმაგებაში დაეხმარება. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ”გოსტი” საგზაო ტესტირებისას არის გადაღებული. ავტომობილი პრაქტიკულად კამუფლაჟის გარეშეა, მისი გარეგნობა კი ძლიერ ჰგავს კონცეპტუალური EX200-სას, რომელიც კომპანიამ წელს რამდენიმე ავტო შოუზე წარადგინა.

ავტომობილი ”როლს როისის” კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ის ძლიერ ჰგავს ”ფანტომს”, თუმცა მასზე პატარა და უფრო სპორტულია. რაც მთავარია, ტრანსპორტის ნაკადში მისი ამოცნობა მონუმენტური რადიატორის, წაგრძელებული სალონისა და ვეებერთელა კაპოტის მეშვეობით, პრობლემა არ იქნება.

”ფანტომის” მსგავსად, ”გოსტსაც” ორი წყვილი, ეგრეთ წოდებული თვითმკვლელის ტიპის კარები აქვს, რომლებიც წინა და უკანა საყრდენებზეა დაკიდებული და რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იხურება. სალონი კი სულ ხუთ ადამიანზეა გათვლილი. ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 5 399, სიგანე 1 948 და სიმაღლე 1 550 მილიმეტრი.

სალონში ტყავი და ძვირფასი ხე დომინირებს, განსაკუთრებული ფუნქციის მქონე დეტალები კი მოიქრომება. საერთო ჯამში, კომპანიის სტილისტებმა აქცენტი სისადავეზე გააკეთეს, რაც სალონის მდიდრულობას ოდნვაც არ აკნინებს.

”გოსტი” 6.6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ტურბოდამჭირხნი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე დაახლოებით 500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. მასთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

”როლს როისი” თავისი ”მოჩვენების” წარმოებას გუდვუდში მდებარე საწარმოში, ამ წლის მიწურულს დაიწყებს.

Monday, June 8, 2009

”სუბარუ” ელექტრომობილ ”სტელას” წარმოებას იწყებს

Subaru Stella

8 ივნისი

”სუბარუმ” გამოაცხადა, რომ წარმოებისთვის მზად აქვს სრულიად ელექტრული პლაგ-ინ ელექტრომობილი ”სტელა”. ავტომობილი, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონურ ელემენტებში აგროვებს, ბაზარზე ამ წლის ივლისში გამოჩნდება. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 170 ცალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს.

ელექტრომობილის ბაზისად შიდაწვისძრავიანი ”სტელაა” გამოყენებული. მისი სვლის მარაგი 90 კილომეტრი, მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ია. სულ 15 წუთია საკმარისი იმისათვის, რომ აკუმულატორები 80%-ით დაიმუხტოს, ამაში კი მას სპეციალური, სწრაფდამტენი სისტემა ეხმარება. ჩვეულებრივი სისტემით აკუმულატორების სრულ დამუხტვას კი, თუ ისინი ენერგიას 100-ვოლტიანი შტეპსელიდან ივსებენ, 8 საათი სჭირდება. 200-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვის შემთხვევაში კი დასამუხტად აუცილებელი დრო ხუთ საათამდე მცირდება.

”სტელას” ელექტრომოტორის მაქსიმალური სიმძლავრე 60 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 170 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია ენერგიის რეკუპერაციის სისტემით, რომელიც შენელების დროს გამოყოფილ ენერგიას აგროვებს.

რაც შეეხება ფასებს, ამ მხრივ, ”სუბარუ სტელა” ნაკლებად მიმზიდველად მოჩანს - მისი საბაზო ღირებულება 4 725 000 იენია (დაახლოებით $49 000). თუმცა მის მყიდველებს იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა (ნექსტ გენერეიშნ ვიჰაიქლ პრომოუშნ სენტერ პროგრამ - შემდეგი თაობის ავტომობილების პრომოუშენის ცენტრალური პროგრამა) შეეშველება, რომელიც მას სუბსიდიის სახით 1 380 000 იენს ($14 308) სთავაზობს. გარდა ამისა, ელექტრომობილების მყიდველებს სპეციალურ შეღავათებს იაპონიის მიწების, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროებიც პირდებიან.

რუსებს ”ოპელის” ნოუ-ჰაუ იზიდავს

8 ივნისი

რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ”ოპელის” შეძენის შემდეგ, რუსული ავტოინდუსტრიისთვის უახლესი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება და ეს რუსულ ავტომწარმოებელ GAZ-ს გაჭიანურებული კრიზისიდან გამოიყვანს.

შეგახსენებთ, რომ კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლის” გარდა, ”ჯენერალ მოტორსისგან” ”ოპელის” გამოსყიდვაში მონაწილეობა რუსულმა ბანკმა ”სბერბანკმა” და ავტომწარმოებელმა GAZ-მაც მიიღეს. ამ ორიდან ”სბერბანკი” აქციების 35 მიიღებს, GAZ-ი კი გერმანული კომპანიის ინდუსტრიული პარტნიორი გახდება.

ბევრი მიმომხილველი, გარიგებაში რუსული მხარის მონაწილეობის ლოგიკას უცნაურად მიიჩნევს. მათ ვერ გაუგიათ, თუ როგორ გამოიყენებს შეძენილ აქციებს ”სბერბანკი”. ქვეყნის პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე იგორ შუვალოვი კი აცხადებს, რომ ამ გარიგებით, რუსული სახელმწიფო კომპანი(ებ)ისთვის, ”ოპელის” უახლესი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება, რაც რუსულ ავტოწარმოებას ძლიერ გამოადგება.

”ჩვენთვის ”ოპელში” ყველაზე საინტერესო მისი უახლესი ტექნოლოგიებია, რომელთა ბაზაზეც, რუსულ კომპანიებს საკუთარი ნოუ-ჰაუს შექმნის და ავტოინდუსტრიის ფეხზე დაყენების შანსი უჩნდებათ”, - ამბობს შუვალოვი.

”სბერბანკის” შეფი გერმან გრეფი კი აცხადებს, რომ მისი ბანკი ”ოპელის” აქციებს მომავალში რომელიმე რუს სტრატეგიულ ინვესტორს გადასცემს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ინვესტორი შეიძლება GAZ-ი გახდეს, რომელსაც რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აკონტროლებს. ზოგის ვარაუდით კი, გერმანული კომპანიის აქციები კონგლომერატ ”რუსსკიე ტეხნოლოგიის” ხელში მოხვდება.

შუვალოვი კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ”სბერბანკისთვის” ”ოპელის” გარიგებაში მონაწილეობა არ დაუძალებია...

”ბეემვეს” ავტომობილები მძღოლების ჯანმრთელობას გააკონტროლებენ

8 ივნისი

”ბეემვე” თავის ავტომობილებს მალე უჩვეულო სისტემით აღჭურვავს, რომელიც ავტომობილს ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო ავტონომიურ რეჟიმზე იმ შემთხვევაში გადაიყვანს, თუ მისი სენსორები დააფიქსირებენ, რომ მძღოლს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ახალ სისტემას ”ემერგენსი სტოპ ესისტენტ” ეწოდება. სისტემა უკვე შემუშავებულია, პროტოტიპის სახით უკვე არსებობს და ტესტირებასაც გადის. ამ ეტაპზე, ის ჯერ მხოლოდ მაგისტრალებზე გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. სისტემა ავტომობილის მოძრაობის სხვადასხვა სიტუაციებს შესაბამისად პასუხობს და ავტომობილის გაჩერების, ან შენელების ყველაზე ოპტიმალურ რეჟიმს დამოუკიდებლად არჩევს.

”ემერგენსი სტოპ ესისტენტ” მაშინვე აქტიურდება, როგორც კი სისტენა დაადგენს, რომ მძღოლს სერიოზული სამედიცინო პრობლემა აქვს. ამ დროს, ავტომობილი დამოუკიდებელ რეჟიმში იწყებს მუშაობას და სრულ გაჩერებამდე, ავტომობილის უსაფრთხო მანევრირებას უზრუნველყოფს. ამ დროს, სისტემა სრულად აკონტროლებს საგზაო ტრეფიკს და საგზაო ნიშნებს.

იმისათვის, რომ ავტომობილის სასწრაფოდ და უსაფრთხოდ გაჩერება უზრუნველყოს, სისტემას რამდენიმე სენსორი ემსახურება. ისინი ავტომობილის გარშემო არსებულ სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და ინფორმაციას მართვის ბლოკს გადასცემენ, რომელიც შექმნილი მდგომარეობის მოხედვით ღებულობს გადაწყვეტილებებს.

ახალი სისტემა გერმანიის მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტ ”სმარტსენიორის” ფარგლებში მუშავდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაინერგება წარმოებაში ”ემერგენსი სტოპ ესისტენტი”.

”ლამბორგინის” ჰიბრიდული მომავალი

Lamborghini

8 ივნისი

იმის გამო, რომ მსოფლიოს ყველაზე ავტომობილიზებულ ქვეყნებში საწვავის ეკონომიურობის სტანდარტები მკაცრდება, ჰიბრიდული აგრეგატებით თავისი ავტომობილის აღჭურვაზე ფიქრი ”ლამბორგინიშიც” დაიწყეს. უფრო ადრე, მაგავსი გეგმები ”ფერარიმ” და ”ბენტლიმ” გამოაქვეყნეს, ახლა კი მათ ”ლამბორგინიც” შეუერთდა.

სუპერავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის გეგმით, მის მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჯანგის შემცველობა, 2015 წლიდან 35%-ით (ახლანდელთან შედარებით) უნდა შემცირდეს. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. ესენის: ავტომობილების წონის შემცირება, ძრავების ეფექტურობის გაუმჯობესება (მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდით), ბიოსაწვავის გამოყენება, ძრავის სტოპ-სტარტ სისტემის და ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენებაც კი.

სხვათა შორის, ”ლამბორგინიმ” გარემოსადმი მზრუნველობა პირველად უკვე გამოავლინა, როცა ”გალიარდო LP 560-4” შექმნა. საბაზო ”გალიარდოსთან” შედარებით, ეს მოდიფიკაცია გარემოში 18%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.

პარალელურად, ”ლამბოგინი” თავისი საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 35 მილიონ ევროს დახარჯავს საკუთარმა ქარხნებმა განახლებადი ენერგიის გამოყენება დაიწყონ. საწარმოს სახურავზე დამონტაჟდება მზის ფოტოელემენტები, რომელთა მეშვეობითაც, 2010 წლიდან, მის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ს მოცულობა 30%-ით შემცირდება.

სურათზე: ”ლამბორგინი გალიარდო LP560-4” საბაზო მოდელთან შედარებით, გარემოს 18%-ით ნაკლები CO2-ით აბინძურებს.

”ლამბორგინის” ჰიბრიდული მომავალი

Lamborghini

8 ივნისი

იმის გამო, რომ მსოფლიოს ყველაზე ავტომობილიზებულ ქვეყნებში საწვავის ეკონომიურობის სტანდარტები მკაცრდება, ჰიბრიდული აგრეგატებით თავისი ავტომობილის აღჭურვაზე ფიქრი ”ლამბორგინიშიც” დაიწყეს. უფრო ადრე, მაგავსი გეგმები ”ფერარიმ” და ”ბენტლიმ” გამოაქვეყნეს, ახლა კი მათ ”ლამბორგინიც” შეუერთდა.

სუპერავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის გეგმით, მის მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჯანგის შემცველობა, 2015 წლიდან 35%-ით (ახლანდელთან შედარებით) უნდა შემცირდეს. ამ მიზნის მისაღწევად, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. ესენის: ავტომობილების წონის შემცირება, ძრავების ეფექტურობის გაუმჯობესება (მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდით), ბიოსაწვავის გამოყენება, ძრავის სტოპ-სტარტ სისტემის და ჰიბრიდული აგრეგატების გამოყენებაც კი.

სხვათა შორის, ”ლამბორგინიმ” გარემოსადმი მზრუნველობა პირველად უკვე გამოავლინა, როცა ”გალიარდო LP 560-4” შექმნა. საბაზო ”გალიარდოსთან” შედარებით, ეს მოდიფიკაცია გარემოში 18%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.

პარალელურად, ”ლამბოგინი” თავისი საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს. კომპანია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 35 მილიონ ევროს დახარჯავს საკუთარმა ქარხნებმა განახლებადი ენერგიის გამოყენება დაიწყონ. საწარმოს სახურავზე დამონტაჟდება მზის ფოტოელემენტები, რომელთა მეშვეობითაც, 2010 წლიდან, მის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ს მოცულობა 30%-ით შემცირდება.

სურათზე: ”ლამბორგინი გალიარდო LP560-4” საბაზო მოდელთან შედარებით, გარემოს 18%-ით ნაკლები CO2-ით აბინძურებს.

ბატონმა შდიდიდან მეექვსე მოიგო

Formula 1

7 ივნისი

”ბრაუნ GP-ს” ბრიტანელი პილოტის, ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის წლევანდელი ჩემპიონატის მოროგო, მეშვიდე რბოლა, თურქეთის დიდი პრიზი, რომელსაც სტამბულის ”ისტანბულ პარკმა” უმასპინძლა.

ამგვარად, ჩემპიონატის პირველ შვიდ ეტაპზე ბატონმა მეექვსე გამარჯვება იზეიმა, რითაც შოტლანდიელი ჯიმ კლარკისა და გერმანელი მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეორა.

”ასე კარგად მანქანას ჯერ არ უმუშავია. სწრაფები ადრეც ვიყავით, მაგრამ ზოგჯერ ბალანსით ბოლომდე კმაყოფილები არ ვიყავი, რადგან ის ჩემს სტილს არ შეესაბამებოდა. მაგრამ დღს მანქანა მართლაც იდეალურად მუშაობდა. შესაძლოა, ასე იმის გამო იყო, რომ აქაური ტრასა სხვა ტრასებზე მეტად შეეფერება ჩვენს მანქანას. ძალიან მინდოდა, რომ კვარცხლბეკზე ჩემთან ერთად, ჩვენი გუნდის მექანიკოსები და ინჟინრებიც ყოფილიყვნენ, მათ ეს გამარჯვება არანაკლებ დაიმსახურეს”, - ნარბოლევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბატონმა.

ბრიტანელი პილოტი დასძენს, რომ არც მაშინ უნერვიულია, როცა მას მთავარი მეტოქე, გერმანელი სებასტიან ფეტელი წამოეწია. ”მას მალე პიტ სტოპი უწევდა, რადგან გაცილებით ნაკლები საწვავი ესხა. მართალია, წრეზე რვა-ცხრა მეათედ წამს მიგებდა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ პიტლაინზე შესვლა მალე უწევდა. ამ მომენტში, ჩემთვის მთავარი სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რადგან რომც დამწეოდა, გასწრება გაუჭირდებოდა. ზოგი მოსახვევის წინ სიჩქარეს ზედმეტადაც ვაგდებდი, რათა გამოსასვლელში უფრო ეფექტური აჩქარება მქონოდა. მთლიანობაში, საინტერესო რბოლა გამოვიდა. ისე კი, თუ ბაჰრეინსა და ბარსელონაში ”რედ ბული” სიჩქარით არ ჩამოგვრჩებოდა, აქ ჩვენ აშკარად უფრო სწრაფები ვიყავით”, - დასძენს ბატონი, ვინც რბოლაში სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა მას პირველსავე წრეზე, მისივე შეცდომის წყალობით გაასწრო და ამის შემდეგ, ლიდერობა მხოლოდ ორჯერ დათმო და ისიც მაშინ, როცა პიტ სტოპზე შედიოდა.

ბატონისგან განსხახებით, თურქეთში ხელი მოეცარა მის ბრაზილიელ თანაგუნდელ რუბენს ბარიკელოს, რომელსაც სტარტის აღება დააგვიანდა და პირველ მოსახვევშიათეულის მიღმა აღმოჩნდა. საბოლოოდ, რუბინიომ რბოლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან მის ბოლიდზე მწყობრიდან გადაცემათა კოლოფი გამოვიდა. ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ”ბრაუნ GP-ს” მანქანამ ფინიშს ვერ უწია.

რაც შეეხება ფეტელს, მან ვერც მეორე პოზიცია შეინარჩუნა - სამ პიტსტოპიანი ტაქტიკის გამო, მას ავსტრალიელმა თანაგუნდელმა მარკ უებერ გადაასწრო, რომელმაც მას ფინიშთან წამზე ნაკლებით მიასწრო.

რბოლა კვლავ უქულოდ დაასრულეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა. ჰამილტონმა რბოლის ერთ პიტსტოპიანი ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ამან ვერ უშველა და საბოლოოდ, ის მე-13 ადგილს დასჯერდა. რაიკონენს კი ჩასათვლელი ქულის აღებამდე ერთი ადგილი დააკლდა.

თურქეთის დიდი პრიზი

ისტანბულ პარკი (სიგრძე 5338 მეტრი, წრეები 58, დისტანცია 309.396 კმ)

რბოლის შედეგები

პილოტი და გუნდი                                              დრო პიტი

1. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი)               1:26:24.848     2

2. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო)                       +6.714             2

3. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო)          +7.461             3

4. იარნო ტრული (ტოიოტა)                                +27.843           2

5. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა)             +31.539           2

6. ფელიპე მასა (ფერარი)                                      +39.996           2

7. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი)                 +46.247           2

8. ტიმო გლოკი (ტოიოტა)                                    +46.959           2

9. კიმი რაიკონენი (ფერარი)                                +50.246           2

10. ფერნანდო ალონსო (რენო)                            +1:02.420        2

11. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი)              +1:04.327        2

12. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა)         +1:06.376        2

13. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი)           +1:20.454        1

14. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ--მერსედესი)        +1 წრე                        2

15. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი)    +1 წრე                        2

16. ნელსინიუ პიკე (რენო)                                               +1 წრე                        2

17. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი)       +1 წრე                        2

18. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი)  +1 წრე                        1

უსერაფესი წრე: ჯენსონ ბატონი - 1.27:579  (მე-40 წრე, 219.422 კმ/სთ)

რბოლა ვერ დაასრულეს

პილოტი და გუნდი           წრე    

ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მრესედესი)      49 (გადაცემათა კოლოფი)

რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი)                                   05 (მუხრუჭები)

პირადი ჩათვლა 7 ეტაპის შემდეგ

1. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი)   61

2. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი)        35

3. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო)          29

4. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო)           27.5

5. იარნო ტრული (ტოიოტა)         19.5

6. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 13

7. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 11.5

8. ფელიპე მასა (ფერარი)  11

9. ფერნანდო ალონსო (რენო)      11

10. კიმი რაიკონენი (ფერარი)      9

11. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი)           9

12. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი)  6

13. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი)         4

14. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი)    3

15. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი)   2

16. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი)  2

კონსტრუქტორთა პირველობა

1. ბრაუნ GP-მერსედესი    96

2. რედ ბულ-რენო  56.5

3. ტოიოტა    32.5

4. ფერარი     20

5. მაკლარენ-მერსედესი   13

6. უილიამს-ტოიოტა         11.5

7. რენო          11

8. BMW ზაუბერი   8

9. ტორო როსო-ფერარი     5