Tuesday, October 6, 2009

”ასტონ მარტინი” წარმოებას ამრავალფეროვნებს

Aston Martin

6 ოქტომბერი

ვან-77

..............................

ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის მიუხედავად, ინგლისური კომპანია ”ასტონ მარტინი” მაინც ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავ და ამისათვი თავისი სამოდელო გამის სამი ახალი ავტომობილით შევსება აქვს გადაწყვეტილი. გარდა ამისა, არსებულ მოდელებსაც მნიშვნელოვან გადახალისებას უპირებს.

ამ სამეულიდან ”ასტონ მარტინისთვის” ყველაზე არატრადიციული, მისი თაყვანისმცემლებისთვის კი ყველაზე მოულოდნელია ჯუჯა ”სიგნიტი”, რომლის გაყიდვების დაწყებაც მერმისიდანაა მოსალოდნელი. ჩვენი ბლოგის მკითხველს ეს ავტომობილი 7 ივლისის გამოშვებაში გავაცანით. ის ”ტოიოტა iQ-ს” ბაზაზე იქმნება და მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდეს. ამგვარად, ინგლისური კომპანია შეძლებს, მიუახლოვდეს გამონაბოლქვზე ევროკავშირის ახალ, უმკაცრეს სტანდარტებს, რომლებიც ძალაში 2012 წელს შევა.

სიგნიტი
....................................
წინასწარი მონაცემებით, ”სიგნიტი” მხოლოდ ევროპაში გაიყიდება და მის შეძენას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ”ასტონ მარტინის” სხვა მოდელებს შეიძენენ. რა თქმა უნდა, ინგლისური კომპანია iQ-ს ძირეულად შეცვლის. შეიცვლება როგორც ავტომობილის ინტერიერი, ისე გარეგნობაც. მოსალოდნელია, რომ ”ასტონ მარტინის” სამოსში გამოწყობილი iQ-ს საწყისი ფასი 32 000 დოლარი, იაპონურ ავტომობილზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.

რეპიდი

..............................

გარდა ამისა, ”ასტონ მარტინი” მალე დაიწყებს სუპერ ავტომობილ ”ვან-77-ის” წარმოებას. სახელში რიცხვი იმის მანიშნებელია, რომ კომპანია სულ 77 ცალი ამ ავტომობილის გამოშვებას აპიებს და მისი მყიდველი 77 რჩეულთაგან ერთ-ერთი იქნება.

ავტომობილის ექსკლუზიურობას მისი მონაცემები სრულად შეესაბამება. ის აღჭურვილია 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 740 ცხენის ძალას ავითარებს. მყიდველს საშუალება ექნება, თავისი გემოვნების და სურვილების შესაბამისად შეუკვეთოს ინტერიერის თითქმის ყველა ელემენტი. სამაგიეროდ, შენაძენი მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მესამე მოდელია ოთხკარიანი კუპე (ან კუპეს სტილის სედანი, ან ფასტბეკი) ”რეპიდი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგა და რომლის გაყიდვებიც მერმის დაიწყება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის ფასი არ დაზუსტებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება არსებული მოდელების განახლებას, კომპანია მერმის ლიმიტირებული ”ვანტიჯის” გამოშვებას გეგმავს, რომელიც ახალი V12 ძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით არ იგეგმება ორი მოდელის - DB9-ს და DBS-ის განახლება, ან მოდიფიცირება.

დაბოლოს, მერმის, ჟენევის ავტო შოუზე მოსალოდნელია ”ასტონ მარტინის” მიერ თავისი ცნობილი ბრენდის, ”ლაგონდას” გაცოცხლება. ამ მარკით კი პირვლ რიგში, ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ოღონდ, არა ისეთის, რომელიც კომპანიამ ჟენევაში წელს წარადგინა და საშინელი გამოხმაურება მიიღო.

”ტოიოტას” კიდევ ერთი ელექტრომობილი

Toyota FT-EV II

6 ოქტომბერი

ტოკიოს ავტო შოუსთვის იაპონურმა კომპანია ”ტოიოტამ” თავისი მორიგი ელექტრომობილი - მიკროავტომობილ iQ-ს ბაზაზე დამზადებული ”ტოიოტა FT-EV II” (ფიუჩა ტოიოტა ელექტრიკ ვიჰაიქლ II) მოამზადა. მართალია, ავტომობილი ულტრამცირე გაბარიტებით (სიგრძე 2.73, სიგანე 1.68, სიმაღლე 1.49 მეტრი) გამოირჩევა, მაგრამ მასში მაინც ადგილი ოთხი ადამიანისთვისაა.
ავტომობილის მამოძრავებელ მაბრუნ მომენტს ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მარაგდება. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ჯუჯა ავტომობილმა 90 კილომეტრი გაიაროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ს აღწევს.

სალონში არსებული ოთხი ადგილი ვახსენეთ, მაგრამ სრულფასოვანი მხოლოდ ორია - წინები. უკანებზე კი ზრდასრული ადამიანი გაჭირვებით თუ მოთავსდება. მაგრამ ამაზე გაცილებით საინტერესო ელექტრომობილის მართვის უცნაური საშუალებაა - საჭის ტრადიციულ რგოლს სალონში ვერ ნახავთ, მის ადგილას კი ჯოისტიკი დაგხვდებათ, რომელიც მძღოლის ბრძანებებს ელექტროსადენების დახმარებით შეასრულებს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ”ტოიოტა” ამ ჯუჯა ელექტრომობილის სერიულ წარმოებას გეგმავს. და თუ ასეც მოხდა, ”ტოიოტა FT-EV II-ს” მსგავსი ელექტრომობილი ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

”აუდი” ელექტრომობილ e-ტრონს გამოუშვებს

Audi Confirms E-Tron For Production

6 ოქტომბერი

”აუდიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკფურტში გამოფენილი კონცეპტუალური e-ტრონის ბაზაზე, სერიული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ e-ტრონი სპორტულ მოდელ R8-ს ბაზაზეა დამზადებული და ის ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც თითო ბორბალს ემსახურება. ძრავების ჯამური სიმძლავრე 313 ცხენის ძალას აღწევს, მათ კი ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს.

აკუმულატორების დამუხტვა პლაგ-ინ სისტემით, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ხდება. მათი სრული დამუხტვისთვის კი 6-8 საათია საჭირო. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეჩერებლად დაახლოებით 250 კილომეტრის გავლა შესძლოს.

”აუდის” მონაცემებით, ფრანკფურტში წარმოდგენილ სრულფასოვან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4. წამში შეუძლია, 60-დან 120 კმ/სთ-მდე 4.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს სღწევს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სერიული ავტომობილიც იმავე აგრეგატებით აღიჭურვება, თუ მისთვის გერმანული კომპანია უფრო კომპრომისულ ვარიანტს აირჩევს. კომპრომისულში იგულისხმება ის, რომ ლექტროძრავების და აკუმულატორების რაოდენობის შემცირება, ავტომობილის ფასსაც დასწევს, რაც მის კონკურენტუნარტიანობაზე დადებითად აისახება.

უახლოეს ორ წელიწადში, ”აუდი” e-ტრონის ბაზაზე საცდელ პროტოტიპებს დაამზადებს, 2012 წელს კი ამ ავტომობილის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. გარდა ამისა, გერმანულ კომპანია თავისი სამოდელო გამის სხვა ავტომობილების ბაზაზეც აპირებს ელექტრომობილების წარმოებას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება, საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი იქნება, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალურ ”უპ!-ის” ბაზაზე დამზადდება.

Sunday, October 4, 2009

”ნისანი” ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთების მიღებას დაიწყებს

Nissan Leaf

4 ოქტომბერი

”ნისანმა” გამოაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, თავის კომპაქტურ ელექტრომობილ ”ლიფზე” ამერიკაში შეკვეთების მიღებას დაიწყება, ავტომობილის მიწოდებას კი იმავე წლის მეორე ნახევარში შეუდგება.

პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ამ ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია ორი თვის წინ ჩატარდა და კომპანიის მონაცემებით, მისით დაინტერესება, მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით 22 000 ადამიანზე მეტმა გამოხატა.

ამასთან, ამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი იმ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც ”ნისანი” თავის ”ლიფს” პირველ რიგში შეიტანს. მათგან თითქმის ნახევარმა კი განაცხადა, რომ ამ ელექტრომობილის შეძენა, რაც შეიძლება მალე სურთ, დანარჩენმა 45-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ ელექტრომობილის (ნებისმიერი მარკის) შეძენას უახლოეს ორ წელიწადში აპირებს.

ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ”ნისანის” ოპერაციების ხელმძღვანელი კარლოს ტავარესი ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, სანამ ”ლიფის” მიწოდებას დაიწყებს, ამ ავტომობილზე 20 000 შეკვეთის მიღება მაინც მოასწროს.

იაპონური კომპანიის განცხადებით, ”ნისან ლიფს” პირველ რიგში, ამერიკელი მყიდველი მიიღებს. ეს ნოემბერში მოხდება. ამერიკელთაგან კი ამ ავტომობილს კალიფორნიელი შემკვეთები მიიღებენ. სწორედ კალიფორნიაში აიღებს სტარტს საპრომოუშენო ტური, რომლის მიზანიც იმ ბაზრების მოვლაა და იქაური მყიდველებისთვის ”ლიფის” გაცნობაა, სადაც ეს ელექტრომობილი უნდა გაიყიდოს.

ჩვენი ბლოგის მუდმივი მკითხველი ”ნისან ლიფს” აგვისტოს პრეზენტაციიდან იცნობს. მათ კი, ვისაც მის შესახებ არაფერი სმენია, ვეტყვით, რომ მსოფლიოს პირველი მასობრივი ელექტრომობილი ”ნისანის” პოპულარულ ჰეჩბეკ ”ტიიდას” ზომისაა, თუმცა სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული. ელექტრომობილი აღჭურვილია 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს. პლაგ-ინ სისტემის მეშვეობით, ეს აკუმულატორები ენერგიას საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ივსებენ, მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ”ლიფმა” შეუჩერებლად 160 კილომეტრი გაგატაროთ.

თავიდან, ამერიკაში გასაყიდ ”ლიფს” ”ნისანი” იაპონიაში აწარმოებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 2012 წლიდან, ამ ავტომობილის წარმოებას ”ნისანის” ამერიკული ქარხანაც აითვისებს, რომელიც შტატ ტენესის ქალაქ სმირნაში მდებარეობს.

ამ ქარხნის მოდერნიზაციისთვის იაპონურ კომპანიას 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული. ამუშავების შემდეგ კი (2012 წლიდან) იქ წლიურად 150 000 ცალი ”ლიფის” და 200 000 ცალი ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის წარმოება იქნება შესაძლებელი.

Saturday, October 3, 2009

”მაკლარენმა” დაშლილი MP4-12C გვაჩვენა

McLaren MP4-12C

3 ოქტომბერი


როდესაც ავტომწარმოებლები ახალ მოდელს ამზადებენ, ეს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ხდება. მაგრამ ახალი ავტომობილის შესახებ თუნდაც მწირი ინფორმაცია კიდევ უფრო მიუწვდომელია, თუ საქმე სუპერ ავტომობილს ეხება, ისეთს, როგორიც ”მაკლარენის” უახლესი MP4-12C არის.
მზიდი ელემენტი
.....................................................
მაგრამ როგორც კი ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მისი დამალვა, კონკურენტების გარდა, აღარავის აწყობს. შესაბამისად, პოტენციური მყიდველის მისაზიდად, თავისი სიახლის რეკლამირებისთვის, მწარმოებელი ხშირად იმაზე მეტ ინფორმაციასაც კი ავრცელებს, ვიდრე საჭიროა.
უკანა საკიდარი
..................................................
სწორედ ასე მოიქცა ”მაკლარენი”, რომელმაც თავისი MP4-12C, რომ იტყვიან, ძვლებამდე გააშიშვლა და მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, სპეციალურად შექმნილ საიტზე გამოაქვეყნა. ასე განსაჯეთ, საიტზე ის ფოტოც მოხვდა, რომელზეც ავტომობილი დაშლილი სახითაა აღბეჭდილი. ძარის გარდა, მასზე ყველა მსხვილი და მეტნაკლებად საპასუხისმგებლო დეტალი და კვანძია გამოსახული. ამ ფოტოზე ცალკე ნახავთ ძრავს, გადაცემათა კოლოფს და ტრანსმისიის სხვა ნაწილებს, საკიდარს დაშლილი სახით, მუხრუჭებს, საჭის მექანიზმს, რადიატორებს და სხვას.

ძრავი

................................................

ეს საიტი საინტერესოა იმ ადამისნებისთვის, რომლებსაც ჯიბე ამ შესანიშნავი ავტომობილის საშუალებას აძლევს, არამედ მათთვისაც, ვისაც საავტომობილო საინჟინრო საქმე აინტერესებს.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ”მაკლარენ აუტმოტივის” მანქანების პოტენციურ მყიდველს ზოგადი წარმოდგენა შევუქმნათ იმაზე, თუ მისთვის რის მიყიდვას ვაპირებთ. მათ საკუთარი თვალით უნდა ნახონ ის, რასაც ჩვენ სარეკლამო რგოლებით ვთავაზობთ. ასე უფრო დარწმუნდებიან იმაში, რომ MP4-12C დინამიურობისა და ეფექტურობის ჱვალსაზრისით, სპორტული ავტომობილების ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებს. ეს ავტომობილი შოურუმებში 2011 წელს გამოჩნდება, მანამდე კი მას პოტენციური მყიდველი სწორედ ამ სატის მეშვეობით გაიცნობს”, - ამბობს ”მაკლარენ აუტომოტივის” მარკეტინგის განყოფილების შეფი ლაიან დეილი.

მათთვის, ვისაც ამ საიტით MP4-12C-ის უფრო ახლოს გაცნობა სურთ, გაიცანით:

http://www.mclarenautomotive.com/uk/default.aspx#/p11/explode

”ბუგატი” ”გალიბიერ 16C-ს” გამოუშვებს

Bugatti Galibier 16C

3 ოქტომბერი

”ბუგატის” კონცეპტუალურ სედან ”გალიბიერ 16C-ს” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე შედგა, მაგრამ იქ კომპანიას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის წარმოებას. მაგრამ ავტო შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრანკფურტში მიღებული კარგი გამოხმაურების გამო, ამ ბრწყინვალე ავტომობილს მალე მწვანე შუქს აუნთებენ.

სპორტული ”ვეირონისგან” განსხვავებით, ”გალიბიერი” სიჩქარის დემონი არაა და მასში აქცენტი სიმდიდრესა და კომფორტზეა გაკეთებული. ერთი შეხედვით, ამის დასტურად, ტყავითა და ძვირფასი ხის მასალებით გაწყობილი სალონი გამოდგება, სადაც მხოლოდ ოთხი სავარძელი დაგხვდებათ.

ძრავი იგივეა, რაც ”ვეირონზე” – 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, ორი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის იჟინრებმა ამ აგრეგატის ტემპერამენტი ხელოვნურად შეზღუდეს და თუ ”ვეირონზე” ძრავს 1 000 ცხენის ძალა აქვს, ”გალიბიერზე” 800 ცხენის ძალითაც კმაყოფილდება. გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უკავშირდება.

”გალიბიერის” ცისფერსისხლისნობას ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ ავტომობილი ორ ფერში - სარკესავით გაპრიალებული ალუმინისა და კარბონის შავ ფერებშია გამოწყობილი. სავარაუდოდ, წარმოების დაწყების შემდეგაც, ორფეროვანი მოტივი დარჩება, თუმცა ფერთა შეხამებას ალბათ მყიდველი თავისი გემოვნებით შეარჩევს.

დაბოლოს. რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ”ბუგატი” გალიბიერის ფასი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი იქნება. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის წარმოება მერმის დაიწყება.

”ფოლკსვაგენი” უკვე მეშვიდე თაობის ”გოლფს” ამზადებს

Volkswagen Golf MkVII

3 ოქტომბერი

მეშვიდე თაობის ”გოლფი” საგზაო ტესტებს გადის

..............................................................................................

ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც ”ფოლკსვაგენმა” მეექვსე თაობის ”გოლფის” გაყიდვა დაიწყო, წარმოებისთვის კი უკვე ამზადებს ახალ, მეშვიდე ”გოლფს”, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

ახალი ავტომობილის პლატფორმა უკვე გადის საგზაო ტესტებს, მისი ძარის დიზაინი კი ჯერაც შემუშავების სტადიაშია. რა თქმა უნდა, მასზე მუშაობა გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთმა ნიუანსმა პრესაში მაინც გაჟონა და ამაში დამნაშავენი ვოლფსბურგული კომპანიის ის თანამშრომლები არიან, რომლებმაც კონცეპტუალური L1-ის პრომო კლიპი ჩაწერეს.

კადრი L1-ის პრომო კლიპიდან

................................................................

საქმე ისაა, რომ კლიპის ერთ კადრში, უკანა პლანზე მეშვიდე ”გოლფის” დიზაინის შემუშავების პროცესი მოხვდა. ავტომობილის თიხის სკულპტურა უკვე დასრულებულია და კადრში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ დიზაინერები ავტომობილის ძარის ცალკეულ ელემენტებზე.

რა თქმა უნდა, ყოველივე ”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობამაც შენიშნა და ის კადრები, რომლებზეც ახალ ”გოლფზე” მუშაობის პროცესია ასახული, კლიპიდან ამოიღეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” სპეციალისტებმა ეს მომენტი ცალკეულ კადრებად ამოიღეს და, რა თქმა უნდა, გაავრცელეს.

ტესტირების პროცესში გადაღებული ფოტოების და კლიპიდან ”მოპარული” კადრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ”გოლფი” იმ სტილში სრულდება, რომელიც ვოლფსბურგელებმა უკვე გამოიყენეს ახალ ”სიროკოსა” და ”პოლოზე”. ესე იგი, ავტომობილს წინ წამოწეული ცხვირი და წინა თაობის მოდელთან შედარებით დაწვრილებული წინა ფარები ექნება.

მაგრამ იბადება კითხვა - რისი ბრალია, რომ მწარმოებელმა თავისი პოპულარული ავტომობილის მე-6 თაობის მოდელს ასეთი ხანმოკლე არსებობა არგუნა? მიზეზი ძალიან მარტივია - მეექვსე ”გოლფი” მეხუთის ბაზაზეა შექმნილი და ფაქტობრივად, მისი მოდიფიცირებული ვარიანტია. შეიძლება ითქვას, რომ განახლებული მეხუთე ”გოლფია”.

კონცერნის ვოლფსბურგული შტაბბინიდან გავრცელებული კონფიდენციური ინფორმაციით, მეექვსე ”გოლფის” წარმოება 2011 წლის დეკემბერში შეწყდება. სულ ამ ავტომობილს 1.6 მილიონ ცალს დაამზადებენ. შედარებისთვის, მეხუთე ”გოლფი”, რომლის წარმოებაც 2003 წელს დაიწყო, 2.3 მილიონი ცალი გაიყიდა, რაც ამ მოდელისთვის ასევე საშუალო მაჩვენებელია.

რაც შეეხება მეშვიდე ”გოლფს”, ის სრულიად ახალ პლატფორმას და გაცილებით ეფექტურსა და ეკონომიურ ძრავების გამას მიიღებს და ვოლფსბურგელთა ვარაუდით, ბაზარზე თავის პოზიციებს დაიბრუნებს. სწორედ ამიტომაა, რომ მეექვსე ”გოლფს” ასეთი ხანმოკლე ციკლი ერგო.

Friday, October 2, 2009

ფერარი ახალ მოდელებს ამზადებს

Ferrari

2 ოქტომბერი

”ფერარის” აღმასრულებელმა დირექტორმა ამედეო ფელისამ გამოაცხადა, რომ მისი კომპანია წარმოებისთვის ერთდროულად სამ ახალ სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც V12 არქიტექტურის ძრავებით იქნებიან აღჭურვილნი. ეს ერთგვარი პასუხია სუპერ ავტომობილების ბაზარზე ”მაკლარენის” გამოჩენისა, რომელმაც ახლახანს საზოგადოებას სრულიად ახალი მოდელი წარუდგინა და კიდევ ორს უახლოეს მომავალში პირდება.

მარანელოელები პირველ რიგში, მოდელ ”612 სკალიეტის” შეცვლას აპირებენ. ეს ავტომობილი ბაზარზე ხუთი წლის წინ გამოჩნდა, მის შემცვლელს კი იტალიური კომპანია 2012 წელს გამოუშვებს.

თითქმის იმავდროულად, მარანელოელები თავიანთი ახალი ფლაგმანური ავტომობილის გამოშვებასაც გეგმავენ და ეჭვიც არავის ეპარება, რომ 288 GTO-ს, F40-ს, F50-ს და ”ენცოს” ღირსეული შთამომავალი ეყოლებათ.

მართალია, ”ფერარის” ინჟინრები ინტენსიურად მუშაობენ ჰიბრიდული ტექნოლოგიის ათვისებაზე, მაგრამ ფელისა ამბობს, რომ ჰიბრიდული აგრეგატი მისი კომპანიის ავტომობილებზე უფრო გვიან გამოჩნდება, ვიდრე ”ენცოს” შემცვლელს პირველი კლიენტი მიიღებს. ცნობილია, რომ ახალი ”ენცო” (მას ალბათ სხვა სახელს შეურჩევენ, შესაძლოა, F60 დაარქვან) V12, ან V8 ტურბოძრავით აღიჭურვება. მოგვიანებით კი მასზე ჰიბრიდულ დანადგარსაც დააყენებენ.

მესამე მოდელი, რომელსაც შეცვლა ელის, არის ”599 GTB ფიორანო”, თუმცა მის ახალ ვერსიას დებიუტი წინა ორ მოდელთან შედარებით ცოტა დაუგვიანდება. ”ფიორანოს” წარმოება მარანელოში ორი წლის წინ დაიწყეს და მისი შეცვლა 2015 წელზე ადრე მოსალოდნელი არაა.

”ალფა 169-ს” წარმოების დაწყება გვიანდება

Alfa Romeo 169

2 ოქტომბერი

”ალფა რომეო” ბიზნეს კლასის სედან 169-ს წარმოების დაწყებას ამ წლის ბოლოდან აპირებდა, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა იტალიურ კომპანიას გეგმები შეაცვლევინა. და დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ გვარიანად მოძველებული ”ალფა 166-ის” შემცველი მერმის, წლის ბოლოსღა თუ გამოჩნდება. უფრო მეტიც, ბოროტი ენები სისინებენ, რომ ”ალფა 169-ს” კიდევ სამი წელი ვარ ვიხილავთ.

ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ”ალფა 169-ს” მსავარაუდი გარეგნობა ჩანს. ძნელი სათქმელია, ამ ფოტოებზე გამოსახულ ავტომობილს რა აქვს საერთო ახალ სედანთან, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ სახით, ის ძალიან პოპულარული გახდება.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ”ალფა რომეო” თავისი დიდი სედანის კორპორატიულ სტილს ცვლის. 169-ს წინა ნაწილში ისევ მილანური კომპანიისთვის დამახასიათებელი რადიატორის სტილიზებული ბადე დომინირებს, რომელსაც ამჯერად უფრო მომრგვალებული მოყვანილობა აქვს. რადიკალურადაა შეცვლილი ავტომობილის უკანა ნაწილის დიზაინი, რომელიც ერთდროულად ორი კონკურენტის - ”მერსედეს CLS-ის” და ”ფოლკსვაგენ პასატ CC-ს” შესაბამისი ნაწილის მოყვანილობასაა მიმსგავსებული. ჰო მართლა, 169-ს ფასტბეკის სტილში, მეხუთე კარიც აქვს, რის გამოც, ის შეიძლება სედანის ტიპს აღარ მივაკუთვნოთ და ოთხკარიანი კუპე ვუწოდოთ.

სედანი 169 ”ალფა რომეოს” პირველ რიგში, აშშ-ის ბაზარზე დასაბრუნებლად სჭირდება. მაგრამ შესაბამისი ახალი პლატფორმის არქონის გამო, წარმოებისთვის მისი მომზადება გვიანდება. სავარაუდოა, რომ ამ ავტომობილისთვის მილანელები ”ფიატის” მიერ წელს შეძენილი ”კრაისლერის” რომელიმე არსებულ პლატფორმას გამოიყენებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ ალიანსის წევრებმა ახალი პლატფორმა თავ-თავიანთი მოდელებისთვის ერთობლივად შეიმუშაონ. გარდა ამისა, ”ფიატი” და ”ალფა რომეო”, რომელიც ტურინული კონცერნის ჯგუფში შედის, ამერიკაში დასაბრუნებლად, პარტნიორი ”კრაისლერის” სადილერო ქსელს გამოიყენებენ.

მართალია, ”ალფა 169-ს” შესახებ ჯერ ოფიციალურად არნაირი დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და ძრავების ფართო გამას მიიღებს, რომელთა სიმძლავრე 170-დან 250 ცხენის ძალამდე იქნება. სავარაუდოდ, ავტომობილის ფასი 40 00 ევროს ფარგლებში იქნება.

Wednesday, September 30, 2009

”ფერარი P4/5 კომპეტიციონე” - გლიკენჰაუსი რბოლებმა გაიტაცა

Ferrari P4/5 Competizione In The Works?

30 სექტემბერი

მანქანა, რომლის სურათსაც აქ ხედავთ, რეალურად არ არსებობს. უფრო სწორედ, არსებობს, მაგრამ ამ ფერებში არა. ავტომოყვარულებს უთუოდ ემახსოვრებათ, რომ ოთხი წლის წინ, ამერიკელი კინოპროდიუსერისა და საფონდო ბირჟის მაგნატ ჯეიმს გლიკენჰაუსის შეკვეთით, იტალიურმა ატელიე ”პინინფარინამ”, ლეგენდარული ”ფერარი ენცოს” ბაზაზე, P4/5 შექმნა, რომელიც დღემდე, მთელს მსოფლიოში, ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობს.

გლიკენჰაუსის შეკვეთის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მის პატრონს ექსკლუზიური, მხოლოდ მისთვის შექმნილი სუპერ ავტომობილი ჰყოლოდა.

მაგრამ დღეს გლიკენჰაუსს ამ შესანიშნავი ავტომობილისთვის ახალი მისია დაუსახავს და თუ ჩანაფიქრი განახორციელა, მალე გამძლეობის რბოლებში (როგორიცაა კე მანის 24-საათიანი რბოლა), მისი გვარის მატარებელი გუნდი, სწორედ P4/5-ს ბაზაზე შექმნილი ”P4/5 კომპეტიციონეთი” იასპარეზებს.

და მაინც, ამ სურათზე მხოლოდ ფოტო ტისერია, რომელიც ცნობილ ჰოლანდიელ დიზაინერ მიშელ ვან დენ ბრინკს ეკუთვნის, რომელიც სერიული და მცირესერიული ავტომობილების ბაზაზე, ექსკლუზიური მოდელების შემუშავებაშია გაწაფული.

ვან დენ ბრინკის მიერ შექმნილი ტისერი რეალურად, მხოლოდ ფერშეცვლილი P4/5-ის. ის კეგენდარულ გუნდ ”ნორთ ამერიკენ რეისინგ ტიმის” (NART) ფერებშია გამოწყობილი. ეს გუნდი ცნობილია, როგორც აშშ-ის გამძლეობის რბოლებში ”ფერარის” ავტომობილების მომხმარებელი. NART-ი ჩრდილოამერიკულ რბოლებში 1958-1982 წლებში, მხოლოდ ”ფერარის” ავტომობილებით მონაწილეობდა.

როგორი გაგრძელება ექნება გლიკენჰაუსის ახალ იდეას, ჯერ არავინ იცის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კაცს ყველაფერი გამოსდის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე, მისი სარბოლი გუნდის ავტომობილები სებრინგის, კაგუნა სეკას, დეიტონას, ან თუნდაც სარტეს ტრასებზე გამოჩნდება.

”იაგუარი” ხუთკარიან კუპეს ამზადებს

Jaguar Planning Five-Door Coupe

30 სექტემბერი

ხუთკარიანი კუპეებით გატაცების საქმეში, ”ბეემვეს” და ”აუდის” მიმბაძველი უკვე გამოუჩნდათ და როგორც ჩანს, ეს ახალი საავტომობილო კლასი მალე ძალიან პოპულარული გახდება.

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სპორტული ჰეჩბეკის შესაქმნელად ”იაგუარი” მუშაობს. ინგლისური კომპანიის ახალი ავტომობილი ექვსი წლის წინანდელ კონცეპტუალურ RD6-ის (სურათზე) ბაზაზე მუშავდება და ის ამ ეტაპზე, შიდასაქარხნო კოდური სახელწოდებით - RD7 არის ცნობილი.

RD6 საინტერესო კონცეპცია იყო. ჯერ ერთი, მას არ ჰქონდა შუა საყრდენი, ერთ მხარეს მოთავსებული კარები კი სხვადასხვა მხარეს იღებოდა (ეგრეთ წოდებული თვითმკვლელი კარები - როგორც როლს როის ფანტომზე). და რაც მთავარია, უკანა ნაწილის დიზაინით, ის ახლანდელ ”ვოლვო C30-ს” ჰგავდა (ვოლვომ ამ ავტომობილის გამოშვება სამი წლის წინ დაიწყო). შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, ორივე კომპანია ”ფორდის” ჯგუფში შედიოდა. მაგრამ დღეს ”იაგუარი” უკვე გაყიდულია, ”ვოლვოს” კი დირბორნელები ალბათ წლის ბოლომდე შეელევიან.

ჯერჯერობით ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ RD6-ის ”იაგუარი” თავისი უახლესი სედანის - XF-ს დამოკლებულ ვარიანტს გამოიყენებს. სამაგიეროდ, ახალ ავტომობილზე XF-ის ყველა აგრეგატი გადმოინაცვლებს.

მართალია, RD7 შემუშავების სტადიაშია, მაგრამ მასზე ადრე ”იაგუარი” XE-ს გამოუშვებს, რომელლის გაყიდვების დაწყებაც 2013 წლიდან იგეგმება. ეს ავტომობილი კონცეპტუალურ როდსტერ F-ტაიპის ბაზაზე აიგება და ის როგორც კუპეს, ასევე როდსტერის (კონცეპტუალური ავტომობილი როდსტერი იყო) ძარით დამზადდება.

სავარაუდოდ, ”იაგუარი” RD7-ს წარმოებას 2014 წელს დაიწყებს.

Tuesday, September 29, 2009

”რენოს” ოთხი ელექტრონული ”მუშკეტერი”

Renault in Frankfurt

29 სექტემბერი

რენოს ელექტრომობილები
...................................................
ფრანკფურტში ახლახანს დასრულებულ საავტომობილო შოუზე ელექტრომობილებით ვერავის გააკვირვებდი - ყველა დიდი კომპანია ავტოინდუსტრიაში მოსალოდნელი დიდი შემობრუნებისთვის ემზადება. ამ მზადების მთავარი მიზანი კი ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილების წარმოების ათვისებაა.
რენო ტვიზი Z.E.
...................................................
ელექტრომობილებისწარმოებისთვის მზადების საქმეში ერთ-ერთი მოწინავე ”რენო” და მისი იაპონელი პარტნიორი ”ნისანია”, რომლებიც საერთაშორისო პროექტ ”ბეტერ პლეისის” ფარგლებში, ერთდროულად, რამდენიმე ელექტრომობილის პროექტს ამუშავებენ. და აი, ფრანკფურტში ფრანგულმა კომპანიამ ოთხი ასეთი ავტომობილის პროტოტიპი წარმოადგინა, ავტომობილებისა, რომელთა სერიული წარმოების დაწყებაც 2011 წლიდან იგეგმება.
რენო ზოე Z.E.
................................................

ამ ოთხეულში ყველანაირი ზომისა და გემოვნების შესაფერის ავტომობილს ნახავთ. მათ შორის ყველაზე პატარა ორადგილიანია, სახელად ”ტვიზი Z.E.”, მეორეა სუბკომპაქტური ფსევდოკუპე ”ზოე Z.E.”. დანარჩენი ორი კი სერიული ავტომობილების - ფურგონ ”კანგუსა” და სედან ”ფლუენსის” პლატფორმაზეა ბაზირებული.

”ტვიზი Z.E.” კიდევ უფრო მოკლეა (2.30 მეტრი), ვიდრე ”პეჟოს” კონცეპტუალური BB1, რომლის პირველად ნახვა ასევე ფრანკფურტში იყო შესაძლებელი, მისი სიგანე კი მეტრზე ოდნავ მეტია (1.13 მეტრი). ავტომობილი ორადგილიანია და მასში მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკანაა მოთავსებული. მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ჯუჯას მხოლოდ 60 ლიტრი მოცულობის ნვირთის გადატანა შეუძლია.

რენო კანგუ Z.E.
................................................
ავტომობილი 20-ცხენისძალიანი (მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 70 ნიუტონმეტრია) ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავანგარდული გარეგნობის მქონე ”ტვიზიმ” გაუჩერებლად 100 კილომეტრი განვლოს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 75 კმ/სთ-ია. საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი დაახლოებით სამსაათნახევარია საჭირო.

რენო ფლუენს Z.E.

.................................................

დანარჩენი სამი ელექტრომობილი ერთი და იგივე აგრეგატითაა აღჭურვილი. ესაა 95-ცხენისძალიანი (და 226-ნიუტონმეტრიანი) ელექტროძრავი, რომელიც ელექტროენერგიას ასევე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან (უფრო დიდი ტევადობის, ვიდრე ”ნვიზისაა”) ღებულობს. ამ ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ”ზოე-მ”, ”კანგუმ” და ”ფლუენსმა” 160 კილომეტრი განვლონ. აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 4-8 საათია საჭირო.

რაც მთავარია, ყველა ავტომობილი, აკუმულატორების სწრაფად შეცვლის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ბლოკის სულ რაღაც სამ წუთში შეცვლის საშუალებას იძლევა. ეს სისტემა პროექტ ”ბეტერ პლეისის” ფარგლებში შემუშავდა და მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ელექტრომობილების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდეს - ავტომობილების ღირებულებაში ძვირადღირებული აკუმულატორების ფასი აღარ შევა. სამაგიეროდ, ამ ფასს ენერგიის შევსების, უფრო სწორედ კი, დასამუხტ სადგურებზე განმუხტულის ნაცვლად დამუხტული აკუმულატორების დაყენებისას, ენერგიის საფასურის აღებისას გაითვალისწინებენ.

Saturday, September 26, 2009

”პეჟო BB1” – ”ფრანგული ლომების” კონცეპტუალური კვადროციკლი

Peugeot BB1 Concept

25 სექტემბერი

ფრანგულმა კომპანიამ ფრანკფურტის ავტო შოუს დამთვალიერებლებს საკმაოდ ორიგინალური, უცნაური და ძალიან საინტერესო კონცეპტუალური ნამუშევარი - BB1 წარუდგინა. ერთი შეხედვით, ეს ავტომობილია, მაგრამ სალონში თუ შეიხედავთ, კვადროციკლი გაგახსენდებათ, რადგან იქ დაახლოებით ისეთსავე (უფრო მოსახერხებელსა და დახვეწილს) საჭეს დაინახავთ, როგორიც კვადროციკლებზე გინახავთ. ისე, ეს მოწყობილობა რაღაცით თვითმფრინავის საჭესაც ჰგავს.

თუმცა, BB1 ავტომობილია, კვადროციკლი, თუ არამფრენი თვითმფრინავის მსგავსი მუტანტი, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი კი ისაა, რომ ის გარემოსადმი მეგობრული პატარა მხეცია (პეჟოს ემბლემა ხომ უნდა გაამართლოს?), რომელიც მოძრაობაში ელექტროძრავს მოჰყავს.

ოღონდ, სანამ ამ ბოკვერის ტექნიკურ შესაძლებლობებზე მოგიყვებით, ორიოდე სიტყვით მის გაბარიტებსა და შეთანწყობაზე შევჩერდებით. ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 2.5 მეტრია. სალონში ბარგის გადასატანად მოკრძალებული ადგილია (160 ლიტრი), მაგრამ თუ ოთხიდან სამ სავარძელს (უფრო დასაჯდომ ადგილს, რადგან მათზე სავარძელს უნამუსო მატყუარაც ვერ იტყვის) დაკეცავთ, მაშინ ბარგისთვის გამოთავისუფლებული ადგილის მოცულობა 855 ლიტრს მიაღწევს. ეს კი ზოგი უნივერსალისთვისაც კარგი მაჩვენებელი იქნებოდა.
სალონში დასაჯდომები ტანდემებადაა განლაგებული - უკანა მარცხენა მგზავრის სკამი მძღოლისასთანაა შეწყვილებული, უკანა მარჯვენასი კი, შესაბამისად, წინა მგზავრის სკამთან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს BB1-ს შესაქმნელად, ინჟინრებმა ორი ბაიკი შეაწყვილეს. მძღოლის განკარგულებაში კი მხოლოდ საჭეა, რომელზეც მართვის ყველა საშუალებაა განლაგებული, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩვეულებრივ ავტომობილებში სატერფულების სახით გვხვდება.

ახლა ძრავზეც ვილაპარაკოთ: ავტომობილი, რომელიც 600 კილოგრამს იწონის, მოძრაობაში ორ პატარა ელექტროძრავს მოჰყავს, რომელთა სიმძლავრეც სულ რაღაც 7.5-7.5 კილოვატია (10-10 ცხენის ძალა). შესაბამისად, ამ ავტო-კვადროციკლ-მობილს ძალიან მოკრძალებული დინამიკური მაჩვენებლები აქვს - ადგილიდან 30 კმ/სთ-ს აკრეფას 2.8 წამს ანდომებს, 30-დან 60 კმ/სთ-მდე კი 4.0 წამი სჭირდება.

ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური კომპაქტური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ”პეჟო BB1-მა” შეუჩერებლად 120 კილომეტრი გაგატაროთ. ქალაქში მოძრაობისას, ეს საკმარისზე გაცილებით მეტია, ქალაქგარეთ მოძრაობისთვის კი ეს ჯუჯა ნაკლებად მიმზიდველად მოჩანს.

აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია უფრო მცირე სვლის მარაგისთვის იქნებოდა საკმარისი, რომ არა მზის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის სახურავზეა დამონტაჟებული. ამ ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ძირითადად ავტომობილის დამხმარე ელექტრომოწყობილობათა კვებისთვის გამოიყენება, სრულად დამუხტულ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს.

აპირებს თუ არა ”პეჟო” ამ ავტომობილსი სერიულ წარმოებას, ამის შესახებ ფრანკფურტში არაფერი თქმულა. სავარაუდოდ, BB1 კონცეპტუალურ ეგზემპლარად დარჩება, თუმცა მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს მალე ალბათ სხვა სერიულ ავტომობილებში შევხვდებით.

Wednesday, September 23, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

მელკუს RS2000

Melkus RS2000

23 სექტემბერი

პეტერ მელკუსი და მისი შედევრი

ფრანკფურტში მიმდინარე საავტომობილო გამოფენაზე, რამდენიმე ძველი პოპულარული ავტომობილის გაცოცხლებული ვარიანტის ხილვა შეიძლება, რომელთაგან ორი გერმანულია - ”ტრაბანტი”, რომელიც უკვე გაგაცანით და ”მელკუსი”. ორივე ავტომობილს ადრე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ-ში) უშვებდნენ და თუ პირველი მასობრივად იწარმოებოდა, მეორეს შესახებ შეიძლება ბევრმა არც არაფერი იცოდეს.

ეს კომპანია თავის დროზე ცნობილმა ავტომრბოლმა და ავტოინჟინერმა ჰაინც მელკუსმა1959 წელს ჩამოაყალიბა (წარმოგიდგენიათ, კომუნისტების დროს). კომპანიამ 1986 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში, საგზაო სპორტული ავტომობილების (RS1000) გარდა, სხვადასხვა კლასის სარბოლ ტექნიკასაც უშვებდა. კომპანიის დამაარსებელი RS1000-ის შემცვლელის შექმნაზეც ოცნებობდა, მაგრამ თავად ამ ოცნების განხორციელებას ვერ მოესწრო.

2006 წელს, მისმა შვილმა პეტერ მელკუსმა სახელოვანი მამის საპატივცემულოდ, კომპანია აღადგინა და RS2000-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. უსახსრობის გამო, ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესი სამი წელი გაიწელა. და აი, ფრანკფურტში ისიც გამოჩნდა.

კომპანიის შეფი ამას ხმამაღლა არ აღიარებს, მაგრამ RS2000-ს მიზანში ”მერსედეს-ბენცის” უახლესი SLS AMG ჰყავს ამოღებული, რომლის მსოფლიო პრემიერაც ასევე ფრანკფურტში შედგა. ამასთან, თავის ”მეტოქეს” ეგრეთ წოდებული ”თოლიის ფრთებითაც” (კარებებით, რომლებიც ზევით იღება) ჰგავს. თავისი ავტომობილის ექსკლუზიურობისთვის ხაზის გასასმელად კი პეტერმა წარმოების ტირაჟი ძლიერ შეზღუდა - წელიწადში ის მხოლოდ 25 ცალი RS2000-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულ ავტომობილს კი ფასად 107 000 ევრო დაადო.

რას სთავაზობს მყიდველს სანაცვლოდ? ორადგილიან ავტომობილს, რომელიც ”ლოტუს ელისის” პლატფორმაზეა დამზადებული და რომელიც 1.8-ლიტრიანი 16-სარქველიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძრავი სულ რაღაც 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ 950-კილოგრამიანი ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში გაქანდეს. ამასთან, RS2000-ის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

მართალია, შასი ”ლოტუსისგანაა” აღებული, მაგრამ მისი საკიდარი პეტერ მელკუსის ჭკუის ნაყოფია. მისი ელემენტები კი ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული. ავტომობილს კარბონის კომპოზიტისგან შექმნილი მონკოოკური არქიტექტურა გააჩნია, რაც მის სიხისტეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კარბონისგანვეა დამზადებული მისი დამცავი სტრუქტურა, რომელმაც სალონში მყოფნი ავარიების დროს უნდა დაიცვას.

ჰო, მართლა, RS2000-ის დიზაინი სებასტიან ვოლფრამის მიერაა შემუშავებული, რომელმაც შთაგონების წყაროდ ჰაინც მელკუსის RS1000 გამოიყენა. დაბოლოს სალონი. ის მთლიანად მყიდველის სურვილების შესაბამისად გაეწყობა და მის სტანდარტულ აღჭურვაში ლუქსის კლასის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ბევრი დეტალია გათვალისწინებული.

Tuesday, September 22, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

”ოპელი” ფრანკფურტში

Opel Astra, Ampera

22 სექტემბერი

ოპელ ამპერა
ოპელ ასტრა

”ოპელის” გაყოფის საგა პრაქტიკულად დასრულებულია. თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ის მალე კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლისა” და რუსული ”სბერბანკის” საკუთრებაში გადავა. მიუხედავად იმისა, რომ ”ჯენერალ მოტორსს” გერმანულ კომპანიაში ამ ორივეზე (ცალ-ცალკე აღებულზე) მეტი წილი რჩება (35 პროცენტი 25-25-ის წინააღმდეგ), მაინც შეიძლება ითქვას, რომ ”ოპელს” ამიერიდან რუსულ-კანადური ალიანსი გააკონტროლებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მარტო რუსულად, რადგან რუსებს ”მაგნაშიც” სოლიდური წილი ეკუთვნით.

მოკლედ, ამ გაუგებარი კუთვნილების (რამდენადაც მისი ქარხნების უმეტესობა გერმანიაში მდებარეობს, ისევ გერმანული ვუწოდოთ) კომპანიამ ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე ორი ავტომობილი წარადგინა - ბესტსელერ ჰეჩბეკ ”ასტრას” ახალი მოდელი და ჯერაც კონცეპტუალური ჰიბრიდული ”ამპერა”, რომელიც ფაქტობრივად, ”შევროლე ვოლტის” გერმანული გადამღერებაა.

მწარმოებლის განცხადებით, ახალი ”ასტრა” ყველაზე აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, როგორიც კი ოდესმე ყოფილა, მისი დიზაინი უფრო დიდი ზომის ”ინსინიასგან” მიღებული შთაგონებითაა შემუშავებული. ”ინსინიას” მსგავსად, ახალი ”ასტრას” გარეგნოობაშიც ბევრგან შეხვდებით ბუმერანგის მოყვანილობის ელემენტებს. ეს კი თანდათან ”ოპელის” მეორე საფირმო ნიშანი, კორპორატიული სტილი ხდება.

ახალ ასტრაზე ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული. ბევრი მათგანი ”ოპელმა” ჯერ კიდევ ”ინსინიასთვის” შეიმუშავა, ახლა კი მათ ”ასტრაზეც” გადმოინაცვლეს. და მაინც, გერმანული კომპანია გვპირდება, რომ ”ასტრა” თავის მთავარ მეტოქეზე - ”ფოლკსვაგენ გოლფზე” იაფი ეღირება. ვნახოთ, ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც მისი გაყიდვები თბილისშიც (სავარაუდოდ, ეს იანვრის მე-2-3 კვირაში მოხდება) დაიწყება.

ახალი ”ასტრასთვის” ძრავების ფართო არჩევანია გათვალისწინებული. ამ მხრივ, სიახლეა 1.4 და 1.6-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავები. ჰეჩბეკის საბაზო ვერსია კი ბენზინის 1.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მსგავსი ლიტრაჟის ახლანდელ ძრავზე დაახლოებით 8 პროცენტით უფრო ეკონომიურია. ძრავების გამაში ასევე დიზელის რამდენიმე (1.3, 1.7 და 2.0-ლიტრიანი), ასევე ”ეკოფლექს” კონფიგურაციის ძრავი შედის.

რაც შეეხება ამპერას, ის ამჟამად ინტენსიური ტესტირების ფაზაში იმყოფება და ფრანკფურტში ”გზად შეიარა”. ვისაც ამ ავტომობილის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია ჯერ არ წაუკითხავს, ვეტყვით, რომ მართალია, ეს ავტომობილი ჰიბრიდების კლასს განეკუთვნება, მაგრამ მისი ძირითად მამოძრავებელი მაინც ელექტროძრავია, რომელსაც ლითიუმ-იონური აკუმულატორებში დაგროვებული ელექტროენერგიით 50 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში შიდაწვისძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვება, სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს.

”ამპერას” ელექტროძრავი 150 ცხენის ძალასა და 370 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 161 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა კი მას 9 წამში შეუძლია.

ოპელი ამ ავტომობილის წარმოების დაწყებას 2011 წელს გეგმავს.