Tuesday, February 15, 2011

„პორშემ“ მოდელ „ბოქსსტერისგან“ ელექტრომობილი შექმნა

Porsche Unwraps Boxster E Electric Prototype

15 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუზე, „პორშეს“ ერთ-ერთი ექსპონატი, მოდელ „ბოქსსტერის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი იქნება, რომელიც გერმანული კომპანიისთვის მოძრავი ლაბორატორიის მოვალეობას შეასრულებს, მომავალში კი მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს, ცუფენჰაუზენელები თავიანთ სერიულ მოდელებზე დანერგავენ.

„ელექტრული ძალით გადაადგილება უახლოესი მომავლის გამოწვევაა და ჩვენი ინჟინრების მიზანია, ამ გამოწვევას ჩვეული ენთუზიაზმით შევხვდეთ. „ბოქსსტერ E“ ჩვენთვის მოძრავი ლაბორატორია გახდება, რომელსაც ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ, რათა მომხმარებლის მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს „პორშეს“ მთავარი აღმასრულებელი მათიას მიულერი.

„ბოქსსტერ E“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 241 ცხენის ძალაა, რითაც ის შიდაწვისძრავიანი „ბოქსსტერის“ საბაზო ვერსიის სიმძლავრესთან ახლოსაა. ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონურ აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 29 კილოვატსაათია.

გერმანულ კომპანიას ჯერ „ბოქსსტერ E-ს“ ტექნიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დაახლოებით შიდაწვისძრავიანი მოდელის მსგავსი იქნება. ცნობისათვის, „ბოქსსტერ S“ 3.4-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 310 ცხენის ძალას იძლევა, მისი დახმარებით კი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 5.3 წამში ავითარებს.

„პორშემ“ ელექტრომობილების წარმოების გეგმა ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიას სათავეში მიხაელ მახტი ედგა, რომელიც ამჟამად „ფოლკსვაგენის“ წარმოების დირექტორია. ელექტრომობილების გარდა, ცუფენჰაუზენელები თავიანთი ავტომობილების ჰიბრიდული ვერსიების წარმოებასაც გეგმავენ. ამჟამად კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომობილი - „კაიენი“ შედის. მალე ბაზარზე ანალოგიური სისტემით აღჭურვილი „პანამერა“ და კონცეპტუალური „918 სპაიდერის“ ბაზაზე შექმნილი მოდელი გამოჩნდება.

ელექტრული „ტოიოტა iQ EV“ ჟენევური დებიუტისთვის მზადაა

Geneva to Mark European Debut of Toyota iQ EV Prototype

15 თებერვალი

„ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ ჟენევის ავტო შოუზე, თავისი ჯუჯა ჰეჩბეკის, iQ-ს ბაზაზე დამზადებულ ელექტრომობილს გამოფენს. ამ ელექტრომობილს ევროპულ გზებზე ტესტირების სრული ციკლი უკვე გავლილი აქვს და ის ძველი კონტინენტის ბაზარზე მერმისს გამოჩნდება. თუმცა, მხოლოდ ლიზინგით გაიყიდება. იგივე ელექტრომობილი აშშ-ის ბაზარზეც შევა, ოღონდ ის იქ მხოლოდ „სციონის“ მარკით გაიყიდება.

„ტოიოტას“ ინჟინრებმა წარმატებით გაართვეს თავი რთულ ამოცანას, რომელიც მათგან სრულიად ელექტრული აღჭურვილობის ამ პატარა მანქანაში განლაგებას მოითხოვდა. ამასთან, ეს მათ ისე მოახერხეს, რომ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა როგორც სალონის, ისე საბარგულის მოცულობაც.

ჯუჯა ჰეჩბეკს მამოძრავებელ ძალას პატარა ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან იკვებება. აკუმულატორების ბლოკი მანქანის ძირში, იმ ადგილას განთავსდა, სადაც შიდაწვისძრავიან ავტომობილში საწვავის ავზია. აკუმულატორების ტევადობა არ დაკონკრეტებულა, თუმცა იაპონური კომპანია აცხადებს, რომ მათში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ჯუჯამ 105 კილომეტრი გაიაროს. ასევე უცნობია, თუ აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის რა დროა საჭირო.

ცნობისათვის, ელექტრომობილების წარმოებაში, „ტოიოტას“ პარტნიორობას ამერიკული „ტესლა მოტორსი“ უწევს, რომელიც იაპონური კომპანიისთვის აკუმულატორებს, ელექტროძრავსა და ელექტრომობილისთვის საჭირო სახვადასხვა კომპონენტს ამზადებს. ამ ორი კომპანიის პარტნიორობის შედეგები ბაზარზე მერმისს გამოვა. მათგან ერთია iQ, მეორე კი უგზოობის მოდელ RAV4-ის ელექტრული ვერსია, რომელიც პირველად საზოგადოებას დეტროიტის შოუზე ეჩვენა. ამ ავტომობილს აკუმულატორების ტევადობა 240 კილომეტრზე ჰყოფნის, მისი საბაზო ღირებულება კი 40 000 დოლარი იქნება.

ღია ბენტლი ყინულზე სიჩქარის რეკორდსმენი გახდა

Extreme Bentley Supersports Convertible Takes Speed Record on Sheet Ice

15 თებერვალი

დიდი ხანია, რალიში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ფინელმა იუჰა კანკუნენმა თავისი შლემი ლურსმანზე დაკიდა, მაგრამ დროდადრო რბოლებისკენ მაინც გაურბის გული და არც მათში მონაწილეობაზე ამბობს უარს. ახლახანს კი სიჩქარის რბოლის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თავადვე ეკუთვნოდა.

52 წლის იუჰამ „ბენტლი კონტინენტალ სუპერსპორტით“ ყინულზე 330.695 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და მის მიერვე ოთხი წლის წინ დამყარებული რეკორდი თითქმის 9 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. სხვათა შორის, წინა რეკორდიც მან ინგლისური კომპანიის ავტომობილით, ოღონდ „ბენტლი კონტინენტალ GT-ით“ დაამყარა.

იუჰა კანკუნენი

..............................

რა თქმა უნდა, ავტომობილი, რომელიც კანკუნენმა რეკორდის გასაუმჯობესებლად გამოიყენა, მნიშვნელოვნადაა მოდიფიცირებული. უპირველეს ყოვლისა, ავტომობილი დამცავი კარკასითაა აღჭურვილი, რომელიც მის სალონში მყოფთ დაჯახების და გადაყირავების შემთხვევაში იცავს. ავტომობილის ძარას დამატებული აქვს წინა და უკანა სპოილერები, რომლებიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „პირელის“ წარმოების საბურავებითაა (სოტოზერო II, 275/40R20) შემოსილი.

სპეციალური საფენით დაიფარა წინა ფარები, ჰაერის ამღებები და რადიატორის ბადე. მოლიპულ გზაზე ავტომობილის გასაჩერებლად, მანქანას უკანა ნაწილში სპეციალური სამუხრუჭე პარაშუტი დაუყენეს, როგორსაც სამხედრო თვითმფრინავებზე იყენებენ ხოლმე.

„წინა ცდაზე, როდესაც რეკორდი კონტინენტალ GT-ით გავაუმჯობესე, მაგიურ 200 მლ/სთ-მდე ძალიან ცოტა დამაკლდა. ახლა კი, როდესაც გავიგე, რომ ბენტლის ბიჭები „სუპერსპორტსს“ ამზადებდნენ, მის საჭესთან დაჯდომა მომინდა. ამჯერად ჩემს განკარგულებაში 600 ცხენის ძალაზე მეტი, სწრაფად გადამრთველი კოლოფი და სრულამძრავიანი ტრანსმისია იყო. მოკლედ, ღია „სუპერსპორტსი“ რეკორდის დასამხობად საუკეთესო იარაღი იყო“, - განაცხადა კანკუნენმა.

რეკორდი ფინეთში, 30-გრადუსიან ყინვაში, 1000-მეტრიან გზაზე დამყარდა. გარბენს ფინეთის საგზაო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ. რბოლას ასევე გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირეს. როგორც რეკორდების დამყარებისასაა დამკვიდრებული, საბოლოო შედეგი ორი გარბენის დროის საშუალო არითმეტიკულით გამოვლინდა. ამასთან, ორივე გარბენი ერთიმეორის საპირისპირო მიმართულებით შესრულდა.

Monday, February 14, 2011

არდალან ფარბუდის „პაგანი სეი“ - უკეთესი, ვიდრე „პაგანი ჰუაირა“?

Ardalan Farboud’s Pagani Sei Concept: Better than the Huayra?

14 თებერვალი

მსოფლიოში რამდენი ავტოდიზაინერიცაა, ალბათ ნებისმიერი ავტომობილის იმდენივე ხედვა არსებობს. დიზაინერი სწორედ იმისთვისაა, რომ მანქანის გარეგნობის ნებისმიერი დეტალი თავისებურად დაინახოს და თუ შესაძლებლობა აქვს, თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს კიდეც. ამის საშუალება კი მხოლოდ ერთეულებს აქვთ და ისიც მხოლოდ იმათ, ვისაც კონკრეტული ავტომობილის დიზაინის შემუშავება ევალება.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არსებულკი ავტომობილების მათეულ დიზაინს ქმნიან და არცთუ იშვიათად, მათი ნამუშევარი ავტომოყვარულთა მოწონებას იმსახურებს. ასეთთა შორისაა თურქული წარმოშობის ბრიტანელი დიზაინერი არდალან ფარგუდი, რომელმაც სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „პაგანის“ უახლესი მოდელის, „ჰუაირას“ მისეული კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა.

ფარბუდმა ქოვენთრის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტის დიზაინის სრული კურსი გაიარა და უკვე რამდენიმე ცნობილ პროექტზე მუშაობა მოასწრო, ამჯერად კი „პაგანი ჰუაირას“ დიზაინის საკუთარი ვერსია შეიმუშავა და კონცეპტუალური პროექტი საზოგადოებას ინტერნეტით გააცნო. თავის ქმნილებას მან „სეი“ (იტალიურად ექვსი) უწოდა.

„ექვსიანი“ უჟანგავი ფოლადის მილებისგან შეკრული ორი სუბ-ჩარჩოსგან შედგება, რომელთაგან ერთი კარბონის კომპოზიტით გაძლიერებული მონოკოკის საფუძველს წარმოადგენს და ის ავტომობილის ძჲრითადი მზიდი სტრუქტურაა. მეორე კი ძრავის ჩარჩოა, რომელზეც მთავარი აგრეგატი და ტრანსმისიაა დაგაგრებული. ძარაც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება და ის ჩარჩოებზე ხისტად მაგრდება.

ძარას ინდივიდუალური დიზაინი გამოარჩევს და ის „პაგანის“ არცერთ მოდელს არ ჰგავს. იტალიური კომპანიის სუპერ ავტომობილებთან ყველაზე დიდი მსგავსება, უკანა ნაწილის ცენტრში განლაგებული გამოსაბოლქვი ოთხი მილია. სამაგიეროდ, „პაგანის“ ავტომობილებზე ვერ ნახავთ სამხედრო თვითმფრინავის ტიპის მომრგვალებულ სანთელს, რომლის ქვეშაც მხოლოდ ორი გაბედული ადამიანისთვისაა ადგილი. გაბედულის იმიტომ, რომ მათგან ერთს - მძღოლს, არც მეტი, არც ნაკლები, 1200 ცხენის ძალის გამკლავება მოუწევს. ეს კი, ადვილი ნამდვილად არაა.

ძრავი გერმანულ კომპანია AMG-ს მიერაა შექმნილი. ესაა 4.8-ლიტრიანი V8, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც საფეხურების შეცვლას სულ რაღაც 80 მილიწამს ანდომებს. ამ ტანდემის დახმარებით, „სეის“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა სულ რაღაც, 2.9 წამში შეუძლია.

პროექტის მიხედვით, ავტომობილი 1100 კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს. დაბალ წონას კი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენება უზრუნველყოფს. „ექვსიანის“ უკანა საკიდარი რეგულირებადია. ისე კი, წინაც და უკანა საკიდარიც, მზიდ ელემენტს ორმაგი ჩანგლების მეშვეობით უკავშირდება. ბორბლების ზომებია 19X9.5-ზე წინ და 20X12.5-ზე უკან. შესაბამისად, ისინი 265/35ZR19 (წინ) და 335/30ZR20 (უკან) ზომის საბურავებითაა შემოსილი.

უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ ესკიზური კონცეპციის სახით არსებობს, თუმცა მისი რეალურ პროტოტიპად დამზადება, ტექნიკურად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს...

Sunday, February 13, 2011

მინი კუპერი ქოვერ EFX-სგან - ლუი ვიტონის ჩანთა ბორბლებზე

MINI Cooper Works Modified by CoverEFX

13 თებერვალი

საავტომობილო ბაზარზე ბევრ ისეთ ავტომობილს ვერ ნახავთ, რომლებიც სატუნინგო კომპანიების მხრიდან ინტერესს იწვევენ. მაგრამ ინგლისურ კომპანია მინის ავტომობილები ასეთთა რიგებს არ მიეკუთვნება. ყველაზე მეტად კი, მოდიფიცირების ოსტატებს მინი კუპერ უორკსი იზიდავს.

ერთ-ერთი ასეთი სატუნინგო კომპანია გერმანული ქოვერ EFX-ია, რომელმაც ბეემვეს ჯგუფში შემავალი ინგლისური კომპანიის ყველაზე პოპულარულ ავტომობილს გარეგნობაც შეუცვალა და აღჭურვილობაც. და, თავისი ქმნილებით, პრესის ყურადღებაც დაიმსახურა.

პირველ რიგში, ტუნერებმა ხელი ძრავს მოჰკიდეს. 1.6-ლიტრიანი ტურბოდამჭირხნიანი აგრეგატისთვის, რომლის სტანდარტული ვერსიაც 211 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, ორი კომპლექტი მომზადდა, რომლებიც მის მახასიათებლებს რადიკალურად ცვლიან. პირველ კომპლექტში 2.5 დუიმი დიამეტრის მქონე მილებით დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა, სპორტული კატალიზატორი და სპორტული ფილტრი შედის. რაც მთავარია, ამ კომპლექტისთვის შეცვლილია ძრავის სამართავი კომპიუტერული სისტემის პროგრამა. შედეგად, აგრეგატის სიმძლავრე 236 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 350 ნიუტონმეტრამდე იზრდება.

თითქმის იგივეა მეორე კომპლექტში შემავალი დეტალების ჩამონათვალი. ოღონდ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერის პროგრამა იმგვარადაა შეცვლილი, რომ ძრავის სიმძლავრე 252 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 382 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ამ კომპლექტისთვის იცვლება გადაცემათა კოლოფის კონსტრუქცია, რის შედეგადაც, მისი საფეხურების შეცვლა სტანდარტულ კოლოფთან შედარებით, უფრო მოკლე დროში სრულდება.

შეცვლილია ავტომობილის საკიდარი, რომელიც კომპანია KW-ს სპორტული ამორტიზატორებით აღიჭურვება. ავტომობილი უფრო ეფექტურ მუხრუჭებსაც მიიღებს. რტაც შეეხება ბორბლებს,ესაა კომპანია OZ-ის LM უეივ, რომელზეც კომპანია ტოიოს 205/40 R888 საბურავებია გადაკრული.

ავტომობილის საბაზისო ფერი შავია, რომელიც ოქროსფერი რამდენიმე სახის ფიგურებითაა გაწყობილი. ფერთა იგივე კომბინაცია გვხვდება ბორბლებზეც. საერთო ჯამში, ავტომობილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ის ბორბლებზე შემდგარი ლუი ვიტონისეული ჩანთა იყოს. ავტომობილის სახურავი და ცალკეული დეტალები ოქროს ფერადაა შეღებილი. ავტომობილს განსაკუთრებულ მდიდრულ იერს ოქროსფერი არშია ანიჭებს, რომელიც მას გარს უვლის. ის განსაკუთრებით სქელი და თვალშისაცემი ბორბლების თაღებზეა.

კომპანია ქოვერ EFX, მის მიერ მოდფიცირებული მინი კუპერ უორკსის ფასს მოგვიანებით გამოაცხადებს.

„ლამბორგინიმ“ „ავენტადორის“ კომპოზიტური მონოკოკი გვიჩვენა

Lamborghini Reveals Aventador’s Carbon Fiber Monocoque Ahead of Geneva

13 თებერვალი

„ლამბორგინის“ ავტომობილებზე ალბათ ყველა ოცნებობს. ალბათ ქვეყნად არაა მამაკაცი, რომელსაც სანტ’აგატა ბოლონეზეში შექმნილი ოთხბორბლიანი შედევრის საჭესთან თუნდაც ერთხელ დაჯდომა არ სურდეს. და ამის მთავარი მიზეზი, ამ ავტომობილების დახვეწილი და აგრესიული გარეგნობა, ასევე მათი ტემპერამენტია. ამიერიდან კი, „ლამბორგინის“ სუპერ ავტომობილების ღირსებებს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები დაემატება, რომლებსაც იტალიური კომპანიის ინჟინრებთან ერთად, „ფოლკსვაგენის“ (რომლის ჯგუფშიც ლამბო შედის) სპეციალისტებიც შეიმუშავებენ.

მალე „ლამბორგინი“ თავის ფლაგმან „მურსიელაგოს“ შემცვლელს, მოდელ „ავენტადორს“ გამოუშვებს. მის პრემიერამდე კი, ამ ავტომობილის ძრავის, ტრანსმისიის და საკიდარის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გაავრცელა. და ახლა, ჟენევაში პრემიერის წინ, ჯერი „ავენტადორის“ შასის ძირითადი ელემენტის - კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკის ჯერი დადგა.

„მურსიელაგოს“ შემცვლელის მთავარი თვისება სწორედ ისაა, რომ მისი შასის და ძარის დეტალების უმეტესობა კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. სხვათა შორის, კარბონის ბოჭკოთი გამაგრებული პოლიმერის (CFRP) ტექნოლოგიის შემუშავებაში, „ლამბორგინის“ დახმარება „ბოინგის“ სპეციალისტებმა გაუწიეს.

კოკპიტი სხვადასხვა ელემენტებისგანაა შეკრული, თუმცა ისინი ერთმანეთთან იმგვარად შეაერთეს, რომ საბოლოოდ, ერთი მთლიანი მზიდი სისტემა მიიღეს. ამგვარად, მონოკოკს გრეხვისადმი გაზრდილი მედეგობა აქვს, რაც ავტომობილის მანევრულობასა და მართვადობაზე კარგად აისახება. სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიას უკვე დიდი ხანია, ფორმულა 1-ის გუნდები თავიანთი სარბოლი მანქანების წარმოებისას იყენებენ. ამგვარი მონოკოკური (ერთტანიანი) კოკპიტის უპირატესობა ისიცაა, რომ ის მსუბუქიც გამოდის და ენერგოშთანმთქმელ სტრუქტურას ქმნის, რაც ავარიის შემთხვევაში, კინეტიკური ენერგიის დიდ ნაწილს შთანთქავს.

სუპერ ავტომობილის მზიდი ტანი სულ რაღაც 229.5 კილოგრამს იწონის. ამასთან, ძალიან მტკიცეა და გრეხვაზე მისი სიმტკიცე, ყოველი გრადუსით მოტრიალებაზე 35 000 ნიუტონმეტრს აღწევს. მონოკოკზე წინიდან ხისტად მაგრდება წინა საკიდარი, უკნიდან კი (ასევე ხისტად) ძრავი ტრანსმისიასთან და უკანა საკიდართან ერთად.

ცნობისათვის, „ავენტადორი“ 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის ცილინდრებიც ერთმანეთის მიმართ 60 გრადუსითაა დახრილი. ამ ძრავის „სუფთა ფურცლიდან“ შექმნას კომპანიამ სამი წელი მოანდომა. ძრავი 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია შეწყვილებული, რომლის შემუშავებაშიც, მონაწილეობა კომპანია „გრაცანოს“ სპეციალისტებმაც მიიღეს. ამ ტანდემის დახმარებით, „ავენტადორი“ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.9 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ იქნება.

„ლამბორგინი“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე ჩაატარებს, გაყიდვებს კი შოუს დასრულებისთანავე შეუდგება.

Saturday, February 12, 2011

„კონტინენტალი“ წარმოებისთვის ელექტრომობილების უსაფრთხოების სენსორს ამზადებს

Continental EV Safety Sensor to Enter Production in 2012

12 თებერვალი

საბურავების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია „კონტინენტალმა“ თავისი ახალი ელექტრონული ქმნილების - ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სენსორის (evSAT) შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ სენსორის დახმარებით, საგანგებო სიტუაციებში, ელექტრული შოკის მიღება გამოირიცხება.

evSAT იშიფრება, როგორც საელიტი ელექტრომობილებისთვის. ის ელექტრომობილის აკუმულატორების ბლოკს სისტემიდან მაშინვე თიშავს, როგორც კი ავარიის საშიშროებას დააფიქსირებს. სისტემაში შედის ბლოკი CAN (გარემოს მაკონტროლებელი ქსელი), რომელიც ელექტრომობილის ყველა ელექტრონულ სისტემას (მათ შორის, უსაფრთხოების ბალიშებსაც) თიშავს, როდესაც აკუმულატორების ბლოკი იმუხტება.

სისტემას ასევე ემსახურება ამაჩქარებელი სენსორი, რომელსაცწინიდან, უკნიდან და გვერდიდან შეჯახების დაფიქსირება შეუძლია და CAN -ის დახმარებით, მომენტალურად რთავს საქმეში აკუმულატორების მართვის სისტემას, რომელიც ნახევარ წამში, აკუმულატორებს თიშავს.

evSAT სისტემა ანალოგიურად მოქმედებს, როდსაც ამოყირავების საფრთხეს ამოიცნობს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, აკუმულატორების დეაქტივაცისთვის ოთხი წამია საჭირო. დაბალი საფრთხის შემცველი ინციდენტების დროს, სისტემა არ აქტიურდება. ამ შემთხვევაში, აკუმულატორებს ფიზიკური დაზიანებისგან აირბალიში იცავს. როდესაც აკუმულატორებში არსებული ენერგიის მარაგი იმდენად მცირეა, რომ მანქანის გადაადგილებას არ ჰყოფნის და აკუმულატორის დამუხტვაც არ ხდება, evSAT-ს ავტომობილი ენერგიის შემცირებული მოხმარების რეჟიმში გადაჰყავს და ამგვარად, აკუმულატორებს სრული განმუხტვისგან იცავს.

„კონტინენტალის“ შასის და უსაფრთხოების დივიზიონის პასიური უსაფრთხოების სენსორების და სატელიტური სისტემების შემუშავების განყოფილების უფროსი მმართველი აქსელ გესელი ამბობს, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში აკუმულატორების ძაბვის გათიშვით, evSAT-ს დაზარალებულების ძაბვის ქვეშ მოხვედრისგან დაცვა შეუძლია. ამასთან, ის გამორიცხავს ხანძარს და მაშველებს ძაბვის ქვეშ მოხვედრისგან იცავს, როდესაც მათ მანქანის მეტალის ნაწილებთან შეხება მოუწევთ.

„ბეემვეს“ კიდევ ერთ „ხედვას“ ჟენევაში ვნახავთ

BMW Vision Turns ConnectedDrive, Heads for Geneva

12 თებერვალი

2009 წლის ფრანკფურტის ავტო შოუზე, „ბეემვემ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ვიჟნ ეფიშენტდაინემიქსი“ წარადგინა. ეს არის კონცეპცია ავტომობილისა, რომელსაც მბიძგველ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს. მაშინ ვერავინ, თვით ბავარიელებიც ვერ იფიქრებდნენ, რომ ეს კონცეპცია რეალურად განხორციელდებოდა. მაგრამ გამოფენაზე მიღებულმა გამოხმაურებებმა, კომპანიის ხელმძღვანელობას მისი მცირესერიული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება მიაღებინა.

პირველმა წარმატებამ „ბეემვეს“ მადა აღუძრა და ჟენევისთვის „ვიჟნ“ სერიის კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი - „ვიჟნ კონექტდდრაივ“ მოამზადა. ამ ღია ავტომობილს რამდენიმე საინტერესო თავისებურება აქვს. ჯერ ერთი, შესაძლოა, მისი სახით, ბავარიული კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის წინამორბედს ვხედავთ. მეორეც, „მისი სახით, „ბეემვე“ მობილური კავშირის ახლანდელი და მომავლის მეთოდებს წარმოგვიდგენს“.

თუ „ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის“ მთავარი ღირსება მისი ჰიბრიდული აგრეგატია, რომელშიც 3-ცილინდრიანი ტურბოდიზელი და ორი ელექტროძრავი (თითო წინა და უკანა ღერძზე) შედის. რაც შეეხება „ვიჟნ კონექტდდრაივს“, ის მძღოლისთვისაა შექმნილი და მასში მთავარი ყურადღება კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ინფოგართობაზეა (ინფოტაინმენტ) გადატანილი. უფრო კონკრეტულად, მისი შემქმნელები გვიჩვენებენ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის ავტომობილში, მასა და მძღოლს შორის ურთიერთობა. დაკიდევ, პირველ „ვიჟნ“ კონცეპციას დახურული ძარა აქვს, მეორეს კი - ღია.

„ბეემვე“ თავისი ახალი კონცეპტუალური მოდელის შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაციის გავრცელებას არ ჩქარობს. რა თქმა უნდა, ბავარიელთა მიზალია, რომ მათ ჟენევურ გამოფენამდე, ამ ავტომობილის შესახებ ინტერესი, რაც შეიძლება, მეტად გააღვივონ. ჰოდა, ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციის პორციებს, გამოფენამდე პერიოდულად გაავრცელებენ.

და ისევ დიზაინის შესახებ. იმის შესახებ, რომ ამ კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობის ზოგიერთი ელემენტი შეიძლება მალე „ბეემვეს“ სერიულ მოდელებზეც ვიხილოთ, ბრიტანულ გამოცემა „აუტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომლებმაც თავიანთი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

„ამ კონცეპტუალური მოდელის გარეგნობაში ზოგიერთი ისეთი დეტალი შევიტანეთ, რომლებსაც მალე ჩვენს სერიულ ავტომობილებზეც იხილავთ. ისინი პრაქტიკულად მომზადებულია და დამუშავების ბოლო საფეხურს გადიან“, - ამბობს „აუტოქარის“ წყარო. უფრო კონკრეტულად, ასეთი ელემენტებია მთავარი ფარები, რადიატორის ბადე, ასევე უკანა ფარები, რომლებსაც ბუმერანგის ფორმა აქვთ. სხვათა შორის, ასეთ უკანა ფარებს პირველად მე-6 სერიის შემდეგი თაობის კაბრიოლეტზე ვიხილავთ.

სიახლეებია სალონშიც. კერძოდ, მძღოლს ახალი საინფორმაციო სისტემა მოემსახურება, რომელიც სერიული ავტომობილებიდან, პირველად პროექტ „მეგასიტის“ ფარგლებში შექმნილ ჰიბრიდულ სპორტულ მოდელ i8-ზე გამოჩნდება. მასში მძღოლის სავარძელი პროექცირებადი მონიტორითაა აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა მონაცემს სამგანზომილებიან სივრცეში გამოსახავს. ასეთი სისტემა თანდათან გამოდევნის ტრადიციულ მაჩვენებელთა დაფას.

დაბოლოს, „ბეემვე“ არაფერს ამბობს „ვიჟნ კონექტდდრაივის“ აგრეგატებზე რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კონცეპტუალურ ავტომობილს გადაადგილების უნარი არ აქვს და ის მხოლოდ იმ ტექნოლოგიების სადემონსტრაციო ნიმუშია, რომელთა ჩვენებასაც ბავარიელები ამ ეტაპზე აპირებენ.

Friday, February 11, 2011

ყველაზე მძლავრი „შევროლე კამარო“

2012 Chevrolet Camaro ZL1 Unveiled

11 თებერვალი

ჩიკაგოს ავტო შოუზე, „შევროლემ“ თავის პოპულარული მასქლ ქარ „კამაროს“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია ZL1 წარადგინა, რომლის გაყიდვებსაც მერმისს შეუდგება.

ყველაზე სწრაფი „კამარო“ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც „იტონის“ მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას და 677 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, რომლის საფეხურების გადაცემის რიცხვები ჩვეულებრივზე მეტადაა დაახლოებული, რითაც ავტომობილის სწრაფ აჩქარებას უწყობს ხელს.

„შევროლეს“ ინჟინრებმა, სტეროიდული „კამარო“ ახალი გამოსაბოლქვით, კარდანის გაძლიერებული ლილვით, გაზრდილი ცვეთის მქონე დიფერენციალით, 20-დუიმიანი ბორბლებით, ეფექტური მუხრუჭებით აღჭურვეს. მუხრუჭები ევსცილინდრიანი სუპორტებითაა აღჭურვილი, რომლებიც წინ 370, უკან კი 365-მილიმეტრი დიამეტრის მქონე დისკოებს იჭერს. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ადაპტირებადი საკიდარით (მაგნეტიკ რაიდ), რომელიც თავად რეგულირდება საგზაო პირობების შესაბამისად, რასაც მაგნიტორეოლოგიური ამორტიზატორები უზრუნველყოფს. როგორც „შევროლე“ ირწმუნება, ასეთი ამორტიზატორები, საგზაო პირობების შეცვლაზე უსწრაფეს რეაგირებას ახდენს.

შეიცვალა „კამაროს“ გარეგნობაც - მან უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო. კერძოდ, შეიცვალა მისი ცხვირი, რომელსაც კაპოტზე შავად შეღებილი ვენტილატორი აქვა დამატებული. ბამპერს ქვედა ნაწილზე შავი ფერის სპოილერი გაუყვება. ეს ორივე შავი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. შეცვლილია უკანა ნაწილიც, განიერმა ბორბლებმა კი გამობერილი თაღები მოითხოვა.

„ჩვენი დიზაინერების მიზანი ისეთი სტილის შემუშავება იყო, რომელშიც ყველა ელემენტს თავისი ფუნქცია ექნებოდა და ამასთან, შთამბეჭდავ, ძალუმ პერსონას წარმოგვიდგენდა. ამ შემთხვევაში, ფუნქცია ესთეტიკის ელემენტიგახდა და საბოლოო პროდუქტი არის ავტომობილი, რომელიც მისდამი ჩვენ მიერ წაყენებულ ყველა მოთხოვნას შეესაბამება“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „ჯენერალ მოტორსის“ ვიცე პრეზიდენტმა ედ უილბურნმა (ფოტოზე, კამარო ZL1-ის პრეზენტაციაზე), ვინც გლობალური დიზაინის განყოფილებას განაგებს.

პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ სტეროიდული „კამარო“ ჯერაც საგზაო ტესტირების ფაზაშია. ბაზარზე კი ის მერმისს გამოჩნდება.

„ჰიუნდაი ველოსტერი“ 500 ცხენის ძალით

Hyundai Veloster Rally Car by Rhys Millen Racing

11 თებერვალი

„ჰიუნდაიმ“ ჩიკაგოს ავტო შოუზე, თავის უახლეს კუპე „ველოსტერის“ რალის სპეციფიკაციით შექმნილი ვერსია წარადგინა. ამ ავტომობილის სარბოლ ყაიდაზე მომართვაში, კორეული კომპანიის ინჟინრების გარდა, „რედ ბულის“ სპეციალისტები და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რალის მრბოლი და დრიფტერი რის მილენიც მონაწილეობდნენ.

რალისთვის მომზადებული „ველოსტერი“ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას და 813 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ტრანსმისია სრულამძრავიანია.

ავტომობილის წონის შესამცირებლად, მისი ძარის ელემენტები კარბონის და კევლარის კმპოზიტისგან დამზადდა. ასეთი დეტალები ფოლადისაზე დაახლოებით 75 პროცენტით მსუბუქია. შედეგად, „ველოსტერმა“ წონაში მოიკლო და 1 207 კილოგრამამდე შემსუბუქდა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, მის მართვადობასა და დინამიკურ მახასიათებლებზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა, ავტომობილი გაძლიერებული საკიდარით აღიჭურვა, რომელიც გაზრდილი სიხისტითაც გამოირჩევა. მათში რხევების ჩაქრობას კომპანია „პროფლექსის“ წარმოების ამორტიზატორები ემსახურება. უზარმაზარი სიმძლავრის მოთვინიერებაში, პილოტს (ახალზელანდიელი რის მილენის გარდა, ამ ავტომობილის საჭეს მოტოქროსმენი, მოტო ფრისტაილის ავსტრალიელი სპეციალისტი რობი მედისონიც მიუჯდება) კომპანია „ალკონის“ წარმოების 6-ცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემები დაეხმარება. წინა სამუხრუჭე დისკოს დიამეტრი 355 მილიმეტრი, უკანებისა კი - 305 მილიმეტრია.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით, „სპარკოს“ სარბოლი სავარძლებით, რალისთვის ჰომოლოგირებული ცეცხლსაქრობი სისტემით, ასევე 18-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც „ჰენკუკის“ 245/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

შეგახსენებთ, რომ სერიული „ველოსტერის“ პრემიერა ერთი თვის წინ, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მძღოლის მხარეს ერთი, მეორე მხარეს კი ორი კარი აქვს. მალე, კერძოდ კი ჟენევის ავტო შოუზე, მისი ევროპული პრემიერაც გაიმართება.

ჯეიმს ბონდი „ბენტლის“ ირჩევს

James Bond Switches to Bentley

11 თებერვალი

ჯეიმს ბონდს „ასტონ მარტინის“ ავტომობილებზე რამდენჯერმე უთქვამს უარი, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ ის ოდესმე „ბენტლის“ საჭეს მიუჯდებოდა. და ამ უზარმაზარი მანქანით, მისთვის ჩვული ტრიუკების შესრულებას დაიწყებდა. მაგრამ შემდეგი ბონდი სწორედ „ბენტლით“ ინავარდებს. ასე გადაწყვიტა ბონდის ახალი ისტორიის ავტორმა ჯეფრი დივერმა, რომელმაც ახლახანს დაასრულა „ბონდის“ ახალი წიგნის - „კარტ ბლანშის“ წერა.

წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია 26 მაისსაა დანიშნული, იან ფლემინგის (ბონდის შესახებ რომანების პირველი ავტორის) იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე. წიგნს საგამომცემლო სახლი „ჰოდერ ენდ სტაუტონი“ გამოსცემს. ბონდის მორიგი ისტორია „იან ფლემინგის პაბლიკეიშნის“ მიერაა ლიცენზირებული.

საგამომცემლო სახლის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ მორიგ ნოველაში აგენტი 007 თეთრი ფერი „ბენტლი კონტინენტალ GT-ს” მართავს, რომლის სალონიც წითელი ფერის ტყავითაა გაწყობილი. რა თქმა უნდა, ავტომობილი ყველა იმ მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლების გარეშეც აგენტს თავისი მისიის შესრულება ძალიან გაუჭირდება. მანქანის ძრავის ხმა კი გვაუწყებს, რომ ამ მონსტრის სწრაფად გადაადგილება მძლავრი აგრეგატის დამსახურებაა. და, ბუნებრივია, ეს ხმა დიდხანს დაამახსოვრდება იმ ადამიანებს, ვინც ოდესმე სწორედ „ბენტლის“ მყიდველი შიძლება გახდეს.

ბონდი თავისი მორიგი მისიის დიდ ნაწილს დუბაიში გაატარებს და ეს ფოტოც, რომელზეც ჯეფრი დივერი ბონდის „ბენტლის“ გვერდზე დგას, სწორედ დუბაიში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ წინაა გადაღებული.

Wednesday, February 9, 2011

სპორტული ელექტრომობილი „ნისან ESFLOW“ ჟენევისთვის ემზადება

Nissan ESFLOW to Debut in Geneva

9 თებერვალი

„ნისანი“ მასობრივი ელექტრომობილების ბაზრის პიონერია და როგორც ჩანს, მარტო ამ წოდებით დაკმაყოფილებას არ აპირებს - იაპონურ კომპანიას ელექტრომობილების ფართო სპექტრის წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რის დასტურადაც, ჟენევის ავტო შოუსთვის, სპორტული ელექტრომობილი მოამზადა.

„ნისანმა“ თავისი სპორტული ელექტრომობილის ფოტოები, მის ჟენევურ დებიუტამდე სამი კვირით ადრე გაავრცელა. ეს არის ორადგილიანი ავტომობილი, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები აქვს. მისი შასი ალუმინისგანაა დამზადებული, რომელზეც კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული ძარის ელემენტები მაგრდება.

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ორი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც უკანა ბორბლებს ემსახურება. ისინი კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება, რომლის ტევადობაც 24 კილოვატსაათია. აკუმულატორები ისეა განლაგებული, რომ ავტომობილის წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს.

იაპონური კომპანია ჯერჯერობით არ გვატყობინებს ელექტროძრავების მახასიათებლებს. სამაგიეროდ, გვარწმუნებს, რომ ელექტრომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 5 წამზე ნაკლებში შეუძლია. დაკიდევ, აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, ავტომობილმა მისი ერთი სრული დამუხტვით, 240 კილომეტრი გაიაროს.

კონცეპტუალურ სპორტულ ელექტრომობილ ESFLOW-ს გარდა, „ნისანის“ ჟენევურ სტენდზე, ასევე შესაძლებელი იქნება სერიულ ელექტრომობილ „ლიფის“ ხილვა, რომელიც გამოფენაზე წლის საუკეთესო ავტომობილის რანგში წარსდგება.

„ჰიუნდაი ჯენეზისი“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით

2012 Hyundai Genesis R-Spec Gets 5.0-Liter V8

9 თებერვალი

უკვე რამდენიმე წელია, რაც „ჰიუნდაი“ წარმატებით ჰყიდის ლუქსის კლასის სედან „ჯენეზისს“, თუმცა სამხრეთკორეული კომპანია ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მყიდველს პოპულარული ავტომობილის ახალ მოდიფიკაციას სთავაზობს, რომელიც მის ისტორიაში ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვა. ამ ავტომობილის პრემიერა ჩიკაგოს საავტომობილო შოუზე დღეს ჩატარდა.

ავტომობილი, რომლის სრული სახელწოდებაცაა „ჰიუნდაი ჯენეზის R-სპეც“, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ასევე უფრო დიდი „ეკუსისთვისაცაა“ განკუთვნილი. „ჰიუნდაის“ ისტორიაში ყველაზე დიდი ძრავი, ასევე ყველაზე მეტ ცხენის ძალასაც გამოიმუშავებს იმ ძრავებს შორის, რომლებიც კი ოდესმე კორეულ კომპანიას გამოუშვია. ძრავი 429 ცხენის ძალას (6 400 ბრ/წთ-ზე) და 502 ნიუტონმეტრს (5 000 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ძრავის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეს და მაბრუნ მომენტს, სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს.

ეს კოლოფი „ჰიუნდაის“ ინჟინრების მიერაა შემუშავებული. სხვათა შორის, „ჰიუნდაი“ გვამცნობს, რომ ის პირველი, არალუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც თავის ავტომობილზე 8-საფეხურიან ტრანსმისიას იყენებს. კორეული კომპანიის ინფორმაციით, ეს ტრანსმისია დაახლოებით 6 პროცენტით უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი წინამორბედი, 6-საფეხურიანი.

„ჰიუნდაის“ ჯერ განახლებული „ჯენეზისის“ ტოპ ვერსიის დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, პრეს რელიზით გვამცნობს, რომ „ჯენეზის R-სპეცი“ უფრო მძლავრი მუხრუჭებით, მოდერნიზებული საკიდარით, საჭის მოდიფიცირებული მექანიზმით და განივი მდგრადობის უფრო სქელი სტაბილიზატორებითაა აღჭურვილი. მთელი ეს ავლა-დიდება კი გაძლიერებულმა ძრავმა მოითხოვა.

ავტომობილი, თავისი კლასისთვის შესაშური ეკონომიურობითაც გამოირჩევა. კერძოდ, მაგისტრალზე მოძრაობისას, მას 100 კილომეტრის გასავლელად, 9.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ქალაქში კი ხარჯი 15 ლიტრამდე იზრდება.

ყველაზე დიდი ძრავით აღჭურვის გარდა, „ჰიუნდაიმ“ ყველაზე მცირელიტრაჟიანი ძრავიც სრულყო, რომელსაც „ჯენეზისი“ ადრეც იყენებდა. მაგალითად, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით აღიჭურვა „ლამბდა“ სერიის 3.8-ლიტრიანი V6 აგრეგატი, რომლის სიმძლავრეც 15 პროცენტით, 190-დან 333 ცხ.ძ-მდე, მაბრუნი მომნტი კი 36-ით, 394 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. ხელუხლებელი დარჩა 4.6-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც ისევ 385 ცხენის ძალას იძლევა.

Monday, February 7, 2011

„ლიტრიანი“ „ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის მზადაა

VW Presents XL1, the 0.9 l/100km Car

7 თებერვალი

გსმენიათ რამე ყატარის მოტორ შოუს შესახებ? აქამდე არც მე მსმენოდა, დრეს კი გავიგე და ეს „ფოლკსვაგენის“ დამსახურებაა, რომელმაც სწორედ ყატარულ საავტომობილო რანდევუზე, თავისი ყველაზე სენსაციური ავტომობილის, ეგრეთ წოდებული „ერთლიტრიანის“ ახალი ვერსიის, ჰიბრიდული XL1-ის პროტოტიპი გამოფინა.

ერთლიტრიანი, ანუ მანქანა, რომელსაც ერთი ლიტრი საწვავი (რეალურად, 0.9 ლიტრი) 100 კილომეტრზე ჰყოფნის და რომელიც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 24 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. რა თქმა უნდა, ასეთ ფენომენურ მონაცემებს, ვოლფსბურგელებმა ტექნოლოგიური სიახლეების დახმარებით მიაღწიეს. ტექნოლოგიების მთავარი დანიშნულება, ავტომობილის აეროდინამიკის გაუმჯობესება, წონის შემცირება, ძრავის ეკონომიურობა და მინიმალური გამონაბოლქვია.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ XL1 მსუბუქი კონსტრუქციაა, რომლის შესაქმნელადაც, მწარმოებელმა უხვად გამოიყენა ალუმინი და კარბონის კომპოზიტი. მთავარი მზიდი ელემენტი კომპოზიტური მონოკოკია, რომელზეც სხვა კვანძები და დეტალებია დამაგრებული. მათი უმეტესობაც კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.

განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის აეროდინამიკას მიექცა და „ფოლკსვაგენის“ სპეციალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბრწყინვალე შედეგს მიაღწიეს - აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.186-ია. გარდა იმისა, რომ ძარას გარსშემოდენილი ფორმა აქვს, ჰაერის ასეთი დაბალი წინააღმდეგობა იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ ავტომობილის უკანა ბორბლები ძარის კორპუსშია მოქცეული და მას გარს ჰაერის მოწესრიგებული ნაკადი უვლის.

ავტომობილის სიგრძე 3 888 მილიმეტრი, სიგანე 1 665, სიმაღლე 1 156 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2 224 მილიმეტრია. ის სულ რაღაც 795 კილოგრამს იწონის. XL1-ის სალონი ორადგილიანია. ასეთივე იყო მისი წინამორბედის ტევადობას, თუმცა მასში სავარძლები ერთმანეთის მიყოლებით იყო განლაგებული, ამჯერად კი მგზავრის სავარძელმა მძღოლისას გვერდზე გადაინაცვლა, ოღონდ, ოდნავ უკან მაინცაა დაწეული.

სავარძლის წინ წამოწევა იმისათვის გახდა საჭირო, რომ მის უკანა სივრცეში, ჰიბრიდული აგრეგატი ჩატეულიყო. ეს კი ორცილინდრიანი დიზელისა და ელექტროძრავის ტანდემია, რომელთაგან პირველი 48 ცხენის ძალას და 120 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, მეორე კი - 27 ცხენის ძალას და 100 ნიუტონმეტრს. შიდაწვის ძრავის მუშა მოცულობა 0.800 ლიტრია და მასთან სისტემა DSG-ს 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ელექტროძრავს კი ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელსაც ენერგიის მარაგის საყოფაცხოვრებო ქსელიდან შევსება შეუძლია.

აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარსია იმისათვის, რომ „ლიტრიანმა“ გაიაროს. მწარმოებელი ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმაზე, თუ აკუმულატორების სრულად დასამუხტად რა დროა საჭირო. როდესაც შერეული ციკლით მუშაობს, XL1-ს 10 ლიტრი დიზელით (სწორედ ამდენი ჩადის მის ავზში) დაახლოებით 550 კილომეტრის გავლა შეუძლია.

დაკიდევ, ჰიბრიდულ „ლიტრიანს“ საკმაოდ კარგი ტემპერამენტით დაკვეხნაც შეუძლია. კერძოდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურად, 160 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული. რა ტქმა უნდა, სუპერავტომობილებს ვერ შეედრება, თუმცა საქალაქო ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილისთვის, შესანიშნავი მახასიათებლებია.

„ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებმა ყატარის გამოფენაზე განაცხადეს, რომ XL1-ის საწარმოებლად, მათ ისეთი ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავეს, რომელთა დანერგვაც მნიშვნელოვნად შეამცირებინებს ასეთი ავტომობილების წარმოების ხარჯებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ასეთ ავტომობილებს მალე სერიულად წარმოების პერსპექტივა გაუჩნდათ. ასეთ ტექნოლოგიებს შორისაა ნახშირბადოვანი ბოჭკოთი არმირებული კომპოზიციური მასალებისგან ძარის დეტალების სერიულად წარმოება. სხვათა შორის, მსგავსი ტექნოლოგიას უკვე დიდი ხანია, ფორმულა 1-ის ავტომობილების წარმოებისას იყენებენ. მსგავსი ტექნოლოგია „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ იტალიურ კომპანია „ლამბორგინისაც“შემუშავებული აქვს, რომელიც მას თავის უახლეს სუპერ ავტომობილებზე გამოიყენებს.

ცნობისათვის, პირველი „ლიტრიანი“ კონცეპტუალური ავტომობილი ვოლფსბურგელებმა 2002 წელს გვიჩვენეს. ოღონდ, ის მხოლოდ ერთი, 0.3-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც სულ რაღაც, 8.5 ცხენის ძალას იძლეოდა. სამაგიეროდ, მისი წყალობით, 100 კილომეტრის გასავლელად, ავტომობილი სულ რაღაც 0.89 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ამავე სერიის მეორე კონცეპტუალური მოდელი 2009 წელს ვიხილეთ. ამჯერად, ის 0.8-ლიტრიანი დიზელის ძრავით აღიჭურვა, რომელიც 100 კილომეტრზე 1.49 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

ყატარის გამოფენის წინ, „ფოლკსვაგენის“ მესვეურები ორაზროვნად აცხადებდნენ, რომ „ერთლიტრიანი“ წარმოებისთვის პრაქტიკულად მომზადებული ავტომობილია. თუმცა, არც იმას ადასტურებდნენ, რომ მის წარმოებას აპირებენ. ამიტომ, ყატარში ყველა ვოლფსბურგელთა საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში იყო.

ყატარში კი მოსახდენი მოხდა - „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია „ლიტრიანს“ გამოუშვებს. თუმცა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. უფრო კონკრეტულად კი, ასეთ ავტომობილს მხოლოდ 100 ცალს დაამზადებენ. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

„ფოლკსვაგენის“ მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნის განცხადებით, „ლიტრიანებს“ პირველ რიგში, გერმანული ბაზრისთვის დაამზადებენ, შემდეგ კი მას ამერიკასა და ჩინეთშიც კი შეიტანენ. ამასთან, წარმოების დაწყებამდ, ავტომობილი კიდევ არაერთ ცვლილებას გადაიტანს. თუმცაღა, მისი ტექნიკური უცვლელი დარჩება. ამჟამდ, ვოლფსბურგული გიგანტის ხელმძღვანელობა „ლიტრიანის“ წარმოების ადგილის შერჩევითაა დაკავებული. განიხილება მხოლოდ ორი ქალაქის - ვოლფსბურგისა და დრეზდენის ვარიანტები. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური შიდაწვისძრავიანი ავტომობილი - ვინტერკორნის თქმით, ამაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.

Sunday, February 6, 2011

შემდეგი „ფორდ GT40“ ჰიბრიდული იქნება

Next Ford GT Comes With 600 hp Hybrid Powerplant

5 თებერვალი

„ფორდის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ალბათ ყველაზე ტემპერამენტიანი ავტომობილი, სუპერქარი GT-ა, რომელიც სულ ორჯერ ფიგურირებდა ცისფერი ოვალის საწარმოო პროგრამაში, თუმცა ავტოინდუსტრიის და ავტოსპორტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

დღეს GT კვლავ მიძინებულია, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ცნობები იმის იმედს იძლევა, რომ ამ შესანიშნავ ავტომობილს, ბაზარი კვლავ იხილავს. ოღონდ, ამჯერად ის ეკოლოგიაზე მზრუნველის „სამოსში“ გამოწყობილი, ჰიბრიდის სახით მოგვევლინება.

უფრო მეტიც, მას ოთხივე ბორბალი წამყვანი ექნება. ამასთან, უკანა ბორბლებს ისევ შიდაწვის ძრავი დაატრიალებს, წინებს კი - ელექტროძრავები მოემსახურება. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემა დაახლოებით იმ კონფიგურაციისა იქნება, როგორიც „პორშეს“ კონცეპტუალურ „918 სპაიდერსა“ და „911 GT3 R ჰიბრიდს“ აქვს.

ისევ ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის თქმაც, რომ ახალი GT-ს მექანიკურ დამჭირხნიანი შიდაწვის 5.4-ლიტრიანი V8 იქნება, რომელიც 500 ცხენის ძალის ფარგლებში გამოიმუშავებს. მასთან უნისონში კი ელექტროძრავები (ან ელექტროძრავი) იმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 100 ცხენის ძალა უნდა იყოს. ახალი ავტომობილი თავის წინამორბედზე დაახლოებით 200 კილოგრამით მსუბუქი - 1400 კილოგრამი იქნება. ამგვარად, სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ყოველ ტონაზე 430 ცხ.ძ-ს მიაღწევს. ჰიბრიდული GT-ს მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი ის თითქმის სამ წამში მოასწრებს.

თუ მეორე თაობის GT ძლიერ ჰგავდა პირველს, მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელი სრულიად განსხვავებული იქნება, თუმცა თავისი დინამიური გარეგნობით, ის წინამორბედებზე არაფრით ნაკლები არ უნდა იყოს. ის რადიატორის უფრო დიდ ჰაერის ამღებს, დაკუთხვილ ფარებს მიიღებს, კაპოტსა და უკანა ფრთებზე კი „სასუნთქ“ ნასვრეტებს დაუტოვებენ. საერთო ჯამში, ახალი „გრანტურიზმო“ წინამორბედების პროპორციებს შეინარჩუნებს.

სხვათა შორის, ახალი GT-სთვის, ცისფერ ოვალს სრულიად ახალი პლატფორმის შემუშავება მოუწევს, რომელსაც სხვა მოდელებზე ვერ გამოიყენებს. ამიტომ, ეს პროექტი ძალიან ძვირი დაჯდება. თუმცა, რამდენადაც ეს საიმიჯო ავტომობილია, განახლების და აღმავლობის გზაზე შემდგარ „ფორდს“ ის აუცილებლად დასჭირდება. მოგვიანებით, ამავე პლატფორმაზე დირბორნელები ელექტრომობილსაც გამოუშვებენ.

ცნობისათვის, მეორე თაობის GT-ს პრემიერა 2003 წელს შედგა. თავიდან „ფორდი“ ამ ავტომობილის შეზღუდული რაოდენობით წარმოებას გეგმავდა, მაგრამ მასზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამერიკულმა კომპანიამაც, ორ წელიწადში 1302 ცალი GT დაამზადა. კიდევ ორი წლის შემდეგ, მყიდველთა რაოდენობამ 3.5 ათასს მიაღწია. თუმცა, 2007 წელს, მისი წარმოება შეწყდა, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ „ფორდმა“ რესტრუქტურიზაცია და მასთან ერთად, ქარხნების პერსონალის შემცირება დაიწყო...