გუნდები ფედერაციას კომპრომისისკენ მოუწოდებენ
Formula 1
17 ივნისი
ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრებმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათსა და ფედერაციას შორის განხეთქილება მოლაპარაკების გზით გადაიჭრება და ამგვარად, სპორტის ეს სახეობა დამღუპველ გახლეჩას გადაურჩება.
”დადგა იმის დრო, რომ წინა პლანზე სპორტის ინტერესები გადმოვიტანოთ და ორმხრივი კომპრომისის გზით, დებატები შეთანხმებით დავასრულოთ”, - ნათქვამია წერილობით მიმართვაში, რომლის ასლებიც, ფედერაციის პრეზიდენტ მაქს მოსლისა და ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელ ბერნი ეკლსტოუნსაც დაეგზავნა.
”ვიმედოვნებთ, თქვენ ამ წერილს გუნდების მხრიდან შემხვედრი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამთ, იმ გუნდებისა, რომლებსაც 2012 წლის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის სურვილი ოფიციალურად გამოთქმული აქვთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ-რა თქვენდამი პატივისცემას, გვჯერა, რომ გაითვალისწინებთ ჩვენს ინტერესებს, რითაც თავიდან ავიცილებთ ფორმულა 1-დან რამდენიმე გუნდის გასვლას. დროა, არსებული პრობლემები საზრიანად და სწრაფად გადავწყვიტოთ.
განსჯის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ კარგი იქნება, თუ ორმხრივ შეთანხმებას, რესურსების შეზღუდვის FOTA-ს მიერ შემუშავებული სქემის საფუძველზე მივაღწევთ, რომელსაც რამდენიმე დამატებით მექანიზმსაც დავურთავთ. ჩვენ შერჩეული გვყავს ავტორიტეტული კომპანია, რომელიც საკონტროლო მეთოდიკის შემუშავებაში დაგვეხმარება და ამ მეთოდებს ყველა გუნდი გამოიყენებს.
ეს მეთოდიკა და გუნდების ყოველწლიური აუდიტი ფედერაციისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იქნება. ეს სისტემა ობიეუქტურ კონტროლს ექვემდებარება და ამდენად, საქმით დაინტერესებული ყველა მხარისთვის მისაღებად მიგვაჩნია”, - ნათქვამია გუნდების წერილში.
ერთ-ერთი გუნდის ინკოგნიტო წევრი აცხადებს, რომ გუნდების მხრიდან, ეს წერილი ფედერაციასთან ერთად, ორმხრივ კომპრომისზე წასვლის ბოლო შანსია, რომლის იქითაც, მათ ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზების მტი აღარაფერი რჩებათ.
შეგახსენებთ, რომ გუნდებისთვის მიუღებელია ფედერაციის მიერ რეგლამენტში შეტანილი ის პუნქტი, რომელიც ბიუჯეტებს 40 მილიონგირვანქიანი ჭერით ზღუდავს. სხვათა შორის, ფედერაციამ ერთი კომპრომისი უკვე გასწია - ის თანახმაა, ყველასათვის ერთნაირი რეგლამენტი შემოიღოს და იმ გუნდებს, რომლებიც ჭერში ვერ ჩაეტევიან, დამატებითი ტექნიკური შეზღუდვები არ დაუწესოს. სამაგიეროდ, ამ კომპრომისის შემდეგ, ყველა გუნდი ვალდებულია, რომ გარკვეული (მნიშვნელოვანი) გამონაკლისების გათვალისინებით, ბიუჯეტის ჭერში ჩაეტიოს.
დღესვე, ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც გუნდებისგან 2010 წლის სეზონისთვის უპირობო განაცხადებს მოითხოვს. ამასთან, მოსლი აცხადებს, რომ გუნდებთან ყოველგვარი მოლაპარაკებისთვის მზადაა. თავის საპასუხო წერილში მოსლი ამბობს, რომ თანხმობის ახალი ხელშეკრულების ორ დღეში გაფორმება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ საშუალედოს სახით, 1998 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოიყენებენ.
”1998 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ათი წელი ვეყრდნობოდით და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც მისი ცოტა ხნით გაგრძელება მიუღებელია. კარგი იქნება, თუ მას რამდენიმე კვირით გავაგრძელებთ და ამ დროს ახალი შეთანხმების მისაღწევად გამოვიყნებთ”, - დასძენს მოსლი.
ის ასევე მოითხოვს, რომ გუნდები დროებით ბიუჯეტების 40 მილიონგირვანქიან ჭერს დათანხმდნენ, შემდეგ კი მათ ამ წესში შესწორების შეტანის საშუალება მიეცემათ.
No comments:
Post a Comment