24 ივნისი
ექვსი წლის წინ, ”ტოიოტამ” თავისი პოპულარული სპორტული მოდელის, ”სუპრას” წარმოება შეწყვიტა და ამით, ამ ავტომობილის თაყვანისმცემლებს ძლიერ დასწყვიტა გული. გავიდა ოთხი წელი და იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის ავტო შოუზე, კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი - FT-HS წარადგინა, რომელიც ბევრმა განახლებული ”სუპრას” წინამორბედად შერაცხა.
მათ კვერი ”ტოიოტას” წარმომადგენლებმაც დაუკრეს, რომლებმაც ორაზროვნად განაცხადეს, რომ ”სუპრა” შეიძლება დაბრუნდეს. გავიდა კიდევ ორნახევარი წელი და ინტერნეტში გავრცელდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ FT-HS მალე ”სუპრას” სახელით გამოჩნდება ბაზარზე.
ახალი ავტომობილის წინასერიული პროტოტიპი, შესაძლოა, უკვე ”სუპრას” სახელით, ტოკიოს წლვანდელ ავტო შოუზე გამოჩნდება, მერმის კი, უკვე როგოეც საწარმოო მოდელს, მას პარიზის ავტო შოუს დამთვალიერებელი იხილავს.
ახალი ”სუპრა” 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 268 ცხენის ძალა იქნება. მას კი შეუწყვილდება ჰიბრიდული სისტემა, რომელსაც იაპონური კომპანია თავის პოპულარულ სრულგაბარიტიან სედან ”ქრაუნზე” იყენებს. ჯამში, ორივე აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment