”ფერარი 599XX-მა” ნურბურგრინგის რეკორდი გააუმჯობესა
Ferrari 599XX
26 აპრილი
ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-ის” ცნობით, ”ფერარი 599XX” გერმანულ ავტოდრომ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ახალი რეკორდსმენი გახდა სერიულ ავტომობილებს შორის. ამ მანქანამ ნორდშლაიფი (ჩრდილოური მარყუჟი) 6 წუთსა და 58.16 წამში გაიარა და თითქმის 13 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც გერმანულ სუპერ ავტომობილ ”გუმპერტ აპოლოს” ეკუთვნოდა.
ამაზე სწრაფად ნორდშლაიფ სარბოლი ავტომობილები გადიან, რომელთა შორისაც, საუკეთესო შედეგი დღეისათვის ბრიტანულ ”რადიკალ SR8-ს” ეკუთვნის, რომელსაც ერთი წრე 6 წუთსა და 48 წამში აქვს გავლილი. მართალია, ”ფერარი 599XX” სპეციალურად, ტრასის დღეებისთვის შექმნილი ავტომობილია და საერთო სარგებლობის გზებისთვის არაა შექმნილი, მაგრამ სარბოლთა კლასს არ განეკუთვნება. ”რადიკალი” კი სარბოლი ავტომობილის ბაზაზეა აგებული.
”ფერარი 599XX” პირველად შარშან, ჟენევის საავტომობილო შიუზე გამოჩნდა. ის კუპე ”599 GTB ფიორანოსგან” აღებული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრემაც, მოდიფიკაციის შემდეგ, 730 ცხენის ძალას მიაღწია. ძრავის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი 9 000-ს აღწევს. დინამიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად, ”ფერარი 599XX” სისტემა ”ექტივფლოუთია” აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს, მისი სიჩქარის შესაბამისად ცვლის და ამგვარად, გზასთან ოპტიმალურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. მაგალითად, 300 კმ/სთ სიჩქარეზე, აეროდინამიკური დატვირთვა 630 კილოგრამს აღწევს.
”ფერარი” ამ სატრეკო ავტომობილს მხოლოდ 29 ცალს დაამზადებს, თითოეულის ფასი კი 1.3 მილიონი ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment