”ნისანი” ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთებს ვერ აუდის
Nissan takes reservations for 6,635 Leafs in 3 days
26 აპრილი
სამ დღეში მას შემდეგ, რაც თავის პირველ ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთების მიღება დაიწყო, ”ნისანის” ჩრდილოამერიკულ შტოს, მასზე ინტერნეტით 6 635 მოთხოვნა შეუვიდა. და ეს მაშინ, როდესაც ეს ავტომობილი ამერიკელ დილერთა შოურუმებში მხოლოდ დეკემბერში გამოჩნდება.იაპონურმა კომპანიამ თავისი ამერიკული შტოს საიტზე შეკვეთების მიღება 20 აპრილს დაიწყო. მყიდველს საშუალება აქვს, ამ საიტზე განაცხადი შეიტანოს და ის სიმბოლური გადასახადით - 99 დოლარით გაამყაროს. კომპანიის პრესმდივანმა კეტრინ ზახარიმ განაცხადა, რომ სამ დღეში შემკვეთტა რაოდენობამ 6 635-ს მიაღწია. მისივე თქმით, შეკვეთების ინტერნეტით მიღება ოთხი კვირა გაგრძელდება. ”ნისანის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სანამ ”ლიფს” დილერები მიიღებენ, მასზე 25 000 შეკვეთის მიღება მოესწრება.
მალე ”ნისანი” ქალაქ სმირნაში (შტატი ტენესი) ახალი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს, რაშიც 1.8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გაიღებს. ეს თანხა, მშენებლობის გარდა, ქარხნის აღჭურვასაც მოხმარდება. მისი საწარმოო სიმძლავრე კი წლიურად 150 000 ცალი ელექტრომობილი ”ლიფი” და აკუმულატორების 200 000 ბლოკი იქნება.
”ნისან ლიფის” ამერიკული ვერსიის ღირებულება 32 780 დოლარია. მაგრამ ელექტრომობილი 7 500-დოლარიანი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს, რისი წყალობითაც, მისი ღირებულება 25 280 დოლარამდე შემცირდება. ეს კი თითქმის ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსისა” და ”ჰონდა ინსაითის” ფასის ტოლფასია. თუმცა, ამ ფასში ტრანსპორტირების ხარჯები არ შედის.
”ნისანი” თავისი ელექტრომობილების შეძენის მსურველებს ერთ აუცილებელ პირობას უყენებს - ”ლიფის” შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს შინ აკუმულატორების დამმუხტავი საშუალება ექნება დამონტაჟებული. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ყველა შემკვეთი, რომელმაც საიტზე წინასწარი თანხა უკვე შეიტანა, სასურველი ავტომობილის მიღებამდე, სახლში დამმუხტავ მოწყობილობას აუცილებლად დაამონტაჟებს. ”ნისანისვე” ინფორმაციით, თითოეული ასეთი მოწყობილობა, დამონტაჟების ხარჯთან ერთად, 2 200 დოლარი დაჯდება.
გარდა ამისა, ყველა შემკვეთი გაივლის ტესტირებას, რომლის დროსაც, ”ნისანის” სპეციალისტები შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება მყიდველის მართვის მანერა ელექტრომობილის შესაბამის კრიტერიუმებს. არაა გამორიცხული, რომ კომპანიამ ზოგიერთი მყიდველი დაიწუნოს. ამ შემთხვევაში, ასეთ შემკვეთებს, ასევე იმათ, ვისაც სახლში აკუმულატორების დამმუხტავი დამონტაჟებული არ ექნება, წინასწარ გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ.
დაკიდევ, პირველ ხანებში, ”ნისანი” თავის ელექტრომობილს იმ ქალაქებში გაყიდის, სადაც ელექტრომობილების დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს. სხვათა შორის, ამერიკის ზოგიერთმა ქალაქმა, რეგიონმა და შტატმა (სან დიეგო, ჰიუსტონი, ფინიწსი-ტუსანის კორიდორი, შტატი ტენესი და შტატი ორეგონი) უკვე დაიწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
No comments:
Post a Comment