”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერში ელექტრული ტაქსი წარმოადგინა
Volkswagen Presents All-Electric Taxi in Hannover
26 აპრილი
”მილანო ტაქსი” - ასე ჰქვია ელექტრომობილს, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერის სამრეწველო ბაზრობაზე წარმოადგინა. ეს ავტომობილი კონცეპტუალური Up!-ის ბაზაზეა დამზადებული და ის სერიული მოდელის საცდელ პროტოტიპს წარმოადგენს. გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ავტომობილის წარმოება სამ წელიწადში დაიწყება.”მილანო ტაქსის” გაბარიტებია: სიგრძე 3.73 მეტრი, სიგანე 1.66 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. სალონში, ძირიდან ჭერამდე სიმაღლე 0.994 მეტრია, წინა სავარძლის ზურგსა და უკანა სავარძელზე მჯდარი მგზავრის მუხლებს შორის მანძილი კი 0.120 მეტრს შეადგენს.
მძღოლის სავარძლის გვერდზე მოთავსებულია 8-დუიმიანი მონიტორი, რომელზეც მგზავრებს ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ამ მონიტორის მეშვეობით შეიზლება იმის გაგება, თუ რამდენი ენერგიაა დარჩენილი აკუმულატორებში, რა მანძილის გავლა შეიძლება ამ ენერგიით. აქვე, სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, შეიძლება იმ გზის მდგომარეობის ნახვა, რომლითაც ავტომობილმა უნდა იმოძრაოს. ამავე მონიტორით ამინდის პროგნოზსაც შეიტყობთ და ავტომობილის კლიმატ კონტროლის სისტემასაც დაარეგულირებთ. აქვეა სპეციალური ტერმინალი, რომელიც მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათით გადახდის საშუალებას იძლევა.
დაბოლოს, ”მილანო ტაქსის” აღჭურვილობის შესახებ. მას მამოძრავებელ ძალას ანიჭებს ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატს აღწევს. მას ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლებში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ ტაქსიმ გაუჩერებლად 300 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების 80 პროცენტით დამუხტვას ერთი საათი სჭირდება, სრული დამუხტვისთვის კი გაცილებით მეტი დროა (ჯერჯერობით ეს მონაცემი არ ქვეყნდება) საჭირო. ”მილანო ტაქსის” მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს.
No comments:
Post a Comment