ჰიბრიდული ”ფისკერ კარმა” ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება
Fisker Karma’s US tour
26 აპრილი
ამერიკული კომპანია ”ფისკერი” ბაზრისთვის თავის ჰიბრიდულ ოთხკარიან კუპე (ან სპორტულ სედან) ”კარმას” ამზადებს და მისთვის ამერიკის და კანადის ქალაქებსა და შტატებში პრომო ტურნეს აწყობს. ტურნე 10 კვირა გაგრძელდება და ის 26 შტატსა და 42 ქალაქს მოივლის.
პრომო ტურის მთავარი დანიშნულებაა წარმოებისთვის უკვე მომზადებული ჰიბრიდული ავტომობილის პოტენციური მყიდველისთვის გაცნობა. გარდა ამისა, მას იმ ადამიანებს უჩვენებენ, რომლებმაც ”კარმას” შეძენაზე წინასწარი განაცხადი გააკეთეს და დეპოზიტის სახით, 5 000 დოლარიც გადაიხადეს.
”ფისკერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ასეთი 1 600 განაცხადი უკვე მიღებული აქვს. ამ ადამიანებს მალე მიეცემათ კონკრეტული შეკვეთების პროცედურის დაწყების საშუალება. ისინი შეარჩევენ ავტომობილის კომპლექტაციას და იმ მასალებს, რომლებითაც სალონი გაფორმდება.
ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებისა და ბაზარზე ”კარმას” გამოშვებისთვის, ”ფისკერმა” აშშ-ის მთავრობისგან, შეღავათიანი სესხის სახით, 528 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი სრულიად ახალი ჰიბრიდული მოდელის, შედარებით ხელმისაწვდომი ”ფისკერ ნინას” შემუშავებას და წარმოებისთვის მომზადებას მოხმარდება. ”ფისკერი” წლიურად 100 000 ცალი ”ნინას” წარმოებას გეგმავს. თითოეული ავრომობილის ფასი კი 45 000 დოლარი უნდა იყოს.
რაც შეეხება ”კარმას”, ამერიკაში მისი ღირებულება 80-დან 100 000 დოლარის ფარგლებში იქნება. ეს ავტომობილი ჰიბრიდულ დანადგარ Q-დრაივითაა აღჭურვილი, რომელშიც, შიდაწვის ძრავთან ერთად, ორი ელექტროძრავიც შედის. ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 403 ცხენის ძალას აღწევს, 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავისა კი (მას ოთხი ცილინდრი აქვს) – 260 ცხენის ძალას. ამ უკანასკნელის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ მასთან დაკავშირებული გენერატორი ამუშაოს, რომელიც ავტომობილის მოძრაობისას, ელექტროძრავების მკვებავ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს დამუხტავს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ”კარმამ” 80 კილომეტრი გაიაროს, გენერატორის დახმარებით კი მისი სვლის სიშორე 480 კილომეტრამდე იზრდება.
”ფისკერი” თავის შემკვეთებს ”კარმას” პირველ ეგზემპლარებს მერმისს წლის პირველ კვარტალში მიაწვდის.
No comments:
Post a Comment