Sunday, July 31, 2011

ჰამილტონმა შეცდომის მიზეზად რადიოს გაუმართაობა დაასახელა

Hamilton: Radio glitch caused Hungary strategy mistakes
31 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა პიტსტოპზე დაშვებული შეცდომა, რადიოს გაუმართაობას დააბრალა. მას თანაგუნდელ ჯენსონ ბატონთან უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად ბოქსებს მიაშურა და იქიდან სუსტი წვიმის საბურავებით დაბრუნდა. მაგრამ წვიმა მხოლოდ წამიერად წამოვიდა, ტრასა უცებ გაშრა და ჰამილტონსაც ისევ ბოქსში შესვლა და სლიკების დაყენება მოუწია.

„რადიო ვერ მუშაობდა. ჩემი ინჟინრების საუბარი მესმოდა, მათ კი ჩემი არ ესმოდათ. მე მუდმივად ვითხოვდი ამინდის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ პასუხს არ ვღებულობდი. ამიტომ, მათ ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ. მე ყური მოვკარი მათს საუბარს, როცა ამბობდნენ, გაწვიმდებაო. მერე წვეთებიც დამეცა. ამიტომ გადავწყვიტეთ, წვიმის საბურავებზე გადავსულიყავით. წვიმა რომ არა, ბოქსში მაინც უნდა შევსულიყავი, რადგან საბურავები აღარაფრად ვარგოდა. რას ვიზამთ, ასეთია რბოლები“, - განაცხადა ჰამილტონმა.
ეს შეცდომაც რომ არა, ჰამილტონის გამარჯვება მაინც სათუო იყო, რადგან სანამ ბოქსში შევიდოდა, მან შეცდომა დაუშვა და დატრიალდა. მანქანა მოძრაობის საპირისპიროდ შემოტრიალდა, რის გამოც, ბრიტანელმა ის ზედმეტი გაზით შემოაბზრიალა და გზა გააგრძელა. სწორედ ეს შემობზრიალება დაუჯდა ძვირად - ამ დროს, მოსახვევიდან პოლ დი რესტა გამოდიოდა, რომელიც იძულებული გახდა, გზიდან გადაეხვია.
„შეცდომა დავუშვი, ჩემი მარცხენა წინა საბურავი ძალიან გაცვეთილი იყო და მის დასაზოგად, მოსახვევში ცოტა გარედან შესვლა ვცადე. ამის გამო დავტრიალდი, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მაგრამ მთავარია, რომ დი რესტას შეცდომა დავაშვებინე, რის გამოც, მინდა მოვუბოდიშო. მე მას ვერ ვხედავდი. არც ვიცოდი, რა მოხდა, მაგრამ რაღაცისთვის დამაჯარიმეს და მეც პიტლეინზე გავიარე. მას კი ბოდიშს ვუხდი“, - დასძენს ჰამილტონი.
მისი თქმით, ბატონმა სამართლიანად გაიმარჯვა: „ვულოცავ ჯენსონს, ის მთელი რბოლის განმავლობაში მიტევდა და ეს გამარჯვებაც დაიმსახურა. უსწრაფესმა გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ფინიშზე პირველი ორი ჩვენ ვყოფილიყავით. ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. არდადეგებზე შესანიშნავი განწყობით მივდივართ და დაბრუნების შემდეგ, კვლავ გამარჯვებებისთვის ვიბრძოლებთ“.

No comments:

Post a Comment