Sunday, July 31, 2011

„ბენტლიმ“ შეიძლება სუპერლუქს უგზოობის მოდელი გამოუშვას

Bentley May Build a Super Luxurious SUV
31 ივლისი
ადრე „ფიატი“ მხოლოდ პატარა ავტომობილების წარმოებით იყო ცნობილი, „ლენდ როვერი“ უგზოობის „დეფენდერით“ და „დისქავერით“, „ფოლკსვაგენი“ სახალხო ავტომობილების წარმოებით, „ფორდი“ პიკაპებით, „ბენტლი“ კი ლუქს კუპეებითა და სედანებით.

მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და „ფიატი“ ისეთი კლასის ავტომობილების წარმოებას იწყებს, რომლებზე ადრე არც უფიქრია, „ფოლკსვაგენს“ და „ოპელს“ პრემიუმ სეგმენტზე უჭირავთ თვალი - ესაოდა, სხვა გერმანელებზე ნაკლები რით ვართო. ინდოელთა ხელში გადასული „ლენდ როვერი“ მალე სედანების წარმოებას შეუდგება, „პორშეს“ გამაში კი უკვე დიდი ხანია, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უგზოობის „კაიენია“...
სწორედ „პორშეს“ მაგალითია ყველაზე მეტად გადამდები, რადგან მას უკვე მიბაძა „ბეემვემ“ და მალე მის გზას „მაზერატიც“ გაივლის. და რითაა მათზე ნაკლები „ბენტლი“? სხვა თუ არაფერი, ინგლისური კომპანია უკვე „პორშეს“ ნათესავიცაა - ორივე „ფოლკსვაგენის“ დიდი ოჯახის წევრია...
რა თქმა უნდა, „ბენტლისგან“ უგზოობის ავტომობილი ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ამაზე თვით ბლუმბერგიც კი ლაპარაკობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია სანდოა. სხვა თუ არაფერი, „ბენტლის“ ახლა ვოლფგანგნ დიურჰაიმერი ხელმძღვანელობს, ადამიანი, ვინც თავის დროზე, „პორშეს“ განვითარების განყოფილების შეფი იყო და პროექტ „კაიენს“ უძღვებოდა. ახლა კი იგივეს გაკეთებას „ბენტლიშიც“ აპირებს.
ამისათვის ძალიან ძლიერი არგუმენტიც არსებობს: 2005 წელს ლუქს უგზოობის სეგმენტში, მთელს მსოფლიოში თითქმის 300 000 ავტომობილი გაიყიდა. შარშან გაყიდვებმა 417 000-ს მიაღწია. ტენდენცია აშკარაა. სხვადასხვა პროგნოზებით, უახლოეს პერიოდში ამ სეგმენტის ზრდა გაგრძელდება და 2015 წელს გაყიდვები 480 000-ს მიაღწევს.
„საავტომობილო ბრენდები თანდათან ამრავალფეროვნებენ თავიანთ საწარმოო პროგრამას. ამას ბაზარი მოითხოვს. სხვანაირად კომპანიებს გამძაფრებული კონკურენციის პირობებში გადარჩენა გაუჭირდებათ. „ბენტლის“ ექსპანსიისთვის სოლიდური რესურსი გააჩნია. მას შეუძლია, თავისი უგზოობის ავტომობილები 120 000 ევროდ გაჰყიდოს და ამის მიუხედავად, მყიდველი მაინც ეყოლება“, - ამბობს „ბარკლი კეპიტალის“ ანალიტიკოსი მაიკლ ტინდალი.
და თუ ქრიუელები უგზოობის ავტომობილების წარმოებას მწვანე შუქს აუნთებენ, შესაბამისი პლატფორმისთვის შორს წასვლა და მილიარდების ხარჯვა არც მოუწევთ - „ფოლკსვაგენის“ იმპერიაში ამის რესურსი საკმაოზე ბევრია.
„ბენტლის“ პრესმდივანი ბენიტა ფონ მალცანი ამბობს, რომ ჯერ უგზოობის ავტომობილთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმა არ არსებობს. კომენტარს ერიდებიან ვოლფსბურგში. მაგრამ ადრეულ ფაზაში თავიანთ გეგმებზე ლაპარაკი ხომ დიდ ბიზნესში მიუღებელია...

No comments:

Post a Comment