Saturday, October 8, 2011

”ფოლკსვაგენის” ქალაქი-პავილიონი ფრანფურტში

ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ყველაზე მასშტაბური პავილიონი ”ფოლკსვაგენის” ჯგუფმა დაიქირავა. ვოლფსბურგელთა საგამოფენო კუთხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტარს აღწევდა და იქ ჯგუფში შემავალმა ყველა ბრენდმა მოიყარა თავი. გარდა ამისა, ”აუდისთვის” ცალკე სატესტო მინი-ტრეკიც კი მოეწყო.
პავილიონის ცენტრალურ ნაწილს ერთგვარი ღრუბლის ფორმა ჰქონდა და იქ ყველაზე დიდი ადგილი უახლეს მინიავტომობილ Up!-ს და მის ბაზაზე აგებულ მოდიფიკაციებს ეკავა. და ეს სულაც არაა გასაკვირი - ამ მანქანას ხშირად ახალ სახალხო ავტომობილსაც კი უწოდებენ, სახელს, რომელიც ადრე ლეგენდარულ ”ხოჭოს” ეკუთვნოდა. წინასწარი ინფორმაციით, ის მთელს მსოფლიოში გაიყიდება, ევროპაში მისი საბაზო ფასი 9 000 ევროს ფარგლებში იქნება.
პავილიონში ასევე შესაძლებელი იყო უახლესი, მესამე თაობის, უფრო სპორტული და კვლავ თავისი კლასისთვის მაღალი საფასო სეგმენტის შესაფერისი ”ხოჭოს”, ოდნავ სახეშეცვლილი ”ტიგუანის” და ღია ”გოლფის” ხილვა.
”ფოლკსვაგენის” პავილიონის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, მისი 30-მეტრიანი კედელი-მონიტორი იყო, რომელსაც ”ინოვაციების კედელი” უწოდეს. მასზე მუდმივად შეგეძლოთ ვოლფსბურგელთა მიერ ჩაწერილი პრეზენტაციების ხილვა. პავილიონ-ქალაქში უამრავი ”მასპინძელი” ტრიალებდა, რომელთა შორისაც 228 მომსახურე და კომპანიის 80 სპეციალიატი იყო. ისინი მუდმივად დაკავებულნი იყვნენ და ჯერ ჟურნალისტების, შემდეგ კი დამთვალიერებელთა კითხვებს პასუხობდნენ.
ამავე პავილიონში, ”ფოლკსვაგენს” 70 სატესტო ავტომობილი ჰყავდა მოყვანილი, რომელთა ტესტირების საშუალებაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა. ამ ავტომობილებს შორის, ერთ-ერთი ელექტრული ”გოლფ ბლიუ-e-მოუშნ” იყო.

No comments:

Post a Comment