Saturday, November 19, 2011

„სუძუკიმ“ „ფოლკსვაგენთან“ კოოპერაცია შეწყვიტა

 Suzuki Says VW Deal is Terminated, Wolfsburg Doesn’t Think So…
19 ნოემბერი

„სუძუკიმ“ გამოაცხადა, რომ „ფოლკსვაგენთან“ გაფორმებული კოოპერაციის შეთანხმებას აჩერებს და დაიმუქრა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ გერმანული კომპანია, იაპონური კომპანიის აქციების მის ხელთ არსებულ 19.9–პროცენტიან პაკეტს შეინარჩუნებს.
„იმის გამო, რომ „ფოლკსვაგენი“ თავს არიდებს ჩვენთან კოოპერაციას და არც ჩვენთან დადებულ შეთანხმებას ასრულებს, რის გამოც, ვერ ვხედავთ მასთან პარტნიორობის გაგრძელების საფუძველს. ჩვენ ვეცდებით, აღვადგინოთ ორ კომპანიას შორის ადრე არსებული ურთიერთობა, რომელიც არცერთ მხარეს ვალდებულებებით არ ზღუდავდა“, – განცხადა „სუძუკის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოსამუ სუძუკიმ.
ამ განცხადებაზე ვოლფსბურგიდან პასუხს არ დაუგვიანია: „ძალიან გაწბილებულები ვართ იმის გამო, რომ „სუძუკიმ“ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ჩვენთან არსებული შეთანხმება შეეწყვიტა. მაგრამ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ჩვენს ხელთ არსებულ აქციებს შეველიოთ. „ფოლკსვაგენი“ ამ აქციების ფლობას გააგრძელებს“.
ორ კომპანიას შორის არსებული შეთანხმებით, ისინი ერთმანეთს რიგ სფეროში უნდა დახმარებოდნენ. გერმანული კომპანია თავის პარტნიორს ტექნოლოგიების გაზიარებას აღუთქვამდა, „სუძუკი“ კი „ფოლკსვაგენს“ ინდურ ბაზარზე შეღწევაში დახმარებას პირდებოდა, სადაც მას მოწინავე პოზიციები უკავია.ა
უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, მათ შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სუძკიმ“ „ფიატისგან“ დიზელის ძრავების შეძენა გადაწყვიტა. „ფოლკსვაგენმა“ თავისი იაპონელი პარტნიორი ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, რაზეც ოსამუ სუძკიმ გერმანული კომპანიისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი ვერ მიიღო.
„სუძუკის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იასუჰიტო ჰარაიამა ამბობს, რომ მისი კომპანია „ფოლკსვაგენს“ დროს მისცემს, რათა მან აქციები უკან დააბრუნოს. შემდეგ კი მათ შორის დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლებს.
ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე, „სუძუკის“ აქციებმა 2.7 პროცენტით დაიკლო, „ფოლკსვაგენისამ“ კი – 1.2 პროცენტით. ფაქტია, რომ დიდი მოგების მიღების ნაცვლად, რომელსაც მხარეები პარტნიორობისგან მოელოდნენ, ისინი ზარალდებიან.

No comments:

Post a Comment