Sunday, January 15, 2012

„ჰონდას“ ახალი NSX, ოღონდ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური

This is the New Acura / Honda NSX Sports Hybrid Concept
15 იანვარი
ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილი „ჰონდა/აკურა NSX“ წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული იყო ამერიკის ბაზარზე. მაგრამ იაპონურმა კომპანიამ მისი წარმოება კარგა ხნის წინ შეწყვიტა. შემცვლელი კი აქამდე არ გამოუშვია. ამიტომ, ყოველ დიდ ამერიკულ საავტომობილო გამოფენაზე, მისგან ყველა NSX–ის შემცვლელს ელის.
„ჰონდამ“ რამდენჯერმე ისეთი კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი გვიჩვენა, რომლებზეც ყველა ამბობდა, რომ NSX–ის შემცვლელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ ხდებოდა. და აი, დეტროიტის მოტორ შოუზე, ყინული გალღვა – იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური ჰიბრიდული NSX გვიჩვენა და თან გამოაცხადა, რომ მის წარმოებას 2015 წელს დაიწყებს.
დეტროიტშივე ცნობილი გახდა, რომ ახალ NSX–ს „ჰონდა ამერიკას“ კვლევისა და განვითარების ცენტრში შეიმუშავებენ, მას კი კომპანიის ოჰაიოს ქარხანა გამოუშვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ავტომობილი, უპირველეს ყოვლისა, ამერიკული ბაზრისთვის იქმნება, სადაც ის „აკურას“ მარკით გაიყიდება.
ისევე როგორც ორიგინალურ ავტომობილს, ახალ NSX–საც V6 ძრავი (სერია VTEC) ბაზაში ექნება მოთავსებული. ოღონდ, ამჯერად ძალურ დანადგარს სამი პატარა ელექტროძრავიც დაემატება, რომელთა დახმარებითაც, ავტომობილი სრულამძრავიანი გახდება. სისტემა „სპორტ ჰაიბრიდ SH–AWD–ს“ სახელითაა ცნობილი, სადაც აბრევიატურა სუპერ მართვად (SH – სუპერ ჰენდლინგ) სრულამძრავიანს (AWD – ოლ უილ დრაივ) ნიშნავს.
შიდაწვის ძრავი საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემითაა აღჭურვილი, მას კი ორდისკოიანი ქურის მეშვეობით, ტრანსმისია უკავშირდება, რომელთანაც ერთი ელექტროძრავია ინტეგრირებული. კიდევ ორი ელექტროძრავი, მბიძგველ ძალას წინა ბორბლებს ანიჭებს. ეს ძრავები მოსახვევების გავლისას მუშაობს, რაც ავტომობილის მართვას აადვილებს.
„ეს ჰიბრიდული სისტემა, ამ ავტომობილის მართვისას დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. „აკურას“ იდეაა, რომ ადამიანსა და მანქანას შორის ურთიერთკავშირი არსებობდეს და ამ იდეის განხორციელების შესანიშნავი ნიმუში აქ წარმოდგენილი NSX–ია“, – ამბობს „ჰონდა მოტორის“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ტაკანობუ იტო და დასძენს, რომ ახალი NSX–იც ისეთივე ტემპერამენტიანი ავტომობილია, როგორიც პირველი იყო. ამასთან, ის გარემოსადმი მეგობრულიც იქნება.“ჰონდას“ კონცეპტუალური NSX–ის ტექნიკურ–დინამიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ამ ავტომობილის შასი და ძარა მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული. ამასთან, კონცეპტუალური მოდელი ორიგინალურს, გარეგნულად პრაქტიკულად არ ჰგავს.





No comments:

Post a Comment