GM Must Spend at Least US$1 Billion to Fix Opel and Vauxhall, According to Analysts
21 თებერვალი
ახლახანს, „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისი ევროპული შტოს, დანაკარგებმა 747 მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, ეს წინა წლის დანაკარგზე (1.95 მილიარდი დოლარი) გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ეს ამერიკული კომპანიის საქმიანობას მაინც მძიმე ტვირთად აწევს. თავად განსაჯეთ, ბოლო 13 წლის განმავლობაში, გენერლებმა „ოპელისგან“ და მის ბრიტანელ ნათესავ „ვოქსოლისგან“ მთლიანობაში 15.6 მილიარდი დოლარი იზარალეს.
ევროპულ ბაზარზე გაჭიანურებული კრიზისი უკეთესს მათ არც მომავალში ჰპირდება. ოთხი სხვადასხვა ანალიტიკოსის ვარაუდით, „ჯენერალ მოტორსის“ ევროპული შტოს დანაკარგები წელს 1.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ყოველივე კი ამერიკული გიგანტისგან, ამ ორ კომპანიაში სასწრაფო რესტრუქტურიზაციის ჩატარებას მოითხოვს.
„ჩვენი მიზანია, საწარმოო სიმძლავრეები მოთხოვნის შესაბამისი იყოს. მოთხოვნა კი ეცემა“, - ამბობს „ჯენერალ მოტორსის მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი. ცნობისათვის, გასული წლის ბოლო კვარტალში, „ოპელის“ გაყიდვები 20 პროცენტით დაეცა. ამიტომ, ამერიკული კომპანია მალე ტავის ევროპულ დივიზიონში შეკვეცებს დაიწყებს, რასაც ბოლო ხანს ასე აგრესიულად ეწინააღმდეგებიან როგორც ოპელის პროფკავშირები, ასევე გერმანიის მთავრობა.
სანამ ხელოვნური გაკოტრების რეჟიმი დასჭირდებოდა, „ჯენერალ მოტორსი“ გერმანული კომპანიის გაყიდვას აპირებდა. მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ახლა კი „ოპელს“ რესტრუქტურიზაციის გარეშე, საერთოდ გაუქმება ემუქრება. გენერლებს ეს არ სურთ და ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ ეს მტკივნეული და რაც მთავარია, ძალიან ხარჯიანი პროცესი. სხვადასხვა წყაროს შეფასებით, ამას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
ნიუ იორკში ბაზირებულ „RBC კეპიტალ მარკეტსის“ ანალიტიკოს ჯოზეფ სპარკის შეფასებით, რესტრუქტურიზაციას წელს 600 მილიონი, მერმისს კი 400 მილიონი დოლარი დასჭირდება. ამასთან, ეს პროცესი დადებით შედეგს დაუყოვნებლივ არ მოიტანს. ამ მოსაზრებას იზიარებენ „ბაკინგემ რისერჩ გრუპის“ ანალიტიკოსი ჯოზეფ ამატურო და „ბარკლი კეპიტალის“ ანალიტიკოსი ბრაიან ჯონსონი. ამ უკანასკნელის ვარაუდით, რესტრუქტურიზაციის პროცესში, სამუშაო ადგილები 4000-ით შეიკვეცება, ხარჯი კი 1.2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
No comments:
Post a Comment