GM, PSA in alliance talks, French minister says; Production tie-up in focus
22 თებერვალი
„ჯენერალ მოტორსი“ და „პეჟო-სიტროენი“ ალიანსის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული „ლა ტრიბუნი“, ბრიტანული „ფაინენშლ ტაიმსი“ და საავტომობილო გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპი“ ავრცელებენ. ამერიკულ გიგანტთან მოლაპარაკების შესახებ, „პეჟო-სიტროენის“ მთავარ აღმასრულებელ ფილიპ ვარენს საფრანგეთის შრომის მინისტრ ქსავიე ბერტრანისთვის უცნობებია. ამან კი ეს ინფორმაცია რადიოსადგურ „იუროპ1-ის“ ეთერში გააჟღერა.
ორი კომპანიის მიზანია, შეამციროს საწარმოო დანახარჯები და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ქარხნების სიმძლავრეები. კერძოდ, თუ „ოპელის“ (ჯენერალ მოტორსის ევროპული შტო) ქარხნები ნაწილობრივაა დატვირთული, „პეჟო-სიტროენისა“ მაქსიმალურადაა ათვისებული, თუმცა იქ ავტომობილების წარმოება ძვირი ჯდება, რადგან ეს ქარხნები მცირე სიმძლავრისაა.
მოლაპარაკება არ ეხება ორი კომპანიის კაპიტალურ გაერთიანებაზე. ორივეს ინტერესს საერთო პლატფორმების და მაკომპლექტებლების გამოყენება წარმოადგენს, რაც მათ უზარმაზარი თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს. ამასთან, როიტერსი იუწყება, რომ აქციების გაცვლა უმნიშვნელო და სიმბოლური იქნება.
„ფაინენშლ ტაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ორი კომპანია ავტომობილებს და მაკომპლექტებლებს ერთობლივად, ევროპაში გამოუშვებს. კერძოდ, „პეჟო-სიტროენი“ და „ოპელ-ვოქსოლი“ ერთობლივი ძალებით შეიმუშავებენ როგორც ძრავებს და სატრანსმისიო ელემენტებს, ასევე მთლიან მანქანებსაც კი. ამასთან, ავტომობილებს საკუთარი ბრენდით გამოუშვებენ და მათ ოდნავ განსხვავებული გარეგნობაც ექნება.
ფრანგული კომპანიისთვის გენერლებთან ალიანსის შექმნა იმითაცაა სასურველი, რომ ამერიკელების დახმარებით, ისინი ჩინეთისა და ბრაზილიის ბაზრებზე შეაღწევენ. და ამით, ევროპულ ბაზარზე ნაკლებად დამოკიდებულნი იქნებიან. გენერლების მიზანი კი „ოპელის“ წამგებიანი ბიზნესის მომგებიან რელსებზე გადაყვანაა. იმავდროულად, გერმანული კომპანია მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც გავა.
აღსანიშნავია, რომ „პეჟო-სიტროენს“ რამდენიმე კომპანიასთან ერთობლივი პროექტები აკავშირებს. მაგალითად, „ფორდთან“ ერთად, დიზელის ძრავებს აწარმოებს, ბენზინისას კი - „ბეემვესთან“. ამასთან, „ტოიოტასთან“ თანამშრომლობით პატარა ავტომობილებს უშვებს. ასევე კავშირი აქვს „მიცუბიშისთან“, რომლის რამდენიმე მოდელის ბაზაზეც, საკუთარ ავტომობილებს აწარმოებს.
No comments:
Post a Comment