Ford raises Mulally's compensation 11% to $29.5 million
31 მარტი
„ფორდმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ გასული წლის გასამრჯელოდ 29.5 მილიონი დოლარი მიიღო. ეს კი წინა წლის ანაზღაურებაზე (26.5 მილიონი) 11 პროცენტით მეტია. მიულალის შარშანდელი ანაზღაურება ყველაზე მეტია მას შემდეგ, რაც ის „ფორდში“ გადავიდა.
აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ხელფასია, 5.46 მილიონი ფულადი პრემიები, 22 მილიონი კი აქციების სახით მიღებული ჯილდოა. საინტერესოა, რომ ამერიკულმა კომპანიამ თავის ტოპ მმართველს ბონუსები 42 პროცენტით შეუმცირა, რაც იმის გამო მოხდა, რომ საფონდო ბირჟაზე „ფორდის“ აქციები 36 პროცენტით დაეცა.
მიულალი ახლა 66 წლისაა. „ფორდში“ ის „ბოინგიდან“ 2006 წელს გადავიდა. მაშინ მას ცისფერი ოვალის კრიზისიდან გამოყვანა დაევალა. მიულალიმ სასწრაფოდ შეადგინა კომპანიის ოპერაციების გლობალიზაციის გეგმა. რეფრმების დროს, მკვეთრად შემცირდა ხარჯები, საწარმოო პროგრამაში კი ახალი, ეკონომიური ავტომობილები გამოჩნდა, მათ შორის, სუბკომპაქტური „ფიესტა“.
შარშან აქციების ვარდნა გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ გამოიწვია. თუმცა ეს დროებით მოვლენა იყო, რის შემდეგაც „ფორდის“ აქციებისფასი 16 პროცენტით გაიზარდა.
ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა, ვისი ინიციატივითაც მოიწვიეს მიულალი, სულ 14.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანაზღაურებაზე თითქმის 45 პროცენტით ნაკლებია. ამ თანხიდან 2 მილიონი ხელფასზე მოდის, 1.56 მილიონი ბონუსებზე და 10.9 მილიონი - სააქციო კაპიტალზე, სხვადასხვა ჯილდოებსა და კომპენსაციებზე.
მრავალმილიონიანი ანაზღაურება ამერიკული კომპანიის სხვა აღმასრულებლებმაც მიიღეს. კერძოდ, მთავარმა ფინანსურმა აღმასრულებელმა ლუის ბუტმა 7.7 მილიონი მიიღო, „ფორდის“ ამერიკული შტოს პრეზიდენტმა მარკ ფილდსმა 8.8 მილიონი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისა და აფრიკის ოპერაციების შეფმა ჯოზეფ ჰაინრიხსმა კი - 5.3 მილიონი.
შარშან „ფორდის“ ქსელურმა მოგებამ 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.2 მილიარდით მეტია და ყველაზე მეტი ბოლო ათწლეულში. ამასთან, კომპანიამ თავისი ვალები 13.5 მილიარდი დოლარით შეამცირა და თავისი აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა წელს განაახლა.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო მრეწველობაში, მიულალი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მმართველი გახდა. მასთან ამ მხრივ ყველაზე ახლოსაა „ფოლკსვაგენის“ მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი, ვისი გარჯაც გერმანულმა ჯგუფმა 17.5 მილიონი ევროთი (დაახლოებით 23.3 მილიონი დოლარი) დააფასა. „ფიატის“ შეფმა სერჯო მარკიონემ იტალიური კონცერნისგან 14.5 მილიონი ევრო მიიღო, „კრაისლერს“ კი, რომელში ასევე მთავარი აღმასრულებელია, მისთვის არაფერი გადაუხდია.
„ნისანის“ მტავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა იაპონური კომპანიისგან 982 მილიონი იენი (დაახლოებით 11.9 მილიონი დოლარი) მიიღო. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, რა ხელფასს გადაუხდის მას „რენო“, რომელსაც ასევე გონი უძღვება. აღსანიშნავია, რომ იაპონური საავტომობილო კომპანიების მთავარ აღმასრულებლებს შორის, გონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერია.
No comments:
Post a Comment