Bentley Boss Says Company Chose SUV over a Sports Car to Avoid Confrontation with Porsche’s 911
19 მარტი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ბენტლიმ“ საავტომობილო სამყარო ორჯერ გააოცა. პირველად მაშინ, როცა გვამცნო, რომ უგზოობის ავტომობილის წარმოება გადაწყვიტა. მეორედ კი ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე, როცა ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია (EXP 9F) გვიჩვენა. ეს ავტომობილი იმდენად უშნო გამოდგა, რომ ინგლისურმა კომპანიამ, მისი დიზაინის შეცვლა ჟენევურ პრემიერამდევე გადაწყვიტა.
ჟენევაშივე, გამოცემა „მოტორ ტრენდთან“ საუბრისას, „ბენტლის“ მტავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ უგზოობის EXP 9F-ს გარდა, კომპანიის დიზაინერებმა კიდევ სამი პროექტი შეიმუშავეს. მათგან ერთი სპორტული ავტომობილისა იყო, რომელიც „კონტინენტალ FT-ზე“ პატარა უნდა ყოფილიყო. დანარჩენ ორზე დურჰაიმერი არაფერს ამბობს.ის დასძენს, რომ დიზაინერებს ყველაზე მეტად სპორტული ავტომობილი მოსწონდათ. თურმე მისი მასშტაბური მოდელი, კომპანიის მთავარ დიზაინერ დირკ ვან ბრეკლეს კაბინეტს ამშვენებს. მაგრამ ინგლისური კომპანიის ხელმძღვანელობამ არჩევანი უგზოობის ავტომობილზე შეაჩერა და ამას პრაგმატული საფუძველი ჰქონდა. ამ არჩევანს დურჰაიმერი ასე განმავტავს: „საბოლოო ჯამში, უგზოობის ავტომობილი საუკეთესო ვარიანტი იყო. მას ბაზარზე კონკურენტი არ ეყოლება. სპორტულ ვარიანტს კი „პორშე 911-ის“ სახით, სერიოზული მეტოქე ჰყავს“.
„ბენტლი“ რომ დამოუკიდებელი კომპანია იყოს, ალბათ არჩევანი მაინც სპორტულ ავტომობილზე შეჩერდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ინგლისური კომპანიის ისტორიას უფრო შეეფერება. მაგრამ ის ხომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს „პორშესთან“. ეს უკანასკნელი ჯერ ვოლფსბურგული გიგანტის ოჯახის წევრი არაა, თუმცა ორივეს დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავლობა აკონტროლებს, რომელსაც შიდა კონკურენცია არ სჭირდება. მართალია, „პორშეც“ უშვებს უგზოობის „კაიენს“, მაგრამ „ბენტლის“ ამ კლასის მანქანა მაინც ულტრა ლუქსის კლასისა უნდა იყოს და „კაიენს“ მყიდველს ვერ აართმევს.
მოკლედ, ახლა ვან ბრეკლეს ბიჭებს EXP 9F-ს „გაადამიანურება“ მოუწევთ და მათი შრომის ნაყოფს ალბათ პარიზის მოტორ შოუზე ვნახავთ...
No comments:
Post a Comment