Pagani Huayra
19 მარტი
ასეთ ავტომობილებს მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. მეორეც, ძალიან ცოტა მზადდება. იმდენად ცოტა, რომ ხანდახან მისი ყიდვის მსურველებს თვეების განმავლობაში რიგში დგომა უწევთ. ისეც ხდება ხოლმე, რომ ავტომობილის წაროება დაწყებული არაა, მასზე კი რიგები მაინც დგება.
მაგალითად სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პაგანიმ“, თავის უახლეს სუპერ ავტომობილ „ჰუაირაზე“ 85 შეკვეთა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის საწარმოო პროგრამა სამწლიანი პერიოდი დაკავებულია. „პაგანი“ წელს მხოლოდ 25 ცალი „ჰუაირას“ აწყობას გეგმავს, მერმისს 40 ცალს დაამზადებს, დანარჩენს კი 2014 წელს.„ჰუაირას“ გარდა, „პაგანი“ ასევე აწარმოებს სატრეკო სუპერ ავტომობილ „ზონდა R-ს“, რომელიც 1.5 მილიონი ევრო ღირს. თავიდან იგეგმებოდა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ცალი დამზადებულიყო, მაგრამ დაინტერესებულ მყიდველთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ეს რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამასთან, კომპანიის დამაარსებელ ჰორაციო პაგანის ნათქვამი აქვს, რომ „ზონდას“ სხვა მოდიფიკაციების წარმოებასაც აპირებს. ოღონდ, მათ მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. სწორედ ასეთი ექსკლუზიური შეკვეთით დამზადდა „პაგანის“ ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური ავტომობილი „ზონდა 760RS“, რომელიც 760-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ „ჰუაირას“ აშშ-ში გაყიდვა აკრძალულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკელებმა ეს ავტომობილი მეტისმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს. არადა, ჰორაციო პაგანი ამერიკულ ბაზარზე დიდი იმედებს ამყარებს. აკრძალვის მიზეზი, სალონში ისეთი უსაფრთხოების ბალიშების არქონა გახდა, რომლებიც მგზავრის წონის შესაბამისი ძალით იხსნება. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკელებმა ამ მხრივ, ზოგიერთი მცირესერიული მწარმოებლისთვის (ფერარი, ბუგატი, ტესლა, ლამბორგინი, კიონიგსეგი, სპაიკერი) გამონაკლისი დაუშვეს, „პაგანი“ კი ამ სიაში არ შეიტანეს. ყველაფრის მიუხედავად, ჰორაციო პაგანი იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ მომავალი წლიდან, ამერიკაში „ჰუაირას“ გაყიდვის უფლებას მიიღებს. თუ ვიზას მისცემენ, „პაგანი“ სადილერო შოურუმებს კალიფორნიასა და ფლორიდაში გახსნის.
დაბოლოს, „ჰუაირას“ მონაცემების შესახებ: ავტომობილი აღჭურვილია AMG-ს წარმოების 6.0-ლიტრიანი V12 წყვილ ტურბოიანია ძრავით, რომელიც 700 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს დახმარებით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილი, რომელიც 1350 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.3 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ია.
No comments:
Post a Comment