McLaren won't chase world speed record
19 მარტი
მელბურნში, ფორმულა ერთის სეზონის პირველ რბოლაზე დასასწრებად ჩასულმა „მაკლარენის“ შეფმა რონ დენისმა, ავსტრალიურ გამოცემა „სიდნი მორნინგ ჰერალდთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ამჟამად წარმოებისთვის ერთდროულად ორ ავტომობილს ამზადებს. ამათგან ერთი ლეგენდარული F1-ის შთამომავალი იქნება, მეორე კი კომპაქტური და ხელმისაწვდომი კუპე, რომელიც კომპანიის გამაში MP4-12C-ს დაბლა დაიკავებს ადგილს.
დენისის თქმით, მისი კომპანიის ახალი ფლაგმანი არ იქნება F1-ვით სწრაფი (მაქს. სიჩქარე 391 კმ/სთ) ავტომობილი. ცნობილია, რომ ფორმულა ერთის მეორე ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბოს თანამფლობელს არ მოსწონს „ბუგატი ვეირონი“ და როგორც ჩანს, არ სურს, რომ მისი კომპანიის ახალი სიამაყე ამ ავტომობილს ედრებოდეს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებს სერიული ავტომობილების სიჩქარის რეკორდზე გამოკიდებას, რომელიც სწორედ „ვეირონის“ ვერსია „სუპერ სპორტს“ ეკუთვნის.
„ჩვენ მაქსიმალურ სიჩქარეზე ჩაციკლულები არ ვართ. ეს ის პარამეტრია, რაც საავტომობილო სამყარომ უნდა დაივიწყოს. სამაგიეროდ, გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ავტომობილი, მსოფლიოს ნებისმიერ ტრასას F1-ზე სწრაფად გაივლის“, - ამბობს დენისი და პირობას დებს, რომ მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე კარგად აღჭურვილ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც კონკურენციას „ლამბორგინის“, „ფერარის“ და „პორშეს“ ავტომობილებს გაუწევს.
„ამ ავტომობილს მხოლოდ 300-500 ცალს დავამზადებთ. რა თქმა უნდა, ის MP4-12C-ზე ძვირი ეღირება და იმედი გვაქვს, რომ თავისი დროის ყველაზე ინოვაციური და კრეატიული ავტომობილი გახდება“. ეს იქნება ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა“, - ამბობს დენისი და დასძენს, რომ ფლაგმანი კუპეც იმ 3.8-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავით აღიჭურვება, რომელსაც MP4-12C-ზე იყენებენ. თუმცა, აგრეგატის სიმძლავრე მნიშვნელოვნად (სავარაუდოდ, 800 ცხენის ძალამდე) გაიზრდება.
ორი ახალი ავტომობილი MP4-12C-სგან შასის მზიდ ელემენტსაც გაიზიარებს, რომელიც მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. სამაგიეროდ, ისინი გარეგნულად სრულიად განსხვავებული იქნება. დენისის თქმით, MP4-12C-ს გამიზნულად კონსერვატიული გარეგნობა მიანიჭეს, რაც ორ ახალ ავტომობილზე არ გამეორდება. ამ მხრივ, აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ ფლაგმანი კუპეს დიზაინერებს.
შეგახსენებთ, რომ „მაკლარენი“ ტავისი ფლაგმანის პირველ ჩვენებას მონტე კარლოში, ფორმულა ერთის ეტაპის დროს გეგმავს.
No comments:
Post a Comment