WCOTY Finalists Announced
7 მარტი
ჟენევის მოტორ შოუს გახსნის პირველი ღონისძიება, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის დასახელება გახდა. გამოფენის მეორე დღეს კი, კონკურსმა მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი, თავისი ოთხი კატეგორიის სამ-სამი ფინალისტი გამოაცხადა, რომელთა შორისაც გამარჯვებულებიც აპრილში, ნიუ იორკის მოტორ შოუზე დასახელდება.
მთავარი პრიზის სამეულში გავიდნენ: „ფოლკსვაგენის“ მინი ჰეჩბეკი Up!, „პორშე 911“ და მე-3 სერიის „ბეემვე“. მათ შორის საუკეთესოს, ჟიურიში შემავალი 66 საავტომობილო ჟურნალისტი აარჩევს. ისინი შეფასებებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით დაწერენ.
რაც შეეხება სხვა კატეგორიებს. ესენია: წლის საუკეთესო სპორტული ავტომობილი, წლის საუკეთესო „მწვანე“ ავტომობილი და წლის საუკეთესო დიზაინი. სპორტული ავტომობილების ფინალში გავიდნენ: „ლამბორგინი ავენტადორ LP 700-4“, „მაკლარენ MP4-12C“ და „პორშე 911“. ეკოლოგიურ კატეგორიაში ფინალისტები არიან: ელექტრული „ფორდ ფოკუსი“, „მერსედეს ბენც 250 CDI ბლიუეფისიენსი“ და ჰიბრიდული „პეჟო 3008“. რაც შეეხება დიზაინს, ამ კატეგორიაში გამარჯვების შანსს „ფოლკსვაგენ Up!“, „სიტროენ DS5“ და „რეინჯ როვერ ევოკი“ ინარჩუნებენ.
შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს წლის საუკეთესოს წოდება ელექტრომობილ „ნისან ლიფს“ ერგო, რომელსაც ფინალში მეტოქეებად „აუდი A8“ და მე-5 სერიის „ბეემვე“ ჰყავდა. სპორტულ ავტომობილებში „ფერარი 458 იტალია“ აღიარეს, „მწვანეებში“ ელექტრომობილი „შევროლე ვოლტი“, დიზაინის კატეგორიაში კი - ხუთკარიანი კუპე „ასტონ მარტინ რეპიდი“.
No comments:
Post a Comment