Thursday, May 17, 2012

მალდონადო მონაკოშიც გამარჯვებას აპირებს


New winner Maldonado looks for Monaco repeat
17 მაისი
ფორმულა ერთის წლევანდელი სეზონი იმით გამოირჩევა, რომ მის რბოლებში გამარჯვებული პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხუთი რბოლა, ხუთი გამარჯვებული პილოტი და ხუთიც გამარჯვებული გუნდი. ამათგან, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ყველაზე მოულოდნელი, პასტორ მალდონადოს დანახვა იყო. ნიკო როსბერგმაც კარიერაში პირველად მოიგო, ფერნანდო ალონსოს გამარჯვება კი მისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო...
ახლა პადოკში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ მონაკოში მეექვსე გამარჯვებულს ვიხილავთ. ყველაზე სოლიდური კანდადატები, ლუის ჰამილტონი და კიმი რაიკონენი არიან. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ამ სეზონის ტრადიცია დაირღვეს და ვინმემ მეორე გამარჯვება შესძლოს. ასეთთა შორისაა მალდონადო, რომელსაც ერთი მყარი არგუმენტი უმაგრებს ზურგს - ბარსელონაში ვინც იგებს, ის და მისი გუნდი ყველა სხვა ტრასაზეც ძლიერია!
არადა, ბარსელონას რბოლამდე, ზოგი საბუკმეკერო კომპანია, ვენესუელელი მრბოლის გამარჯვების შანსებს კატასტროფულად მიზერულად - 500:1-ზე აფასებდა. მაგრამ მონტმელოზე მან პოულიც მოიპოვა (მერე რა, რომ ჰამილტონის დისკვალიფიკაციის ხარჯზე) და გაიმარჯვა კიდეც. ანუ, კვალიფიკაციაზეც სწრაფი იყო. ამას კი მონაკოში დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ქალაქ-სახელმწიფოს ვიწრო ქუჩებში გასწრება ძალიან ძნელია და ვინც კვალიფიკაციას მოიგებს, რბოლაში გამარჯვების სერიოზული შანსიც ექნება.

ჩემპიონი „რედ ბულ რეისინგის“ სარბოლო მენეჯერი, დოქტორი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ თუ ბარსელონაში „უილიამსის“ გამარჯვება შემთხვევითი არ იყო, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მალდონადოს სახით, ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი გამოუჩნდა.
ესპანეთში გამარჯვებისთანავე, მალდონადო შინ გაემგზავრა, სადაც მეფური დახვედრა მოუწყეს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მონაკოშიც მოგებასაც ხომ არ უმიზნებო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ის, რომ იქაც კონკურენტუნარიანები ვიყოთო...

No comments:

Post a Comment